Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი დათმობა კიშინიოვის სამიტის წინ. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მხარეს აგვისტოში დაკავებული ჩეჩნებიდან 5 უკვე გადასცა


4 ოქტომბერს, გამთენიისას, ორთაჭალის საგამოძიებო იზოლატორში არეულობა იყო. იუსტიციის სამინისტროს სპეცწარმომადგენლებს, რომლებმაც იზოლატორს იქ მყოფი 13 ჩეჩენიდან 5-ის გამოსაყვანად მიაკითხეს,

წინააღმდეგობა, ჩეჩნებთან ერთად, ქართველმა პატიმრებმაც გაუწიეს. წინააღმდეგობა მალევე დაიძლია და აგვისტოს დასაწყისში საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებული 5 ჩეჩენი რუსეთის მხარეს გადაეცა. ეს ფაქტი თბილისში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა და ქართველმა ადამიანის უფლებათა დამცველებმა გააპროტესტეს. ჩეჩნების ექსტრადიციის დაწყება კიშინიოვის სამიტის წინ მოხდა და ამიტომ, 4 ოქტომბრის ფაქტმა პოლიტიკური დატვირთვაც შეიძინა. პოლიტიკოსთა ნაწილმა 5 ჩეჩენის ექსტრადიცია რუსეთის წინაშე საქართველოს ხელისუფლების სამომავლო სერიოზული დათმობების მომასწავებლად აღიქვა.


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე დასასწრებად ედუარდ შევარდნაძე კიშინიოვში 6 ოქტომბერს ჩავა. ამ ვიზიტს ძალზედ სერიოზულ დატვირთვას ანიჭებს საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა. რამდენად სურს ვლადიმირ პუტინს საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგება, სწორედ ამ შეხვედრაზე გამოიკვეთება, მანამდე კი საქართველოს ხელისუფლება შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ ტერორიზმთან ბრძოლისთვის მზაობას ცარიელი სიტყვებით არ გამოხატავს. პრეზიდენტი შევარდნაძე კიშინიოვში პანკისის სპეცოპერაციის შედეგებით ზურგგამაგრებული ჩავა
და პასუხი საქართველოში დაკავებული ჩეჩენი მებრძოლების რუსეთში ექსტრადიციის მოთხოვნაზეც ექნება. აგვისტოს დასაწყისში საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის
დაკავებულ ჩეჩენთაგან რუსეთის გზას 5 უკვე გაუყენეს.

“როგორც ჩანს, დაკავებულ ჩეჩნებს შორის სწორედ ამ ხუთი პიროვნების მამხილებელი მასალები ჩაითვალა საფუძვლიანად,”- გვითხრა 4 ოქტომბრის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოში იჩქერიის წარმომადგენელმა ხიზრი ალდამოვა და ნათქვამს დასძინა, რომ რუსმა და ქართველმა პროკურორებმა საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს.
ჩეჩნების ექსტრადიციას ალდამოვიც და თავად ჩეჩნების ადვოკატებიც უკანონოდ მიიჩნევენ.
ალდამოვი ირწმუნება, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ საქართველოში გამოგზავნილი სქელტანიანი საბრალდებო მასალა შეთითხნილია და სიცრუეა; ადვოკატები კი იმის გამოც ჩივიან, რომ დაკავებულების ექსტრადიცია მათ დაუსწრებლად მოხდა.
შეგახსენებთ, რუსეთის მხარე საქართველოში დაკავებულ ჩეჩნებს რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილოებასა და რუსი სამხედროებისა და პოლიციელების მკვლელობაში ადანაშაულებს. დაკავებულები აღნიშნულ დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდნენ. თბილისის საგამოძიებო იზოლატორიდან მათი გამოყვანის გამო, საპროტესტო აქციები მოეწყო თბილისშიც და პანკისის ხეობაშიც. საგამოძიებო იზოლატორში გამთენიისას მომხდარი ინციდენტის დეტალებში გასარკვევად ადამიანის უფლებათა დამცველები იზოლატორში მხოლოდ მას შემდეგ შეუშვებს, რაც საქმეში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რუსუდან ბერიძე ჩარიეს. და კიდევ, მთელი იმ აურზაურის თაობაზე, რაც 5 ჩეჩენის ექსტრადიციას მოჰყვა, კომენტარისგან თავს იკავებდნენ გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები.
რა გარანტიებიც არ უნდა მიეღოთ რუსეთისგან, ცხადია, რომ ჩეჩნებს რუსეთის საპყრობილეში მძიმე მომავალი ელოდებათ. რუსეთის მხარისთვის მათი გადაცემა ორი მოტივით გააპროტესტა დეპუტატმა ელენე თევდორაძემ. პირველი ადამიანური მოტივია, მეორე - პოლიტიკური. ელენე თევდორაძე ფიქრობს, რომ 4 ოქტომბერს რუსეთთან ახალი დათმობები დაიწყო:

“ნახეთ, როდის ხდება ეს. გუშინ შემეკითხნენ: “როგორ ფიქრობთ, როგორ ჩამოვა პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრის შემდეგო? დარწმუნებული ვარ, ყველაფერს დათმობს ჩვენი პრეზიდენტი იქ.”

ვნახოთ. პრეზიდენტის პრესმდივანი კახა იმნაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტების შეხვედრა, გარკვეულწილად, განმუხტავს რუსეთისა და საქართველოს დაძაბულ ურთიერთობას.
XS
SM
MD
LG