Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იყო პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, რომელსაც ოპოზიციურმა ფრაქციებმა სხდომათა დარბაზიდან დემარშით უპასუხეს


ედუარდ შევარდნაძეს უწინასწარმეტყველებდნენ, რომ პარლამენტში ფრაქციათა თავმჯდომარეების მძიმე გამოსვლების მოსმენა მოუწევდა, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა.

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში ტრადიციული მწვავე გამოსვლების თანხლებით არ წარმართულა. ედუარდ შევარდნაძის სამსაათიან გამოსვლას ოპოზიციური ფრაქციების უმრავლესობამ დემარშით უპასუხა. დარბაზიდან გასულებმა გადაწყვიტეს, რომ შევარდნაძესთან დიალოგი აზრს მოკლებული იქნებოდა. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას მისმა ძველმა და ახალმა ოპოზიციონერებმა უკიდურესად სუსტი უწოდეს.


პრეზიდენტის ვრცელი გამოსვლა პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციების უმრავლესობამ გამოწვევად მიიღო, ცეკას პირველი მდივნის გამოსვლად შეაფასა და, პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა, ეს ფაქტი კი, თავის მხრივ, უკვე პრეზიდენტმა მიიღო გამოწვევად, ოღონდ, საპარალმენტო ოპოზიციის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, მას დემარშის ფორმისთვის არ მიუმართავს. ოპოზიციონერთა დარბაზიდან გასვლასაც და დარბაზში დარჩენილთა მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც - შევარდნაძემ აღიარა, რომ ზოგიერთი მათგანი მისთვის მძიმე მოსასმენი იყო - მოკლე პასუხი გაეცა. ყოველწლიური ანგარიშის ფინალური ნაწილი ასეთი იყო :

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ მე არ ვაპირებ ამ პრობლემებზე შეჩერებას და თქვენთან კამათს. მიზანი არის ერთი - პრეზიდენტი გამოვიდეს წყობიდან და გააკეთოს ერთი სანუკვარი განცხადება: “მე გადავდგები.” არ გადავდგები ! “

ასეთი იყო პრეზიდენტის პარლამენტში გამოცხადების ფინალი. მაგრამ რა იყო მანამდე, რითი ჰგავდა და რითი არ ჰგავდა მისი სამსაათიანი მოხსენება ცეკას პირველი მდივნის მოხსენებას? მოხსენების პირველი ნაწილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლის ერთგვარ რეზიუმესაც წარმოადგენდა განცხადება იმის თაობაზე, რომ პრაღის სამიტის შემდეგ საქართველომ, შესაძლოა, ოფიციალურად გამოხატოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი, უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტის გამოსვლის ეს ნაწილი ცეკას პირველი მდივნის გამოსვლას არ ჰგავდა.

საბჭოთა ლიდერის გამოსვლის ასოციაცია არც ედუარდ შევარდნაძის გამოსვლის იმ ნაწილს უნდა აღეძრა, რომელიც რამდენიმე კონკრეტულ ინიციატივას მოიცავდა. ესენია: პარლამენტართა რიცხოვნების შემცირებისა და ორპალატიანი პარლამენტის ფორმირების იდეა; ზედა პალატის, ანუ სენატის, თავმჯდომარის პოსტის შეთავსება ერთიანი საქართველოს ფარგლებში წარმოდგენილი აფხაზეთის უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ; დეპუტატის იმუნიტეტის შეზღუდვის მოთხოვნა; აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციის, სამინისტროების და დეპარტამენტების შემცირების, ეროვნული უშიშროების საბჭოს ინტელექტუალურ ცენტრად გარდაქმნისა და შინაგან საქმეთა და პროკურატურის სისტემების რეფორმირების გეგმა. - მაინცდამაინც ზოგადადად და მოძველებულად არც მოხსენების ის ნაწილი გამოიყურებოდა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემას შეეხებოდა. აფხაზეთის ასიმეტრიული ფედერალიზმის სუბიექტად წარმოდგენით შევარდნაძეს ახალი არაფერი უთქვამს, თუმცა მან ისაუბრა აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების გეგმაზე, რომელიც შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების პატრონაჟითა და საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების აქტიური მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. ედუარდ შევარდნაძე განმეორდა, როცა დაადასტურა, რომ არ აპირებს შეასრულოს პარლამენტის დადგენილების მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის შესახებ, მაგრამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას ხაზი გაუსვა ორ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის პირველი ამერიკის შეერთებული შტატები დაასახელა.

ცეკას მდივნის გამოსვლის ასოციაცია უნდა აღეძრა უფრო მოხსენების მეორე ნაწილს, რომელიც ბოლო ათწლეულის მიღწევებითა და ახალი დაპირებებით იყო დატვირთული. ამასთან დაკავშირებით, შევარდნაძემ მოგვიანებით განმარტა, რომ ვალდებული იყო ხალხისთვის გვირაბის ბოლოს სინათლე დაენახვებინა. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ცეკას მდივნის გამოსვლას ჰგავდა კიდეც და არც ჰგავდა. საკუთარი მისია შევარდნაძემ ამოუცნობი დატოვა და მიგვანიშნა, რომ ღია შეკითხვებზე საბოლოო პასუხის გაცემას დარჩენილ 2 წელიწადში გეგმავს.
XS
SM
MD
LG