Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი არჩევნების შემდგომ არ შეიცვლება


პაკისტანი ბრიტანეთის კოლონიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი

მაჰმადიანური ქვეყანაა, რომელიც სისხლისღვრაში აღმოცენდა და სადაც სახელმწიფოს მართვა, ადამიანთა ურთიერთობა დღესაც ძალადობაზეა აგებული. პაკისტანის მოსახლეობა მიჩვეულია ბომბის აფეთქებას, სროლასა და სისხლის ღვრას. ამ ქვეყნის ბარომეტრად კარაჩი ითვლება, უდიდესი სანავსადგურო ქალაქი არაბეთის ზღვის სანაპიროზე. კარაჩიში ყველას და ყველაფერს შეხვდებით: უკიდურესად ფანატიკოს ისლამისტებსაც, გასართობ უბნებსაც და კეთილმოწყობილ კუთხეებში მცხოვრებ უცხოელებსაც. მაგრამ პაკისტანში, კარაჩიში, საფრთხე ემუქრება ყველას სიცოცხლეს - საფრთხე ემუქრებათ ავღანეთიდან განდევნის შედეგად იქ გადასულ ალ -ყაიდელებსაც, უცხოელებსაც, მთავრობის მომხრეთაც და ოპოზიციონერებსაც. დღეს უკვე გვქონდა ლაპარაკი პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებზე. იმასაც შეიტყობდით, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან შეტაკების დროს ერთი მოქალაქე დაიღუპა. ეჭვი არ არის, რომ პუტჩის გზით ხელისუფლებაში მოსული ამ ქვეყნის პრეზიდენტი მომავალშიც იმავე მეთოდით განაგრძობს მუშაობას, როგორც მუშაობდა დღემდე. შეგახსენებთ, რომ ფერვეზ მუშარაფმა ჩამოაგდო მაშინდელი პრემიერ- მინისტრი ნავაზ შარიფი, რომელსაც ახლა არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ მისცეს. მუშარაფმა, საარჩევნო კანონის შეცვლის გზით, პაკისტანის მთავრობის ასევე ყოფილი მეთაური ბენაზირ ბჰუტოც ჩამოიშორა გზიდან. მუშარაფი არჩევნების შემდეგ პრეზიდენტად დარჩა, ასევე შეინარჩუნა არმიის მეთაურობა და დაიტოვა უფლება, ნებისმიერ დროს დაშალოს პარლამენტი. მუშარაფის იდეის თანახმად, გამარჯვებული პარტიები პრემიერს აირჩევენ და ის იქნება სახელმწიფო საქმეთა მწარმოებელი. სცენარი არცთუ უცნობია. ძალები, რომლებიც მუშარაფს ემხრობიან და ბირთვული იარაღის მქონე ამ სახელმწიფოს მეთაურად მის ყოფნას საჭიროებენ, არჩევნებზეც ახერხებენ ზემოქმედებას და პუტჩისტის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას არ დაუშვებენ.
მუშარაფს რომ ხელშეწყობა აქვს, იქიდანაც ჩანს, რომ მეზობელი ინდოეთის ტერიტორიაზე პაკისტანში მომზადებული ტერორისტები მოქმედებენ და ამის გამო ქმედით პროტესტს არავინ გამოთქვამს, თვით ინდოეთის გარდა. პაკისტანში დაედო სათავე თალიბების მოძრაობას - ამ ქვეყანაში, ეგრეთ წოდებულ ყურანის სკოლებში, ამზადებდნენ მათ “წმინდა” ომისათვის. პაკისტანში უკვე მოქმედ რადიკალურ ჯგუფებს შარშანდელს აქეთ შეუერთდნენ ავღანეთიდან დევნილები - ისინი, ვინც თავის დროზე საბჭოთა საფრთხეს ებრძოდნენ, შემდგომ კი ამერიკის მტრები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ისლამისტ ფუნდამენტალისტებს ქალაქებში მოქმედება არ უყვართ. არ უყვართ იმიტომ, რომ მათ რწმენას ქალაქებში უამრავი საშიშროება ემუქრება ვაჭრების, ხელოვანთა, ჟურნალისტების, მეცნიერების, ასევე, გასართობი სახლების მხრივ. სულ ახლახან კარაჩიში დაიჭირეს 11 სექტემბრის თავდასხმის მონაწილესთან, მოჰამად ატასთან, დაკავშირებული რამზი ბინალშიბი. მისმა ერთ-ერთმა მეზობელმა თქვა, რომ არაბები, საერთოდ, გარეთ არ გადიოდნენ, იშვიათად მანქანა თუ მიაკითხავდა მათ. კარაჩიში დამალულ არაბებს, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი, ქალაქში ცხოვრების შიშის გარდა, ცხადია, სხვა რამეც აიძულებდა ხალხში არ გამოჩენილიყვნენ. პაკისტანში ბევრი მხოლოდ კოსმეტიკურ ზომად მიიჩნევს დიდ ქალაქებში პოლიციისა და ჯარის მხრივ ძალის მუდმივ დემონსტრირებას. კოსმეტიკურ ზომად იმიტომ, რომ ტერორისტების წინააღმდეგ ამ გზით ბრძოლას აზრი არა აქვს. მაგალითად, თვითმკვლელი თავდამსხმელების პირისპირ ქუჩაში მდგომი პოლიციელები, თუკი მათ განსაკუთრებული წრთობა არა აქვთ გავლილი, უმწეონი არიან. პაკისტანის პრეზიდენტი იძულებულია აუკრძალოს არსებობა განსაკუთრებულად საშიშ ისლამისტურ გაერთიანებებს. ამ ჯგუფებს დასავლეთისა და ამერიკის მიმართ სიძულვილი აერთიანებთ. იქ გაბატონებულია აზრი, რომ დასავლეთს მათი დამონება სურს და ის, რაც ავღანეთში ხდება, არ მოსწონთ. პაკისტანში არ არიან გულგრილნი იმის მიმართ, რაც ერაყთან დაკავშირებით ხდება. თუკი ამერიკა თავს დაესხა ბაღდადს, პაკისტანელ მუსლიმებს თავი მოვალედ მიაჩნიათ, ომისთვის ემზადონ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG