Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი ადგილობრივი არჩევნების წინ


სომხეთში კვირას ეწყობა ადგილობრივი ორგანოების არჩევნები. არცთუ შორეულ მომავალში, თებერვალში, სომხეთის მოქალაქეები უკვე თავიანთ პრეზიდენტს აირჩევენ; ასე რომ,

ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულებზე დიდწილად იქნებიან დამოკიდებული პრეზიდენტის პოსტის პრეტენდენტი პოლიტიკოსები. მათ შორის, ახლანდელი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანიც, რომელიც, მიუხედავად უპარტიობისა, რესპუბლიკურ პარტიას ეყრდნობა, რაც დიდად არ მოსწონს, მაგრამ იძულებულია შეეგუოს. მით უმეტეს, რომ რესპუბლიკელებს საპრეზიდენტო არჩევნებში თავიანთი კანდიდატი არ ეყოლებათ.

სომხეთის მმართველი, რესპუბლიკური პარტია, რომლის ლიდერი ახლა პრემიერ-მინისტრი ანდრანიკ მარკარიანი გახლავთ, კვირის არჩევნებში შეეცდება, პოზიციები განიმტკიცოს და კიდევ უფრო მეტ სოფელსა და ქალაქში იყოლიოს თავიანთი ხალხი. იმედს არ მალავს რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი სამველ ნიკოიანი, რომელიც ამ დღეებში მეტად დაკავებულია და აღმასრულებელ ორგანოებში ადრე დაკარგული ხმების მოგებას ფიქრობს:

[ნიკოიანის ხმა] “მჯერა, რომ ამ არჩევნების შემდგომ, ადგილობრივი ხელისუფლების უფრო მეტ ორგანოს გავაკონტროლებთ, ვიდრე წინა არჩევნების მერე.”

რესპუბლიკელებმა და მათმა მოკავშირეებმა 1999 წლის არჩევნებში 340 საარჩევნო ოლქში მიიმხრეს ამომრჩევლები. მაშინ ამ პარტიას ქარიზმატული ლიდერი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტში ატეხილი სროლისას მოკლული ვაზგენ სარქისიანი ხელმძღვანელობდა. თავის დროზე მცირე ნაციონალისტური პარტია სარქისიანის აქტიურობით მოხვდა პარლამენტში. პარლამენტის ტრაგედიის შემდგომ (მაშინ სარქისიანთან ერთად მოკლეს მასთან კოალიციაში მყოფი, სახალხო პარტიის თავმჯდომარე კარენ დემირჭიანი) რესპუბლიკური პარტია ორად გაიყო. ამჟამად არჩევნებში მონაწილეობს მისი ნაშთი, პარტია “რესპუბლიკა”, რომელიც ოპოზიციური ძალაა და რომელსაც ერევნის ყოფილი მერი ალბერტ ბაზეიანი ხელმძღვანელობს. ამ პარტიას ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს. მისი ლიდერი ამას აღიარებს და აცხადებს, რომ ოპოზიციას არ აქვს შანსი მოერიოს, როგორც თვითონ ამბობს, “მმართველ ძალას”. ოპოზიციის პასიურობა უკვირს რესპუბლიკელების წარმომადგენელს, ჩვენთვის უკვე ნაცნობ სამველ ნიკოიანს:

[ნიკოიანის ხმა] “თუკი გაქვთ მტკიცე საყრდენი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, იოლია საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება. გაკვირვებული ვარ, რატომ არ აქტიურობენ ახლა პარტიები, რომლებიც უკვე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.”

ადგილობრივი არჩევნები მთავარი მიზანი მართლაც არ არის იმ 16 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი კოალიციისთვის, რომელიც რობერტ ქოჩარიანის შეცვლას შეეცდება. ისეთი მძმეწონოსნები, როგორიცაა პარტია რესპუბლიკა, მაგალითად, სოფლად თუ მიაღწევს წარმატებას, ქალაქის მოსახლეობა მას მხარს არ უჭერს. ერთადერთი რაიონი, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა აქვს, ერევნის ცენტრალური, “კენტრონად” წოდებული რაიონია, სადაც სადავეები ხელში აქვს პანნაციონალური მოძრაობის პარტიას. სხვა მხრივ, ქალაქებში ოპოზიცია არსებობს, მაგრამ ის პოლიტიკურად არ არის ორგანიზებული.

პრეზიდენტი ქოჩარიანი, რომელსაც ლამის პარლამენტში მოწყობილი ტერაქტის ორგანიზება ბრალდება, რადგან გამოძიება ამ საქმეს წელავდა, ახლა, როგორც ითქვა, რესპუბლიკელების იმედზეა მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო და უშიშროების ძალები მის კონტროლქვეშაა.

ამან პრეზიდენტის მომხრე პარტიების, ასე ვთქვათ, ეჭვიანობაც კი გამოიწვია. დაშნაკთა პარტია, მაგალითად, აცხადებს, რომ რესპუბლიკელებს პირველობის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ. მათი ერთ-ერთი ლიდერი, ვაჰან ჰოვანესიანი, გადაჭარბებულად მიიჩნევს მათ თავდაჯერებულობას. თავის მხრივ, დაშნაკებს კაბინეტში ჰყავთ ორი მინისტრი, ხოლო პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრაქცია აქვთ. მაგრამ ისინი ვერც ერთ ქალაქსა თუ სოფელს ვერ აკონტროლებენ და არჩევნებში მხოლოდ სამი მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინეს.

დაშნაკების პოზიცია ადასტურებს, რომ სომხეთის იმ პარტიებს, რომლებიც ქოჩარიანის გამარჯვებით იყვნენ დაინტერესებული, ახლა თავიანთი მიზნები ამოძრავებთ და კვირის არჩევნები მათ შორის დაპირისპირებას გაამძაფრებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG