Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძმობა-ერთობა ”საბჭოურად”, ან მუდმივი ქიშპობა - ასეთი ალტერნატივა შექმნა რუსეთში საბჭოური პერიოდისადმი გაუნელებელმა ნოსტალგიამ


დროთა განმავლობაში ცხადი ხდება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ ყველაზე მეტი პრობლემა 15 რესპუბლიკას შორის რუსეთს მოუტანა, რადგან მას დარჩა სხვების მართვის ძველებური სურვილი,

ბერკეტები კი მოუძველდა. თუკი ბევრი პოლიტიკოსი თვლის, რომ რუსეთთან კონფრონტაცია საქართველოსთვის დამღუპველია, ასევე უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის დამღუპველია მუდმივი კონფრონტაცია მის მცირე მეზობლებთან. დამღუპველია პირველ რიგში მორალური თვალსაზრისით, რაც ბევრს დღევანდელი მოვლენების ფონზე შეიძლება სრულიად არაარსებითად მოეჩვენოს, მაგრამ არსებითი იყოს თავად რუსეთისთვის.

არც ერთი ქვეყნის მოსახლეობას რეალურად არ სურს, რომ მისმა ქვეყანამ აწარმოოს ომი, რადგან არავის უნდა, რომ მის ახლობელს რაიმე შეემთხვეს. თუმცა, ძალიან ბევრი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობაში არსებობს საკმაოდ კონკრეტული მტრის სახე, რომლის წინააღმდეგაც ომს ის გამართლებულად მიიჩნევს. ეს სახე, ანუ ”მტრის ხატი” იქმნება იმათ მიერ, ვინც ამა თუ იმ გზით მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში: დაწყებული ხელისუფლებიდან, დამთავრებული კულტურის მოღვაწეებით.

მტრის ხატის არსებობა ძალიან კომფორტულია ხელისუფლებისთვის, რადგან ნებისმიერი მარცხი მას ყოველთვის შეუძლია გადააბრალოს ყველასთვის ცნობილ მტერს. სამწუხაროა, მაგრამ საბოლოოდ ისე ხდება ხოლმე, რომ მოსახლეობასაც ურჩევნია საკუთარი პრობლემები ბევრი განსჯა-განხილვის გარეშე ”მტერს” აჰკიდოს.

რა ფილოსოფიას ეყრდნობა ბოლო დროს საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებით გაძლიერებული პროპაგანდა? ისევ და ისევ საბჭოთა დროის, ანუ მმართველი რუსეთის ნოსტალგიას, რაც სამწუხაროდ არ არის მხოლოდ სახელისუფლებო წრეებისთვის პოპულარული იდეა. პროპაგანდა რამდენიმე მთავარი ხაზისგან შედგება: პირველი - საქართველო არათუ აღარ ექვემდებარება რუსეთს, მან სტრატეგიულ პარტნიორად შეერთებული შტატებიც კი აირჩია; მეორე - საქართველოზე გაივლის დიდი ნავთობსადენი, რომელიც რუსეთს აზარალებს; მესამე - საქართველოდან რუსეთის ტერიტორიას ემუქრებიან. რადგან ხელისუფლება სისტემატურად წამოსწევს აღნიშნულ საკითხებს, მოსახლეობაში, რომლის უდიდესი ნაწილიც მწვავე სოციალური პრობლემებით არის გარემოცული, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი უბედურების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოც არის. არარუსი, კერძოდ კი კავკასიელი ეროვნების პირების მიმართ რუსი მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილო გამოთქმები მოსკოვის ქუჩებში, სრულიად ბუნებრივი შედეგია სისტემური პროპაგანდისა, რომელსაც სათავეში უკვე არა ცალკეული პოლიტიკოსები, არამედ თავად პრეზიდენტი უდგას.

მართალია, რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერის ვლადიმირ ჟირინოვსკის საუბრის, რბილად რომ ითქვას, თავისუფალი მანერა უკვე მის ზოგიერთ კოლეგა-დეპუტატსაც აძრწუნებს, მაგრამ ამით მისი პოპულარობა არ ილახება და არც მის ღია, თუ ფარულ მხარდამჭერთა რიცხვი მცირდება რუსეთში. ამის დასტური იყო ისიც, რომ ჟირინოვსკის დუმის ვიცე-სპიკერად ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხის 19 სექტემბერს დაგეგმილი განხილვა, რომელიც დღის წესრიგში მის მიერ საქართველოს შესახებ ტელევიზიის ერთ-ერთი არხით მოუზომავი ფრაზის წარმოთქმის გამო წამოიჭრა, გაურკვეველი მიზეზით გაუქმდა. მიუხედავად მორიგი ფრაზის ულოგიკობისა, მასში არის ის მარცვალი, რომელიც ზიზღის დათესვისთვის არის გამიზნული და რომელიც ნაწილია თანამედროვე რუსული ზღაპრისა. კერძოდ, ჟირინოვსკი აცხადებს:

[ჟირინოვსკის ხმა]
”შევარდნაძემ უნდა გაიგოს: თუკი ის ხელს უწყობდა საბჭოთა კავშირის დანაწევრებას ეთნიკური პრინციპით, რატომ არ სურს მას, რომ საქართველოც დაანაწევრონ ეთნიკური ნიშნით და იქნებოდა შვიდი დამოუკიდებელი, ცალკე სახელმწიფო: აჭარის რესპუბლიკა, აფხაზეთი, ოსეთი, სამხრეთი ჩეჩნეთი, სამეგრელო. რატომ არ სურს მას ეს? რატომ შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის დანაწევრება 15 ნაწილად, საქართველოსი კი - შვიდად - რატომღაც არ შეიძლება. გამოდის, რომ ქართველები პირველი ხარისხის არიან, რუსები კი მეორე ხარისხის.”

ეროვნებათა მიხედვით დახარისხების იდეაში ორიგინალური არაფერია, სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა ის, რომ ეროვნებათა პრიორიტიზაციის იდეა, სამწუხაროდ, ძალიან იოლად ხდება ხოლმე პოპულარული და ამას არასდროს მოუტანია დადებითი შედეგი. და მეორე, თუკი რუსეთის ხელისუფლება დღეს ასე აბუქებს საქართველოს როლს მისი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე, ესე იგი მას სერიოზული პრობლემები აქვს და მომდევნო ნაბიჯებიც შეიძლება ისევე არაადეკვატური იყოს, როგორც დღევანდელი ბრალდებები და მუქარა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG