Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები იზრდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ეკონომიკური პრობლემების ძირითად მიზეზად ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა მიაჩნიათ; თავის მხრივ, არალეგალურ ბიზნესს საკანონმდებლო ბაზის მოუწესრიგებლობა,

კორუფციის მაღალი დონე და გაუარესებული ბიზნესგარემო ახალისებს.

ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბი საქართველოში უკვე საშიშ ზღვარს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ლეგალური ბიზნესი არ ექვემდებარება არანაირ აღრიცხვას, დამოუკიდებელი ექსპერტები მის მასშტაბებს მთელი ეკონომიკის დაახლოებით 50 პროცენტზე მეტად აფასებენ. გარდა ამისა, თვით ის სამეურნეო სუბიექტებიც კი, რომლებიც სრულიად ლეგალურად ფუნქციონირებენ, თავს არიდებენ გადასახადის გადახდას. თითქმის ყველა ფირმასა და კომპანიაში არსებობს ”თეთრი” და ”შავი” ბუღალტერია, რაც იმის მომასწავებელია, რომ ბიუჯეტისათვის განკუთვნილი სახსრები სულ სხვა მიმართულებით წარიმართება და, როგორც წესი, ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება.

ოფიციალური სტატისტიკა არალეგალურ ბიზნესზე გაცილებით მოკრძალებული წარმოდგენისაა. სტატისტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჩრდილოვან სექტორში ეკონომიკის მხოლოდ 33% იმყოფება. საგულისხმოა, რომ შემოსავლების დამალვის ტენდენცია წლიდან წლამდე იზრდება. თუ 1996 წელს ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობას 27%-ის დონეზე აფასებდნენ, 2001 წელს ამ ციფრმა უკვე 33%-ს მიაღწია. ასეთია სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
გამოკვლევის შედეგად, გამოვლინდა ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ცალკეულ სფეროებში. მაგალითად, სამრეწველო სექტორში ჩრდილოვანი ეკონომიკის პროცენტი 40%-ს აღემატა, მშენებლობაში - 55%-ს, ტრანსპორტში - 34%-ს, ვაჭრობაში - 56%-ს, სასტუმროს ბიზნესსა და რესტორნებში - 65%-ს, კავშირგაბმულობაში - 17%-ს.
განათლების სფეროში კომერციული დაწესებულებების შემოსავლების ფაქტიური მაჩვენებლები ორჯერ აღემატება დეკლარირებულ მაჩვენებლებს, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებისა - ოთხჯერ. არასახარბიელო სიტუაციაა ნავთობპროდუქტების რეალიზაციის სფეროშიც.
დეპარტამენტის სპეციალისტთა აზრით, ჩრდილოვანი ეკონომიკის ასეთი მაღალი პროცენტის მიზეზია კორუფცია და მაღალი საგადასახადო განაკვეთები.

სახელმწიფო, ფაქტობრივად, ვერაფერს აკეთებს ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შესამცირებლად. მართალია, დიდი ხანია მიდის საუბარი საგადასახადო კოდექსში პრინციპული ცვლილებების გასატარებლად, მაგრამ, პრაქტიკულად, ამ მიმართულებით არაფერი კეთდება, უფრო პირიქით, ხშირად საგადასახო კოდექსში ცვლილებები სწორედ ბიზნესის შეზღუდვას და ფისკალური პროცესების გართულებას ემსახურება. შედეგად, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი კიდევ უფრო იზრდება და ბიუჯეტიც სერიოზულ თანხებს კარგავს.
XS
SM
MD
LG