Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი პანკისის ხეობის პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთს და საქართველოს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი კვირის ბოლოს ვაშინგტონიდან, პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი განცხადება გაისმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი

რიჩარდ ბაუჩერი პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, რათა საქართველომ თავად შეძლოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვა. მან “ მოქმედების საუკეთესო ვარიანტად” შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაცია და დასძინა, რომ პრეზიდენტი ბუში პანკისის ხეობის პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს სთავაზობს “ თანადგომას ორმხრივ და, ასევე, სამმხრივ საფუძველზე.” რა უშლის ხელს პანკისის პრობლემის საბოლოო მოგვარებას?

საქართველოში თუ საქართველოს გარეთ გამოთქმული სკეპტიკური შეფასებების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულმა ანტიკრიმინალურმა ოპერაციამ თავისი ძირითადი ამოცანა შეასრულა: პანკისში ჩეჩენი მებრძოლები აღარ იმყოფებიან. ამას არამხოლოდ საქართველოს სამართალდამცავი სამინისტროების პირველი პირები აცხადებენ. რუსეთის მხარე ადასტურებს, რომ ჩეჩენმა ბოევიკებმა პანკისის ხეობა დატოვეს და რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ. იჩკერიის პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროების მიერ გავრცელებული ცნობებით, რუსლან გელაევმა საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ 10 სექტემბერს დატოვა და უკვე ჩეჩნეთში იმყოფება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გელაევი უკვე შეხვდა იჩკერიის პრეზიდენტს ასლან მასხადოვს და რუსი ფედერალების წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლაზეც დასთანხმდა. რაც შეეხება მეორე რაზმს, რომელსაც აბუ-მალიქი ხელმძღვანელობს, ასევე ჩეჩნური წყაროების ცნობით, ინგუშეთის სოფელ გალაშკისთან გამართული შეტაკებებისას მიღებული მცირე დანაკარგების მიუხედავად, ეს რაზმიც უკვე ჩეჩნეთშია და იქ ელის ბრძანებას მომავალი მოქმედებების შესახებ.
მოკლედ, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ბრალდებების წასაყენებლად თეორიული შანსიც არ დარჩა: ჩეჩენი მებრძოლები ნამდვილად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათი ლიკვიდაციისთვის რუსეთის ხელისუფლებას სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს, წინააღმდეგ პრევენტიული დარტყმების განხორციელება ნამდვილად არ დასჭირდება.
სხვა საკითხია, ბოლომდე მოგვარდა თუ არა პანკისის პრობლემა. სამწუხაროდ, ასეთი ოპტიმიზმის საფუძველი არ იარსებებს მანამ, სანამ ჩეჩნეთში საომარი მოქმედებები გრძელდება. ისევ და ისევ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის სირთულის გამო, ამ ეტაპზე წარმოუდგენლად გამოიყურება საზღვრის საიმედოდ ჩაკეტვის შესაძლებლობა. მართალია, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, საზღვრის ჩაკეტვაზე უკვე ბუნება იზრუნებს – თოვლის პირობებში საზღრის გადმოლახავა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მაგრამ, მთლიანობაში, ეს იქნება მხოლოდ პრობლემის დროში გაწელვა და არა მისი მოგვარება. გარდა ამისა, ჩეჩენ მებრძოლთა “საქმიანობის” არეალის გაფართოების გათვალისწინებით, – ამ კვირაში ჩეჩენი მებრძოლები, ინგუშეთის გარდა, აქტიურობდნენ დაღესტანშიც, – დიდია შანსი, რომ სულ მალე საქართველოს უსაფრთხოებას პრობლემა რუსეთ-საქართველოს მთელი სახელმწიფო საზღვრიდან შეექმნება.
XS
SM
MD
LG