Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აისახება სამართალდამცავი სტურქტურების რეფორმა ადამიანის უფლებებზე


სოზარ სუბელიანი, თბილისი ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად წარედგინა სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების რეფორმის კომისიის მიერ შემუშავებული კონცეფცია.

კონცეფციის ავტორთა აზრით, მასში ჩამოყალიბებული პრინციპების განხორციელება, ერთი მხრივ, უფრო ეფექტურს გახდის სამართალდამცავი სტრუქტურების მოღვაწეობას, მეორე მხრივ კი, გააუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას.

ერთ-ერთი მახასიათებელი, რასაც, კონფეფციის თანახმად, ახალი სამართალდამცავი სისტემა უნდა დაეფუძნოს, მოკვლევისა და გამოძიების გაერთიანებაა. კომისიის ხელმძღვანელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება, ერთი მხრივ, უფრო სწრაფს, ეფექტურსა და იაფს გახდის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, მეორე მხრივ კი, გაზრდის ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს: [ლადო ჭანტურიას ხმა] “ჩვენ უარს ვამბობთ მოკვლევისა და გამოძიების იმ საბჭოურ სისტემაზე, რომელიც იყო საკმაოდ რთული, მოუქნელი, არაეფექტური და, მთლიანობაში, სამწუხაროდ, არ წარმოადგენდა დამნაშავეობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის საშუალებას. ახალი კონცეფციის მიხედვით, მოკვლევა და გამოძიება ერთიანდება, ეს არის ერთი პროცესი და მას განახორციელებს ერთი პირი – გამომძიებელი. ფიგურა, რომელიც გამოძიებას განახორციელებს, უზრუნველყოფილია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებით, ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობით, მაგრამ, როცა საკითხი დადგება პირის უფლებების შელახვაზე, ანუ მისი დაკავების, მის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე, მაშინ უკვე ჩაერთვება დამატებითი გარანტიები. კერძოდ, ის ვადები დაკავებისა, რომლებიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, ხელუხლებელი რჩება, მაგრამ კონცეფცია უარს ამბობს ეჭვმიტანილის სტატუსზე და იმ მომენტიდან, როცა გამოძიება დაიწყება კონკრეტული პირის მიმართ, ის იძენს ბრალდებულის სტატუსს, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს დაცვის უფლება და მას აუცილებლად უნდა განემარტოს მისი უფლებების შესახებ, რამაც მნიშვნელოვანი გარანტიები უნდა შექმნას ადამიანის უფლებების დასაცავად.” [სტილი დაცულია]

კომისიის წევრი, იურისტი დავით უსუფაშვილი ამგვარი კატეგორიული მტკიცებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ეჭვმიტანილის სტატუსის თავიდანვე ბრალდებულის სტატუსით შეცვლა დაკავებულის უფლებების ავტომატურად გაუმჯობესებას სრულებით არ ნიშნავს. მაგალითად, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაკავებულ პირს 12 საათის განმავლობაში არავითარ სტატუსს არ ანიჭებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება კონსტიტუციით გარანტირებული ისეთი უფლებების ამოქმედება, როგორიცაა დაკავების ვადები ან ადვოკატის ყოლის უფლება. [დავით უსუფაშვილის ხმა] “იდეაში კონსტიტუციაც არ იცნობდა ამ 12 საათს, მაგრამ საპროცესო კოდექსში არსებული შეუსაბამობებით, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად განზრახ იყო იქ ჩადებული, შემდგომში ეს პრობლემა გამოიკვეთა. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს არ იარსებებს, რადგან თავისთავად ეჭვმიტანილის სტატუსის გაუქმება მაგ პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს, რადგან შეუძლიათ თქვან, რომ ბრალდებულიც ასეთივე წარმატებით შეიძლება 12 საათი სადღაც იყოს, სანამ დოკუმენტებს მოამზადებენ და მოემზადებიან მის დასაკითხად და ასე შემდეგ. თავისთავად ეს საკითხი – ეჭვმიტანილის სტატუსის გაუქმება – მარტივი თემა არ არის, რადგან შეიძლება შინაარსობრივად უფრო გამოვიდეს, რომ ბრალდებულის სტატუსი გაუქმდეს და ეჭვმიტანილის დარჩეს. ანუ ბრალდების სრული მოცულობით წარდგენა და მისი მტკიცებულებით გამაგრება მოხდეს სასამართლოს სხდომაზე, უკვე სასამართლო პროცესის დროს და მანამდე პირის დასაკავებლად საკმარისი იყოს ის ეჭვი, რომელიც ამ პირის მიმართ არსებობს, ოღონდ იმ პირობით, რომ მას ის უფლებები ექნება, რაც ბრალდებულს ჰქონდა. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ცალსახად არ ნიშნავს, რომ გაუმჯობესებას მოასწავებს.” [სტილი დაცულია]

