Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერი ძერჟინსკის ძეგლის დაბრუნებას აპირებს


ელენე ლოთქიფანიძე, პრაღა გასული საუკუნე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტირანული რეჟიმის

- საბჭოთა იმპერიის დამხობით დამთავრდა. მისი ნგრევის სიმბოლური გამოხატულება იყო რუსეთის დედაქალაქის ცენტრში საბჭოთა საიდუმლო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ფელიქს ძერჟინსკის ძეგლის დემონტაჟი. ახლა, 21-ე საუკუნის დამდეგს, ძეგლის აღდგენაზე ალაპარაკდნენ.

ინიციატივის ავტორია მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი. არადა, 1991 წელს, როცა ლიუბიანკაზე, კაგებეს შენობის წინ მდგარ ძეგლს ხსნიდნენ, ლუჟკოვი მაშინაც ინიციატორთა რიგებში იყო.

ძერჟინსკი - კაგებეს წინამორბედის, ე.წ. საგანგებო კომიტეტის, ანუ ჩეკას მეთაური - ტერორისა და ათასობით ადამიანის მკვლელობისთვის არის პასუხისმგებელი. მისი ძეგლი 1958 წელს აღმართეს. 1991 წლის აგვისტოს პუტჩის ჩაშლას საბჭოთა იმპერიის დაშლა მოჰყვა. ძერჟინსკის ძეგლი მეორე დღესვე ჩამოაგდეს. შუაღამის სანახაობას, როცა ამწე მიათრევდა კისერზე ბაწარგამობმულ ძეგლს - თითქოსდა ჩამოხრჩობილ ძერჟინსკის, - რაც საბჭოთა იმპერიის დამხობის ყველაზე ხატოვანი დასტური იყო, ათასობით აღფრთოვანებული ადამიანი დაესწრო. ლუჟკოვიც მათ შორის იყო.

მოგვიანებით მას არაერთხელ დაუკვეხნია, რომ ქალაქის საბჭოს კუთვნილი ამწე მისი განკარგულებით იქნა გამოყენებული. 1998 წელს ლუჟკოვმა გული დასწყვიტა მკაცრი ხაზის მომხრე კანონმდებლებს, როცა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ლიუბიანკის მოედანზე "რკინის ფელიქსის" დაბრუნებას.

დღეს მოსკოვის მერი სხვაგვარად ფიქრობს. მას უეცრად გაახსენდა, რომ მოქანდაკე ვუჩეტიჩის ძეგლი შედევრია. ისიც თქვა, რომ ძერჟინსკის სამშობლოს წინაშე დამსახურება მიუძღვის, როგორც ადამიანს, რომელმაც "უსახლკარო ბავშვების პრობლემა გადაჭრა და რკინიგზის მუშაობა აღადგინა."

ლუჟკოვის წინადადება შოკი იყო რუსეთის ლიბერალური პოლიტიკოსებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის. მათი სიტყვით, ძერჟინსკის კულტის აღდგენა ბოლო ათეული წლის განმავლობაში რუსეთის დემოკრატიის მონაპოვარზე უარის თქმის ტოლფასია.

მაგრამ საზოგადოებაში მცირდება ამ იდეის მოწინააღმდეგეთა რიცხვი. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის თანხმად, მოსკოველ რესპონდენტთა 44 პროცენტი ძეგლის აღდგენის მომხრეა. 1998 წელს ამ თაოსნობის მომხრეთა წილი მხოლოდ 27 პროცენტი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ლუჟკოვის ინიციატივა კრემლში ენთუზიაზმს არ იწვევს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ვლადიმირ სურკოვმა, რომელიც კრემლის მთავარ სტრატეგად ითვლება, გააკრიტიკა წინადადება და მას "ეთიკური უსამართლობა" უწოდა.

სურკოვის აზრი ოფიციალურად ჩაითვალა. მიმომხილველები კი ცდილობენ დაადგინონ, რა პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს მხარეებს - მერსა და კრემლს.

პოლიტიკური ფონდის დირექტორი და ლუჟკოვის საარჩევნო კამპანიის ყოფილი სტრატეგი ვიაჩესლავ ნიკონოვი ამბობს, რომ მერს ხშირად შეიპყრობს ხოლმე ესა თუ ის იდეა.

[ნიკონოვის ხმა] "რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლუჟკოვი ახლა რუსეთის ისტორიის ერთიანობის იდეით არის გატაცებული. მისი აზრით, როგორიც უნდა იყოს ჩვენი ისტორია, ის მაინც ჩვენია. ამიტომ არის, რომ ერთი დღის მანძილზე მან გამოთქვა ინიციატივა, აღდგენილ იქნეს ალექსანდრე მეორის ძეგლი და ძერჟინსკის ძეგლი. ეს მისი, თუ შეიძლება ითქვას, ახალი კრედოა: რუსეთის ისტორიის მთლიანობა, ურღვევობა."

