Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის კონგრესში გრძელდება ერაყის საკითხზე რეზოლუციის პროექტის განხილვა


ანდრო ეული, პრაღა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი, თავისი მასობრივი განადგურების არსენალით, საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს.

ამასობაში, კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯორჯ ტენეტი გამოთქვამს რწმენას, რომ ერაყის მხრიდან დღეს არაა მოსალოდნელი შეერთებულ შტატებზე თავდასხმა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით. ტენეტი დასძენს ამასთანავე, რომ ამგვარ იარაღს სადამ ჰუსეინი ალბათ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ შეერთებული შტატები განახორციელებს ერაყზე თავდასხმას.

ის კონგრესმენები, ვინც ერაყთან ომის დაწყების წინააღმდეგია, ოთხშაბათს გამართული დებატების დროს ჯორჯ ტენეტის წერილზე აკეთებდნენ აქცენტს და აცხადებდნენ, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება, დაცვის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ამერიკელ ხალხს.

რეზოლუცია, რომელიც, როგორც მოელიან, კონგრესის ორივე პალატის მიერ იქნება მიღებული, პრეზიდენტ ბუშს ანიჭებს უფლებამოსილებას – საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალა გამოიყენოს ბაღდადის წინააღმდეგ.

პრესკონფერენციაზე თეთრ სახლში, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ თუ გაერო არ მიიღებს ქმედით ზომებს სადამ ჰუსეინის განსაიარაღებლად, ამას შეერთებული შტატები გააკეთებს თავის მოკავშირეებთან ერთად: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”მაგრამ თუ ჰუსეინი არ განიარაღდა, ხოლო გაერო არაფერს მოიმოქმედებს, ჩვენ, საკუთარი თავისუფლების დასაცავად, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც ჩვენსავით უყვართ თავისუფლება, სადამ ჰუსეინს განვაიარაღებთ. ეს – შვილების საკეთილდღეოდ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვეტრფით მშვიდობას ამ ქვეყანაში, და როცა ვხედავთ, რომ მშვიდობას საფრთხე შეექმნა, ამას – გონივრულად, მშვიდად, ლოგიკურად და საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც ვუპირისპირდებით”.

პრეზიდენტ ბუშის წინადადებას ბევრი მომხრე გამოუჩნდა კონგრესში, მათ შორის ოპოზიციური, დემოკრატიული პარტიიდანაც. ბუშმა განაცხადა, რომ ხსენებული რეზოლუციის მიღება კონგრესის ორივე პალატაში სტიმულს მისცემს გაეროს – ქმედითი ზომები მიიღოს ბაღდადის წინააღმდეგ.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია ბრიტანეთთან ერთად იმის მომხრეა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ თავის მხრივ ასევე მიიღოს რეზოლუცია, რომლის ძალითაც განიარაღების საერთაშორისო ექსპერტები უპირობოდ და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შესძლებენ ერაყში, როცა კი მოესურვებათ, ნებისმიერი ობიექტის შემოწმებას, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალა იქნება გამოყენებული.
XS
SM
MD
LG