Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ ახალგაზრდულ პროგრამაში რამდენიმე


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი დღევანდელ ახალგაზრდულ პროგრამაში რამდენიმე

პრობლემურ საკითხს შევეხებით, რომლებიც ძალიან მწვავედ ნამდვილად არ მოგეჩვენებათ, თუმცა, ვფიქრობთ, აქტუალობა არ აკლიათ. ჯერ ეკა წამალაშვილი გაგაცნობთ რამდენიმე სიახლეს ახალგაზრდების პროფესიული განათლების სფეროში, აგრეთვე, ჩვენი გერმანელი პარტნიორების ინიციატივას ზრდასრული მოსახლეობის განათლებისათვის, შემდეგ კი შემოგთავაზებთ სიუჟეტს იმაზე, თუ როგორ კარგავს ხელისუფლება ახალგაზრდა მხარდამჭერებს, საერთოდ - ლოიალურად განწყობილ ახალგაზრდობას.

ვფიქრობ, არ გაგიკვირდებათ, რომ სახელმწიფოსა და ხელისუფლებისგან იგნორირებულ მეტად მნიშვნელოვან სფეროს - ვგულისხმობ პროფესიულ განათლებას და ზრდასრულთა განათლებას, რომელსაც არაფორმალურ განათლებას უწოდებენ ხოლმე -მხარდამჭერებად ისევ და ისევ საქართველოს უცხოელი მეგობრები მოევლინენ. ამ საკითხებზე “ გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინტიტუტი” მუშაობს, უფრო ზუსტად, ამ ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომელიც თბილისში 2002 წელს გაიხსნა. აქვე განვმარტავ, რომ “გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტმა” თავისი საქმიანობა 30 წლის წინ დაიწყო და ზრდასრულთა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მრავალ პარტნიორ ქვეყანას გაუწია დახმარება. მისმა პროგრამებმა აფრიკის, ლათინური ამერიკის, აზიის თუ შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სოციალური ხასიათი შეიძინა. თუ რატომ, ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. პროგრამების არაპირდაპირი სამიზნე მოსახლეობის სოციალურად შევიწროებული ჯგუფებია - ადამიანები, რომლებისთვისაც პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შრომის ბაზარი მათთვის დახურული იქნება. “გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი” ცდილობს დაეხმაროს ასეთ ადამიანებს, ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის პროფესიული ცოდნა და ამით ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცხადი უნდა იყოს, რა მნიშვნელოვანი საქმიანობა წამოიწყო ამ ორგანიზაციამ საქართველოში - ქვეყანაში, სადაც ადამიანები სახელმწიფოსგან მიტოვებულები აღმოჩნდნენ უმუშევრობის პრობლემის პირისპირ, სადაც ხელისუფლებამ არ იზრუნა მოსახლეობისთვის გაეიოლებინა ისეთი ცოდნის მიღება, როგორსაც საბაზრო ეკონომიკა მოითხოვდა და სადაც ვერც პროფესიონალ კადრებზე - მაგალითად, პროფესიონალ დალაქებზე, ხელოსნებსა თუ მშენებლებზე - მოთხოვნილების დაკმაყოფილების კერძო ინიციატივებმა გაამართლა. შეგახსენებთ: ლიცენზირების შესახებ კანონის მიღებამდე ჩანდა უამრავი რეკლამა, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ამა თუ იმ ხელობაში საერთაშორისო სერტიფიკატს სთავაზობდა, რა თქმა უნდა, უხარისხო ცოდნის საფუძველზე. რაც შეეხება პროფესიული განათლების სახელმწიფო სექტორს, ხელისუფლებამ კი მიიღო კანონი პროფესიული განათლების შესახებ, მაგრამ განათლების ამ სფეროზე ზრუნვა მარტოოდენ პედაგოგების ხელფასების მიზერული ოდენობით გაზრდით გამოხატა. ზრდასრულთა პროფესიული განათლების მიმართულებით, საერთოდ, არაფერი გაკეთებულა. როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე ეჯიბიძე განმარტავს:

[ალექსანდრე ეჯიბიძის ხმა] “თუ სახელმწიფო იჩენს მოკრძალებულ ყურადღებას ახალგაზრდობის პროფესიული მომზადების მიმართ, რაც პედაგოგთა ხელფასების ძალიან მცირე დაფინანსებაში გამოიხატა, ზრდასრული მოსახლეობის განათლების კუთხით არავითარი ძვრები არ იყო. ამიტომ ეს დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამა წარმოადგენს სივრცეს, რომელშიც გამოიკვეთა თანამშრომლობა “გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტთან.”

“გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტთან” პარტნიორობამ შემდეგი მიმართულებები გამოკვეთა: სასწავლო გეგმებისა და საგანმანათლებლო შინაარსის მისადაგება შრომის ბაზრის მოთხოვნილებებთან, თანამედროვე მოთხოვნების სასწავლო მასალის შექმნა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული მომზადების კურსებში ხელმოკლე ადამიანთა მონაწილეობის დაფინანსება და არამარტო ეს. “სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის” კავკასიის ფილიალს საქართველოში ორი პროფესული სასწავლებლის შენობის გადახურვაც მოუხდა. ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა შინაარსობრივი დახმარება გაუწიოს პროფესიული განათლების სექტორს, თანამშრომლობს განათლების სამინისტროს ექსპერტებთან, სწავლობს ბაზარს, იღებს ინფორმაციას მეწარმეებისგან და ამით ცდილობს გამოკვეთოს ადამიანების დასაქმების ყველაზე რეალური სფეროები. კვლევის პირველი შედეგები უკვე ჩანს. კავკასიის ფილიალის ხელმძღვანელის ლუდმილა კლოცის თქმით :

[ლუდმილა კლოცის ხმა] “ეს ის სფეროებია, რომლისთვის მომზადებაც ადამიანებს მთელი ცხოვრების მანძილზე შეუქმნის ლუკმა-პურის შოვნის საშუალებას. პირველ ადგილზე დგას სოფლის მეურნეობა. ქალაქებში კი პრიორიტეტი სამშენებლო სფეროს უნდა მივაკუთვნოთ. აქ მშენებლობის ბუმია. ეს ის სფეროა, სადაც შეიძლება ადამიანების დასაქმება.”

საქართველოში არსებობს აზრი, რომ ქართველმა გლეხმა სამეურნეო საქმე ისედაც კარგად იცის და დამატებითი ცოდნის მიღებას არც ის საჭიროებს და არც მშენებლობაში გამოცდილი ქართველი მშენებელი. ასეა თუ ისე, კონკურენციის პირობებში მოგება კონკურენტუნარიანმა ცოდნამ უნდა განაპირობოს. ხარისხიანი პროფესიული ცოდნის მიღება კი ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე კერძო სასწავლებელში შეიძლება, თუმცა მათი რიცხვი საქართველოში 118 - ს უტოლდება.“ გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის” კავკასიის ფილიალი შეეცდება საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება პროფესიული განათლების მნიშვნელობაში დაარწმუნოს.

ახლა სიტყვას დავით პაიჭაძეს ვუთმობ. ის ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ კარგავს ხელისუფლება ლოიალურად განწყობილ ახალგაზრდებს.

შემოდგომის პოლიტიკურმა პროცესმა, შეიძლება ითქვას, დაჩრდილა ბევრი ისეთი საკითხი, რომელსაც საზოგადოებისთვის პირველი რიგის მნიშვნელობა არა აქვს. ამგვარ საკითხთა შორის მოექცა ახალგაზრდულ ორგანიზაციათა პრობლემები. მოგეხსენებათ, ისინი ხანდახან აქტუალობას იძენენ, ოღონდ ეს აქტუალობა ხშირად განუყოფელია პოლიტიკურ ან მწვავე საზოგადოებრივ საწუხართა კონტექსტისგან: მაგალითად, შეუძლებელია, საერთო ყურადღება არ მიიპყროს სტუდენტების სწრაფვამ, გამოიკვლიონ უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციისა და უკანონობის ფაქტები. ინტერესს იწვევს ასევე ახალგაზრდული ჯგუფების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რისი მიზეზიც, კვლავ და კვლავ, პოლიტიკაშია საძიებელი. მკაფიო მაგალითია ადგილობრივ არჩევნებამდე საქართველოს ახალგაზრდულ მოძრაობაში განვითარებული პროცესი, რომლის ერთი ეტაპი ერთსა და იმავე დღეს დასრულდა ორი ახალგაზრდული ფორუმის შეკრებით ფილარმონიის დარბაზსა და კინო “რუსთაველში”. კინოდარბაზში შეკრებილ ახალგაზრდებს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების - ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის - თანაგრძნობა გამოარჩევდათ, ფილარმონიაში შეკრებილთ კი საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ხალხად აღიქვამდა.

