Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა სამინისტროს ოპტიმიზმისა ბევრს უკვე მთავრობაშიც აღარ სჯერა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ამ ბოლო ხანს ყოველი მორიგი თვის დასაწყისში მოვლენები საქართველოს მთავრობაში დაახლოებით ერთი და იმავე სცენარით ვითარდება.

მთავრობის სხდომაზე საფინანსო უწყების ხელმძღვანელები პრეზიდენტს ყოველი მორიგი თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებას უპატაკებენ, თუმცა ფინანსთა მინისტრის პატაკში ოპტიმიზმის ტონი, საბოლოოდ მაინც, ციფრებით მანიპულირებას ემსგავსება და, რეალურად, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მთავრობამ ”კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”, ვინ იცის, უკვე მერამდენედ დაარღვია.

ამგვარად განვითარდა მოვლენები გასულ კვირასაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ, ვაშინგტონში სავალუტო ფონდის წლიურ შეკრებაზე მყოფი მირიან გოგიაშვილის ნაცვლად, ციფრების ეკვილიბრისტიკით მისი მოადგილეები იყვნენ გართულნი.

ფინანსთა სამინისტრო გვარწმუნებს, რომ წინასწარი ოპერატიული მონაცემებით, სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ 99,4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 3,3 მილიონი ლარით აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამის საპროგნოზო გეგმას, რომელიც 96,1 მილიონი ლარით განისაზღვრა.

იმავე წყაროს ცნობით, ამ მხრივ, საბაჟო სამსახურის მონაგარი მიმდინარე თვეში, ბიუჯეტში გეგმით გათვალისწინებული 32,1 მილიონი ლარის ნაცვლად, 34,3 მილიონ ლარს უდრის, ხოლო საგადასახადო დეპარტამენტის შემოსავლების საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებელი - 63,6 მილიონი ლარი 2,1 მილიონის გადაჭარბებით არის შესრულებული. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების ეს მაჩვენებლები დაახლოებით 9 მილიონი ლარით აღემატება 2001 წლის ანალოგიურ მონაცემს.

საგულისხმოა, რომ ამჯერად ”შუბის ხალთაში დამალვა” საფინანსო უწყებამ თავად მთავრობის წარმომადგენლებთანაც ვერ შეძლო და თვით უზენაესი ხელისუფლის გულისწყრომა გამოიწვია. პრეზიდენტმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად, გოგიაშვილის უწყების მიმართ სერიოზული შენიშვნები გამოთქვა.

პრეზიდენტი უკმაყოფილოა მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული არასაგადასახადო შემოსავლების გეგმის შეუსრულებლობის გამო. მთავრობის სხდომაზე შევარდნაძის გულისწყრომა განსაკუთრებით სახელმწიფოს კუთვნილი და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გათვალისწინებული დივიდენდების მობილიზაციის დაბალმა მაჩვენებლებმა გამოიწვია.

ფინანსთა სამინისტრო უნდა ასრულებდეს ,,ჟანდარმის როლს”, მისი უნდა ეშინოდეთ, რამდენადაც ის არის ბიუჯეტის შემდგენელი და გადასახადების ამკრეფი, აცხადებს შევარდნაძე.

თუმცა დავუბრუნდეთ სექტემბრის თვის ბიუჯეტს. ტრადიციულად, ფინანსთა სამინისტროსაგან დიამეტრალურად განსხვავებული აზრი აქვს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს, რომლის წინასწარი მონაცემები სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 13 მილიონიან გარღვევას აფიქსირებს. სექტემბრის შემოსავლების და გრანტების გეგმა 82,12 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, ბიუჯეტმა კი, საბოლოოდ, მხოლოდ 69,4 მილიონი მიითვალა. წინა თვეების გამოცდილება გვარწმუნებს, რომ საბიუჯეტო ოფისის მონაცემები, როგორც წესი, გაცილებით სანდოა, ვიდრე ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური პატაკი.
საინტერესოა, რომ სექტემბრის ბოლო კვირაში ბიუჯეტი მხოლოდ 50 პროცენტით იყო შესრულებული და ხაზინაში მხოლოდ 41 მილიონი ლარი იყო მობილიზებული. ამდენად, დაუჯერებელია, ბოლო დღეს ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკური სასწაული მოეხდინა და პარამეტრების დაცვა მოეხერხებინა.

სხვადასხვა უწყებათა მონაცემებს შორის განსხვავება ქართული ეკონომიკის ბოლოდროინდელი სენია და ყველა სტრუქტურა ციფრებს, საკუთარი მუნდირის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, კითხულობს. მიუხედავად ამისა, წლევანდელი წლის 9 თვეში ბიუჯეტის 82 მილიონიან გარღვევას არც საფინანსო უწყების წარმომადგენელი უარყოფს, თუმცა სეკვესტრის აუცილებლობას მაინც ვერ ხედავს.

ბიუჯეტის კორექტირების თაობაზე ჯერ კიდევ გაზაფხულზე საუბრობდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები. ამ მტკივნეული პროცედურის აუცილებლობას არც კანცელარიის კორიდორებში უარყოფენ, ხოლო იგივე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრს გარდაუვლად მიიჩნევს, რადგან, მისი გაანგარიშებით, არარეალურია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების წლიური გეგმის შესასრულებლად წლის ბოლომდე დარჩენილ სამ თვეში, მხოლოდ საკუთარი შემოსავლების სახით, ყოველთვიურად, საშუალოდ, 85 მილიონ 600 ათასი ლარის, საერთო ჯამში კი, 256 მილიონ 900 ათასის მობილიზება.

საბიუჯეტო ოფისის ეს გათვლები გასული თვეების სტატისტიკას ემყარება.
განვლილი 9 თვის მანძილზე, საშუალოდ, თვეში, მხოლოდ საკუთარი შემოსავლების სახით, 66,3 მილიონი ლარი იყო ამოღებული.
ამასთან, უცხოური გრანტების ჩათვლით, წლის ბოლომდე გეგმის შესასრულებლად უნდა შემოვიდეს 316,33 მილიონი ლარი, ანუ, საშუალოდ, 105,4 მილიონი ლარი ყოველთვიურად, რაც შემოსავლების ადმინისტრირების არსებული დონის პირობებში შეუძლებელია.
საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, 2002 წლის სექტემბრის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და გრანტების გეგმა 84,5 პროცენტით შესრულდა და, გეგმით გათვალისწინებული 82 მილიონ 120 ათასი ლარის ნაცვლად, ფაქტიურმა შემოსავლებმა 69 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა.
იმავე მონაცემებით, 2002 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში, დაგეგმილი 697 მილიონ 60 ათასი ლარის ნაცვლად, 614 მილიონ 470 ათასი ლარი შემოვიდა, ანუ ბიუჯეტს დააკლდა 82 მილიონ 590 ათასი ლარი, საიდანაც საკუთარი შემოსავლები 43 მილიონ 250 ათასი ლარია.
ცხრა თვეში, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით, შემოსულია 541 მილიონ 300 ათასი ლარი, რაც გეგმის - 573 მილიონ 680 ათასი ლარის - 94,4 პროცენტია.

ეს მონაცემები ადასტურებს, რომ, რაც არ უნდა გვიმტკიცოს ფინანსთა სამინისტრომ, ბიუჯეტის სეკვესტრი არ დაგვჭირდებაო, და მთავრობის სხდომებზე გეგმის შესრულებით მოიწონოს თავი, მწარე რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია და ხელისუფლების დევიზი – ”წლევანდელი წელი სეკვესტრის გარეშე”, როგორც ჩანს, არც ამჯერად განხორციელდება.
XS
SM
MD
LG