Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი მზადაა დამოუკიდებელს სახელმწიფოთა სამიტისთვის


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის მასპინძლის, მოლდავეთის ოფიციალური პირების განხადებით, კიშინიოვში ყველაფერი მზადაა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ,

რომ თავად მოლდავეთისთვის ამ სამიტზე უმთავრესი მიზანია, მიღწეულ იქნეს შეთანხმება საერთო ეკონომიკური და კომერციული სივრცის შექმნის თაობაზე. რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს კიშინიოვის შეხვედრა?

მოლდავეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სამიტის მზადების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა უსაფრთხოების ზომებს. პოლიცია გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე. მოსახლეობას დროებით ჩამოერთვა ცეცხლსასროლი იარაღი. სამიტის მონაწილეთა კორტეჟების მარშრუტის გასწვრივ აიკრძალა ფანჯრებიდან ყურება. გზებზე პოლიციის გაძლიერებულ კორდონებს დააყენებენ. ქალაქის მუნიციპლიტეტმა გამოაცხადა, რომ სამიტის დღეებში ქალაქის სასტუმროებში, რომლებშიც სამიტის სტუმრები დაბინავდებიან, იქნება ცხელი წყალი.

6 ოქტომბერს გაიმართება სამიტის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. 7-ში დილას მთავრობის მეთაურები შეხვდებიან ერთმანეთს, ამის შემდეგ კი – სახელმწიფოს მეთაურები. შემდეგ სამიტის მონაწილენი მოლდოვის პრეზიდენტ ვორონინის მიწვევით გაემგზავრებიან კიშინიოვის მახლობლად მდებარე ღვინის ქარხანაში. სხვათა შორის, აქ დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაბადების დღის აღნიშვნა. მას 50 წელი უსრულდება.
მაგრამ რას მოელიან სამიტისგან სხვა ლიდერები?

[ეფტოდის ხმა] ”კიშინიოვში პოლიტიკური მიმომხილველების უმრავლესობას მიაჩნია, რომ სამიტზე მთელი რიგი უთანხმოება იჩენს თავს, რაც უკანასკნელ ხანებში შეინიშნება თანამეგობრობაში. ბაქოსა და ერევანს შორის, უკრაინის შიგნით არსებული პრობლემები, დაპირისპირება პუტინსა და ლუკაშენკოს შორის. მაგრამ ყველაზე მეტი უთანხმოებაა რუსეთსა და საქართველოს შორის პანკისის ხეობის გარშემო”. ეს გახლდათ ჩვენი რადიოს კიშინიოვის ბიუროს ხელმძღვანელი ალექსანდრუ ეფტოდი.

ვარაუდობენ, რომ სამიტი მნიშვნელოვანი იქნება პირველ რიგში იმით, რომ გაიმართება ორმხრივი შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურთა შორის. ასეთი შეხვედრა ნავარაუდევია პუტინსა და შევარდნაძეს შორისაც. როგორც მოლდავეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თამჯდომარემ, ანდრეი ნეგუცამ განუცხადა ჩვენს რადიოს, ოფიციალური კიშინიოვის აზრით, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. [ნეგუცის ხმა] ”ჩვენ იმათ გვერდზე ვიქნებით, ვინც მართალია. ამ თვალთახედვიდან არ მესმის, რატომ არ უბრუნებს საქართველო რუსეთს 13 დაკავებულ ჩეჩენს ექსტრადიციის საერთაშორისო კონვენციის მიხედვით. მეორე მხრივ, საქართველო რუსეთს ბრალს სდებს მისი ტერიტორიების დაბომბვაში. ამ დროს შესაძლებელია სინჯების, ნამსხვრევების საერთაშორისო ანალიზის ჩატარება. შესაძლებელია დადგენა, რა მასალისგან არის ჭურვი, სად არის დამზადებული ფოლადი და ა.შ. მოკლედ, მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და ეს ურთიერთბრალდებები უნდა შეწვიტონ”, განაცხადა ანდრეი ნეგუცამ.

საერთო ჯამში სამიტისგან მოლდავეთში ბევრს არ ელიან. მოლდაველი პოლიტიკოსებისა და მიმომხილველების უმრალესობა მიიჩნევს, რომ სამიტის წევრ ქვეყნებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა განვითარების დონისა და პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით. მათ შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ღიად აცხადებს ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ.
XS
SM
MD
LG