Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოთა ინტერესების ურთიერთგათვალისწინების საკითხი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ხშირად საუბრობენ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაზე, მაგრამ, როგორც წესი, ზედმეტი დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.

რასაკვირველია, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს, მაგალითად, კომუნისტების მოწოდებებს საბჭოთა კავშირის აღდგენის თაობაზე. არადა, ინტერესების გათვალისწინების საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია, რამდენადაც, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა პრინციპებით უნდა ხორციელდებოდეს ეს პროცესი და რას უნდა ენიჭებოდეს პრიორიტეტები ამ დროს. აღნიშნული პრობლემის გარშემო ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წევრს და “ნეოლიბერალური პარტიის” ერთ-ერთ დამფუძნებელს ვახტანგ ხმალაძეს.

[ხმალაძის ხმა] ”რასაკვირველია, რუსეთის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა, მაგრამ ისევე, როგორც საჭიროა არა მხოლოდ საქართველოს უშუალო მეზობლების ინტერესების გათვალისწინება, არამედ ბევრი იმ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება, რომელთანაც საქართველოს საერთო საზღვარი არ აქვს და რომელიც საქართველოსგან ძალიან შორსაც კი მდებარეობს”.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, “დღეს, როცა კომუნიკაციების საშუალებებმა უდიდესი როლი შეასრულეს გეოგრაფიულად დაშორებული სახელმწიფოების დაახლოებასა და ურთიერთმხარდაჭერაში, მეზობელი ქვეყნები მით უფრო უნდა იყვნენ დაინტერესებულნი ამგვარი ურთიერთობებით”.

ამასთანავე, პარლამენტარი შენიშნავს, რომ, “სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფალნი ხშირ შემთხვევაში არ ავლენენ ასეთ დაინტერესებას; მეტიც, მათი უმთავრესი ინტერესი არის ის, რომ მეზობელი საქართველო თავის სატელიტად, თავისი ნების შემსრულებლად აქციონ და ამ დროს სრულიად არ აინტერესებთ, თუ რა უნდა თვითონ საქართველოსა და ქართველ ხალხს”.

[ხმალაძის ხმა] “ამიტომ, როცა საუბარია იმაზე, თუ რუსეთის რა ინტერესები უნდა გაითვალისწინოს საქართველომ, ამ დროს ყოველთვის უნდა იქნეს გაანალიზებული და გათვალისწინებული სხვა სახელმწიფოთა ინტერესებიც. რასაკვირველია, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საკუთრივ საქართველოს ინტერესები და აქ უნდა მოიძებნოს ის ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველას დააკმაყოფილებს”.

თუმცა ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ასეთი პოლიტიკის გატარება საქართველოს დამოუკიდებლად არ შეუძლია, რადგან საკმარისი ძალა არ აქვს. მაგრამ იგი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაში საქართველოს სხვა სახელმწიფოები და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან.

“ამ მხარდაჭერის გაუთვალისწინებლობა კი თვითონ რუსეთს აყენებს საკმაოდ მძიმე პრობლემების წინაშე”, დასძენს პარლამენტარი.

რაც შეეხება საქართველოს მიერ რუსეთის კონკრეტული ინტერესების გათვალისწინებას. მაგალითად, არსებობს თუ არა იმის ჰიპოთეტური შესაძლებლობა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს ვადა გაუხანგრძლივდეს?

[ხმალაძის ხმა] “მე ვფიქრობ, ეს შასაძლებელია გაკეთდეს ერთადერთ შემთხვევაში: თუ რუსეთი ხელს აიღებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, თუ რუსეთი ხელს აიღებს საქართველოში სეცესიური თუ სხვა უარყოფითი პროცესების პროვოცირებაზე, ხელშეწყობასა და მხარდაჭერაზე, მაშინ მე დასაშვებად მივიჩნევდი რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში ყოფნას - ოღონდ წინასწარ განსაზღვრული გარკვეული დროით და ეს დრო არ უნდა იყოს ძალიან დიდი – და მხოლოდ ცივილიზებულ საფუძველზე”.

როგორც ვახტანგ ხმალაძე ამბობს, ამდენად საქართველოს შეუძლია რუსეთის გარკვეული ინტერესების გათვალისწინება, მაგრამ არა ისეთნაირად და არა იმ დონეზე, რომ ამის შედეგად მთლიანად დავთმოთ საკუთარი ინტერესები. მაგალითად, ნატოში გაერთიანება საქართველოს უსაფრთხოების საკმაოდ მაღალ დონეზე უზრუნველყოფის გარანტიას წარმოადგენს, ამიტომ, ამ საკითხისადმი რუსეთის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, პარლამენტარისთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ უნდა თქვას უარი საქართველომ ამ მისწრაფებაზე. მით უმეტეს, რომ დღეს რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიების მოპოვებაზე საუბარიც ზედმეტია.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, “საზოგადოდ, ინტერესების გათვალისწინების საკითხი ორი ქვეყნის ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. ეს პრობლემა არასოდეს მოგვარდება, თუ ერთი სახელმწიფო მუდმივად ეცდება ძალის დემონსტრირებით ზემოქმედება მოახდინოს მეორე სახელმწიფოზე”.
XS
SM
MD
LG