Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს სამშვიდობო მისია ცხინვალის ზონაში. ნებაყოფლობით განიარაღებაში ოსი ეროვნების მოსახლეობა უფრო აქტიურია


ამ დღეებში ცხინვალიდან 10 კილომეტრის მოშორებით, სამხედრო პოლიგონზე, სახალხოდ განადგურდა იარაღი, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის ოსური სოფლების მოსახლეობამ ნებაყოფლობით ჩააბარა.

კონფლიქტის ზონაში თავმოყრილი იარაღის მშვიდობიანი განადგურების პროგრამას ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს მისიის თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლობა ხელმძღვანელობს. ეუთოს დამკვირვებელთა მონაცემებით, იარაღის ჩაბარების პროცესში კონფლიქტის ზონის ოსური მოსახლეობა უფრო აქტიურია, ვიდრე ქართული. სამშვიდობო ინიციატივა, ჩაბარებული იარაღის სანაცვლოდ, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.

იარაღთან დამშვიდობება - დანგრეული კომუნიკაციების აღდგენის, გზების, ამბულატორიების, სკოლებისა თუ წყალსადენების შეკეთების ფასად. ოღონდ ფასს კონკრეტული მატერიალური შინაარსი აქვს და საქონლის ნაირგვარობისა და სიმძლავრის მიხედვით განისაზღვრება.
[ავტორის ხმა]"იქნებ მითხრათ, ავტომატი რა ღირს?"
[მიხეილ ქებაძის ხმა]"მოიცა, ვნახოთ, რა რა ღირს. პისტოლეტი - 250 დოლარი, ავტომატი - 300 დოლარი, ტყვიამფრქვევი - 300 დოლარი."
შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის სარდალი მიხეილ ქებაძე, დამატებით, კიდევ ისეთ იარაღს გვისახელებს, როგორიცაა ნაღმები, ხელყუმბარები და, ბოლოს, მრავალკალიბრიანი ტყვიამფრქვევი და ყუმბარმტყორცნი.
[ავტორის ხმა] "ეს იარაღი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მოსახლეობაში ფიზიკურად არის?"
[მიხეილ ქებაძის ხმა] "მაშა, აბა, ყველაფერია. მთავარია, ჩააბარონ."
და როგორც იარაღის განადგურების უკანასკნელმა, 17 ოქტომბრის, ფაქტმა გვიჩვენა, აბარებენ კიდეც. იარაღის ნებაყოფლობითი ჩაბარებისას ანონიმურობა პროცედურის ძირითადი ნაწილია. იარაღს იბარებენ შერეული სამშვიდობო ძალები, რომლებიც შეკრებილ იარაღს შტაბებში უყრიან თავს და განადგურების დღეს ცხინვალის პოლიგონზე საგანგებოდ მომზადებულ ორმოებში ყრიან. იარაღის აფეთქებას ესწრებიან როგორც კონფლიქტის მხარეებისა და რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები, ისე საგანგებოდ ამისთვის მივლენილი დამკვირვებლები. 17 ოქტომბერს იარაღის აფეთქებას პირველად დაასწრეს ჟურნალისტებიც. მათ შორის იყო ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური, რომელმაც გვაცნობა, რომ, რეგიონში არსებული კრიმინოგენური ვითარებისა და იარაღის გატაცების რეალური საშიშროების გამო, ცხინვალის პოლიგონზე იარაღის ტრანსპორტირება და აფეთქება გაძლიერებული დაცვის პირობებში მოხდა.
ასე რომ, მიუხედავად იარაღზე დაწესებული ფასისა, ეუთოსა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას შორის წარმოებულ ყიდვა-გაყიდვას მაინც პირობითი ხასიათი აქვს, როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის. ეუთო და მოსახლეობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბარტერის პირობებით მოქმედებენ. იარაღის ჩაბარების პროცესიც სწორედ მას შემდეგ იწყება, რაც განისაზღვრება, რა სამშენებლო დახმარებას ითხოვს მოსახლეობა ზემოხსენებული ორგანიზაციისაგან და, ჩაბარებული იარაღის საერთო ღირებულების მიხედვით, კონკრეტულად რა სამუშაოს დააფინანსებს ეუთო. სხვათა შორის, საინტერესოა, რით აიხსნება ის, რომ იარაღის განადგურების მომხრეთა და შემსრულებელთა შორის ოსი ეროვნების მოქალაქეები სჭარბობენ ქართველებს. ეს იქნებ ჩვენი მომავალი განსჯის თემად ვაქციოთ, მანამდე კი მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარებასა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის შეიარაღების მწვავე პრობლემას შორის ძალზე დიდი სხვაობაა.
მიხეილ ქებაძის ხმა]"არა, შენ შემოგევლე, სრული განიარაღება რომ მოხდეს, სად არის ეგრე, ვინ არის მაგის გამკეთებელი. ეს ბლეფია."
XS
SM
MD
LG