და აი, ამ დღეებში სწორედ ეს ლოიალური ახალგაზრდები გამოვიდნენ ხელისუფლების კრიტიკითა და განცხადებით, რომ სახელმწიფოს არავითარი გააზრებული ახალგაზრდული პოლიტიკა არ გააჩნია. კი, არსებობს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭო, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, მაგრამ სრულიად გაუგებარია, რას აკეთებენ ისინი, რით არიან სასარგებლო საზოგადოებისა და, უწინარესად, ახალგაზრდობისათვის.

გაზაფხულზე ფილარმონიაში შეკრებილი ახალგაზრდობის ბირთვს საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო წარმოადგენდა. ის ქოლგა-ორგანიზაციაა 30-ზე მეტი ახალგაზრდული საზოგადოებრივი, პროფესიული და პოლიტიკური გაერთიანებისათვის. ნაციონალური საბჭო, საქართველოს სტუდენტურ ორგანიზაციათა ლიგასთან ერთად, დღეს აცხადებს, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაწყვეტის პირასაა. მიზეზი, ცხადია, არ არის მხოლოდ ახალგაზრდული პოლიტიკის უქონლობა; ხელისუფლებას დღეს არაფერში სჭირდება თუნდაც ლოიალურად განწყობილი ახალგაზრდული ორგანიზაციები, შესაბამისად, მათთან თანამშრომლობა პრიორიტეტული არ არის. საბჭოს გამგეობის წევრი ვახტანგ ბალავაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს: “ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას კონსტრუქციული თანამშრომლობა, მაგრამ მან დაპირებათა წყებით გვიპასუხა. არავითარი სურვილი არ გვაქვს, თავი მოვიტყუოთ, ან ის ახალგაზრდები მოვატყუოთ, ჩვენს უკან რომ დგანან. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი ხელისუფლებისაკენ, მათ კი როგორ გვიპასუხეს, თავადაც ხედავთ”...

მარტივად რომ ვთქვათ, ახალგაზრდებს თავიანთი განზრახვებისა და პროექტებისათვის ფული სჭირდებათ, ხელისუფლება კი ამ ფულს არ იძლევა, დაპირების მიუხედავად, თუნდაც - ლოიალობის სანაცვლოდ. ჰყავს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ფავორიტი ორგანიზაცია ახალგაზრდულ გაერთიანებებს შორის? ნაციონალური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი ამ კითხვას ასე უპასუხებს: “ფავორიტი, ალბათ, ის შეიძლება იყოს, ვინც სახელისუფლო პარტიასა და კანცელარიას განასახიერებს. თუმცა ჯერჯერობით არ დამინახავს, რომ მოქალაქეთა ახალგაზრდულ კავშირს ხელისუფლება განსაკუთრებით უჭერდეს მხარს. ერთი, რაც თვალსაჩინოა, თან გასაგებია და თან – გაუგებარი, ისაა, რომ პრეზიდენტთან ჩვენს შეხვედრებზე სმაკ-ის წარმომადგენლებს რატომღაც ევალებათ დასწრება. საერთოდ, ხელისუფლებას არც თავისი ახალგაზრდული ორგანიზაცია აინტერესებს, ვფიქრობ, ეს სექტორი მათი ინტერესების მიღმაა”.

ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს გენერალურმა მდივანმა დავით ღვინერიამ მითხრა, რომ ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდს საბჭომ და საბჭოს ქოლგის ქვეშ მყოფმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს კონკრეტული, ფინანსურად დასაბუთებული, პროექტებით. ფონდს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ მისი ბიუჯეტი არასოდეს შეადგენდა 30 ათას ლარზე მეტს. ეს ფულიც ფონდს სრულად არ მიუღია, პროექტების გამარჯვების შემდეგ ირკვეოდა, რომ ხაზინა თანხას არ იძლევა და იწყებოდა გაუთავებელი აჯა, შეეკვეცათ პროექტის ფინანსური მოთხოვნები. ასეთ პირობებში გრანტის მაძიებელ ორგანიზაციას ძალიან გაუჭირდება მუშაობა.

ასეა თუ ისე, ხელისუფლებისადმი ცოტა ხნის წინ ლოიალურად განწყობილი ახალგაზრდები დღეს მისგან დისტანცირებას არჩევენ. თუ ეს მხოლოდ სიგნალი არ არის და ახალგაზრდები მართლაც დაშორდებიან ოფიციალურ წრეებს, მათ, ალბათ, მოუწევთ საქმიანობის შეცვლა: გრანტის ნამდვილად გამცემ ორგანიზაციებს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ, გაცილებით მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ვიდრე ამ სახელმწიფოს.
XS
SM
MD
LG