საბჭოთა კაშირის დამხობის შემდეგ არაერთ რუს პოლიტიკოსს უცდია (მათ შორის ლუჟკოვსაც), საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა ცარისტული და საბჭოთა ისტორიის პერსონაჟები. ზოგჯერ ეს ნოსტალგიას აღვიძებს, განურჩევლად ამ ისტორიული პირების ჭეშმარიტი სახისა თუ როლისა.

მოსკოვის საქალაქო საბჭოს კულტურის განყოფილების უფროსის ევგენი ბუნიმოვიჩის აზრით, ლუჟკოვის გატაცება ძერჟინსკით ემოციურ ხასიათს ატარებს და, შესაძლოა, რაიმე საუბარზე რეაქცია იყოს.

[ბუნიმოვიჩის ხმა] "იური მიხაილოვიჩს არაერთი წელია ვიცნობ და შემიძლია ვთქვა: მას აქვს ერთი დადებითი თვისება, ან, თუ გნებავთ, ნაკლი: ის ემოციური პოლიტიკოსია."

ამასთან, ბუნიმოვიჩი იზიარებს ფართოდ გავრცელებულ აზრს, რომ ამ ინიციატივის გამოთქმისას ლუჟკოვს, შესაძლოა, იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გულს მოიგებდა.

სანამ 1999 წელს რუსეთის პოლიტიკის ზედა ეშელონებში მოექცეოდა, პუტინი, კაგებეს ყოფილი ოფიცერი, ერთხანს, ამ ორგანიზაციის მემკვიდრეს, უშიშროების ფედერალურ სამსახურს ედგა სათავეში. მას შემდეგ პრეზიდენტმა რამდენიმე, ერთ დროს უარყოფილი საბჭოთა სიმბოლო აღადგინა, მათ შორის საბჭოთა კავშირის ჰიმნი. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, პუტინს საწერ მაგიდაზე ძერჟინსკის ბიუსტი უდგას.

შეგახსენებთ, რომ ბორის ელცინის მმართველობის მიწურულს ლუჟკოვი თვით ცდილობდა პრეზიდენტის პოსტის დაკავებას და მისი ერთ-ერთი ყველაზე რეალური პრეტენდენტიც იყო. მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა, გზა პუტინისთვის დაეთმო.

დღეს ლუჟკოვს პრეზიდენტობის არავითარი იმედი არა აქვს, მაგრამ რუსეთის კონსტიტუციაში ამას წინათ შეტანილი შესწორების წყალობით (შესწორებებს კრემლი უჭერდა მხარს) იური მიხაილოვიჩს მოსკოვის მერად მესამედ არჩევის შანსი გაუჩნდა. არჩევნები 2003 წლის დეკემბრისთვის არის დანიშნული.

სავარაუდოა, რომ პრაგმატიკოსი პუტინი მხარს არ დაუჭერს ძერჟინსკის ძეგლის აღდგენას, რადგან ეს აქცია უდავოდ ზიანს მოუტანდა მოსკოვის იმიჯს დასავლეთში. რაც შეეხება ლუჟკოვს, ამ წინადადებით იგი, როგორც ჩანს, საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკოსების რეაქციის მოსინჯვას ცდილობს.

ბუნიმოვიჩის აზრით, კიდევ ერთი მოტივი შეიძლება იყოს ხანდაზმული და კონსერვატულად განწყობილი სხვა ამომრჩევლების გულის მოგება. ეს ქვეყნის ყველაზე დისციპლინირებული ელექტორატია. იგი ყველაზე იოლად ექცევა კომუნისტების გავლენის ქვეშ, რომლებიც ლუჟკოვს კაპიტალისტური იდეების გამტარებლად თვლიან.

მოსკოვის პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტ "პანორამის " თავმჯდომარე ვლადიმირ პრიბილოვსკი მიიჩნევს, რომ ლუჟკოვს მოსკოვის მერის სავარძლის შენარჩუნების საუცხოო შანსი აქვს და ერთადერთი, ვისაც შეუძლია, მას ამაში ხელი შეუშალოს, პუტინია.

[პრიბილოვსკის ხმა] "ამომრჩევლები ამაში არავითარ როლს არ ასრულებენ. ლუჟკოვმა ანგარიში არ გაუწია მემარჯვენე ამომრჩევლებს და იმას, რომ მათ ეწყინებოდათ; ანგარიში არ გაუწია მემარცხენე ამომრჩევლებსაც. მისი ამოცანა იყო, პრეზიდენტ პუტინისთვის ესიამოვნებინა. მაგრამ, როგორც გაირკვა, ვერ ასიამოვნა."

თუმცა პრიბილოვსკი დასძენს, რომ დღის წესრიგიდან ძერჟინსკის საკითხის მოხსნა ნაადრევია. ვლადიმირ სურკოვის განცხადება, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ლუჟკოვის წინადადება დაგმო, შესაძლოა, კრემლის ბოლო სიტყვა არ იყოს.
XS
SM
MD
LG