მეტიც, სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელთა მოთხოვნების გათვალისწინება ადამიანის უფლებების დაცვის გაუარესებას გამოიწვევდა. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვდა, რომ გაზრდილიყო წინასწარი დაკავებისა და დაკავებული პირისთვის ბრალის წარდგენის კონსტიტუციური ვადები. შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის აზრით, 72 საათიანი წინასწარი დაკავების ვადა 10 დღემდე უნდა გაზრდილიყო, რადგან, მისი აზრით, დღევანდელი საპროცესო კანონმდებლობა დამნაშავეობასთან ეფექტურ მუშაობას ართულებს. დავით უსუფაშვილის თქმით, ახალმა კონცეფციამ ამგვარ მცდელობებს ზღვარი დაუდო და, ამ მხრივ, თუ ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ვერა, არსებული სტანდარტების შენარჩუნებას მაინც შეუწყო ხელი: [დავით უსუფაშვილის ხმა] “მოგეხსენებათ, ძალიან გახშირებული საუბრები იყო იმის შესახებ, რომ კონსტიტუციით დადგენილი ვადები – 48 საათი, 72 საათი და ასე შემდეგ – შეუძლებელს ხდის სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას და იყო მოწოდებები ამ ვადების გაუქმებისკენ ან გაზრდისკენ და ასე შემდეგ. კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ცალსახად არის ნათქვამი, რომ ეს არ მოხდება და არ უნდა მოხდეს, ანუ, გარკვეულწილად, პრევენტიული დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ დოკუმენტს გაუარესების თავიდან ასაცილებლად.” [სტილი დაცულია]

თუ გავითვალისწინებთ, რომ დაკავებულთა უფლებების დარღვევა, მათი წამება და აღიარებითი ჩვენებების გამოძალვა ან ამ 72 საათის განმავლობაში ხდება, ან ამ ვადის დარღვევის ხარჯზე, ცხადი გახდება, რომ ვადების გადახედვა მკვეთრად გაზრდის დაკავებულთა უფლებების დარღვევას და ვერ გააუმჯობესებს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას. როცა დანაშაულის გახსნის სტატისტიკა დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენებით იზრდება, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ერთ დანაშაულში ეჭვმიტანილ პიროვნებას, გავრცელებული სლენგით რომ ვთქვათ, მრავალ გაუხსნელ დანაშაულს “აჰკიდებენ”, რეალური დამნაშავეები კი დაუსჯელნი დარჩებიან.

ახალი კონცეფციის თანახმად, გარდა იმისა, რომ უცვლელი დარჩა კონსტიტუციური ვადა, შემცირდება ის ვადები, რაც დაწესებული იყო სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში წარმართვამდე, სამაგიეროდ, გაიზრდება სასამართლო გამოძიების როლი და მნიშვნელობა: [დავით უსუფაშვილის ხმა] “სასამართლოში საქმე წავა უფრო სწრაფად. ბრალდება არ იქნება ვალდებული, სრული მოცულობით დაასრულოს თავისი საბრალდებო დასკვნა, რომელიც ხშირად ათეულობით და ასეულობით გვერდს მოიცავს, და ასე წარადგინოს საქმე სასამართლოში. უხეშად რომ ვთქვათ, დღევანდელი გამოძიების სადღაც შუაწელშივე, მაშინ, როდესაც რამდენიმე ძირითადი მტკიცებულება უკვე მოპოვებულია და არსებობს იმის ვარაუდი და იმედი, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეების დაკითხვით, ექსპერტიზის ჩატარებითა და ასე შემდეგ, სხვა დამატებითი მტკიცებულებები გამოჩნდება, ამ ეტაპზევე საქმე წავიდეს სასამართლოში. ანუ გამოძიების დასკვნითი ეტაპი, რომელიც დღეს ხორციელდებოდა სამართალდამცავი სისტემის შიგნით და, შესაბამისად, დახურული იყო და იქ შეჯიბრებითობა გამორიცხული იყო, ეს მოხდება უშუალოდ სასამართლო პროცესზე. ვთქვათ, მოწმეების წარმოდგენა და დაკითხვა მოხდება უშუალოდ სასამართლო პროცესზე. მანამდე შეიძლება საქმეში იყოს ამ პოტენციურ მოწმესთან არსებული გასაუბრების დოკუმენტები, რომელთაც მტკიცებულების ძალა ჯერ არა აქვს და იგი ამას შეიძენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სასამართლოზე დადასტურდება. აი, ამ თვალსაზრისით გამარტივდება გამოძიება.” [სტილი დაცულია]

კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ თუ პრეზიდენტის პოლიტიკური ნება იქნება, რეფორმების დაწყება უკვე ამ ეტაპზეც შესაძლებელია, ხოლო რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის რეალურ გარანტიებს, მათი ჩამოყალიბება დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პრინციპებზე აიგება სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი.
XS
SM
MD
LG