Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა პანკისში ეუთოსა და რუსეთის დამკვირვებლებს ეპატიჟება


პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყებიდან ერთი თვის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც თავის დროზე უარი უთხრა რუსეთს ერთობლივი ანტიტერორისტული

ოპერაციის ჩატარებაზე, ჩრდილოელი მეზობლის გულის მოსალბობად, თანხმობა განაცხადა პანკისის ხეობაში უიარაღო რუსი დამკვირვებლების მოწვევის თაობაზე. შემდგომ ეს თემა კიდევ უფრო გაფართოვდა და თბილისი ორი დღის წინ პანკისის ხეობაში ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების მიღებაზეც ალაპარაკდა. პანკისის ხეობის პრობლემის ინტერნაციონალიზაციით დაინტერესებულია თავად ხეობის მოსახლეობა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა სოციალური პრობლემების მოგვარებასაც შეუწყობს ხელს.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულმა მხარდაჭერამ აშკარად ფრთები შეასხა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც არა მხოლოდ მზად არის ნება დართოს საერთაშორისო და, მათ შორის, რუს დამკვირვებლებს ჩაატარონ მონიტორინგი პანკისის ხეობაში, არამედ ასეთ ნაბიჯს აუცილებლადაც მიიჩნევს. როგორც შინაგანი ჯარების სარდალმა გიორგი შერვაშიძემ სააგენტო "კავკას პრესს" განუცხადა, საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება უზრუნველყოფდა ხელსაყრელ ფონს ამ რეგიონში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩასატარებლად და შესაძლებელს გახდიდა დეზინფორმაციის თავიდან აცილებას.

"ორმხრივ ფორმატში" მონიტორინგის განხორციელების თაობაზე განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმაც გააკეთა, თუმცა საგარეო უწყების თავკაცი აზუსტებს, რომ საუბარია ექსპერტთა ჯგუფზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ეგიდით. ხოლო რუსეთს, როგორც ეუთოს წევრს, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ამ მონიტორინგში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს ინიციატივა 26 სექტემბერს ოფიციალურად განცხადდა ეუთოს მუდმივ საბჭოში, თუმცა, როგორც საქართველოში ამ ორგანიზაციის პრესატაშემ ფოლკერ იოკუბმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას საკმაოდ დიდი პროცედურის გავლა დასჭირდება. თუმცა ტექნიკურად ასეთი მისიის შესრულებას პანკისის ხეობაში იგი სრულიად შესაძლებლად მიიჩნევს.

[ფოლკერ იოკუბის ხმა] "ვინაიდან ეუთოს მისია საქართველოში მთელი ორგანიზაციის სახელით მოქმედებს, ბუნებრივია, ნებისმიერი მისიის განხორციელებას სჭირდება ეუთოს ორმოცდაათივე წევრი ქვეყნის თანხმობა. შესაბამისი მანდატის არსებობის შემთხვევაში, ეუთოს საქართველოს წარმომადგენლობა ყველაფერს გააკეთებს ასეთი ამოცანის შესასრულებლად."

საქართველოს ხელისუფლების ამ ინიციატივაზე ჯერჯერობით არავითარი რეაგირება არ გაუკეთებია რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ერთობლივი რუსულ-ქართული კომისიის შესახებ მიღებულ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერმა ზურაბ ჟვანიამ და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი რაგოზინმა სტრასბურგში მიაღწიეს.

სამაგიეროდ, რუსი სამხედრო დამკვირვებლების მოწვევის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას დადებითად შეხვდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში დამოუკიდებელ გაზეთ "იზვესტიას" კორესპონდენტმა ელენა ლორიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა პანკისის ხეობაში, საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.

[ელენა ლორიას ხმა] "მე ვფიქრობ, რომ ეს არის შემხვედრი ნაბიჯი რუსეთისადმი. ვინაიდან, გასაგებია, რომე ეს პრობლემა პირველ ყოვლისა რუსეთს შეეხება და არა მხოლოდ საქართველოს. დიახ, "ბოევიკები" თავდაპირველად საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან შევიდნენ, მაგრამ დღეს უკვე ინგუშეთის ტერიტორიაზე ისინი საქართველოს მხრიდან შეიჭრნენ. ასე რომ, ვერც რუსეთი და ვერც საქართველო ამ პრობლემას ცალ-ცალკე ვერ გადაწყვეტენ. დაე პირველი ნაბიჯი იყოს დამკვირვებლები, მერე კი შეიძლება მოილაპარაკონ რაღაც ძალისმიერ თანამშრომლობაზე, ვთქვათ, უშიშროების სამსახურების ხაზით, რადგან იქ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას აზრი არა აქვს."

აღსანიშნავია, რომ რეგიონში საერთაშორისო სამხედრო დამკვირვებლების ჩასვლას დადებითად აფასებს თავად ხეობის მოსახლეობაც, რომელიც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობას უსაფრთხოების მყარ გარანტად მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG