ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში ზიმბაბვეს უმასპინძლა და 16:3 დაამარცხა. აქედან იწყება ქართული რაგბის ახალი ისტორია, რომელიც უკვე 51 სანაკრებო საერთაშორისო მატჩს ითვლის, მათ შორის – 33 მოგებას. ბოლო, 51-ე, მატჩში რუსებთან მოპოვებული გამარჯვება განსაკუთრებული მნიშვნელობისა გახლდათ – ქართველთა გუნდი მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირში გავიდა. ამ ისტორიულ ამბავს ეძღვნება დღევანდელი სპორტული მიმოხილვა.
აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის ნახეთ სახეგაბრწყინებული და გახარებული ათეული ათასობით ქართველი, როდის იგრძენით თავი ამაყად და ბედიერად! მსგავსი სოციოლოგიური გამოკითხვა, თუ არ ვცდები, არავის ჩაუტარებია და, ალბათ, არც არის საჭირო. ნებისმიერი რესპონდენტი ხომ დაუფიქრებლად გიპასუხებთ: ასეთი იშვიათი და გულისშემძვრელი რამ მოხდა 2002 წლის 13 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა თამაშის დასრულებისას. ამ მატჩის მნიშვნელობამ და ბრძოლის სიმძაფრემ, სტადიონზე აზვირთებულმა და თბილისის ქუჩებში გადმოღვრილმა ვნებათაღელვამ, ალბათ, ბევრს, ძალიან ბევრს გაახსენა 1981 წლის 13 მაისის დიდი საფეხბურთო ღამე და ერთი სიხარულით გაერთიანებული ქართველობა. განსხვავება ის იყო, რომ მაშინდელი “ დი - ნ ა - მ ო ”, “ დი - ნ ა - მ ო ” და საბჭოთა საქართველოს ალმები “ლელო, ლელო – საქართველომ” და შინდისფერმა დროშებმა შეცვალა. განსხვავება, რა თქმა უნდა, სხვაც ბევრი მოიძებნება, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ის გახლავთ, რომ ამდენი ხნის შემდეგ, როგორც იქნა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით დიდი სპორტული დღესასწაულის მოწმენი და მონაწილენი. დღესასწაული და გამარჯვება კი, მოგეხსენებათ, მეტად აახლოებს და აკავშირებს ადამიანებს, იქნებ უფრო მეტად და მტკიცედ, ვიდრე ბევრი პატრიოტული ლოზუნგი თუ პოლიტიკური იდეა. და რაკი პატრიოტიზმი, პირდაპირი სიტყვისმიერი მნიშვნელობით, საქმის კარგად კეთებას და ხალხის უანგარო სამსახურს გულისხმობს, აქ ჩვენს რაგბისტებს ძნელად თუ მოეძებნებათ ბადალი. რაც შეეხება პოლიტიკას, ის, რაც მოედანზე მატჩის მსვლელობისას ხდება, რა თქმა უნდა, პოლიტიკა სულაც არ არის. ეს არის ღია სპორტული პაექრობა თავისი წესებითა და კანონებით, თავისი ტაქტიკითა და სტრატეგიით, მიზნებითა და შედეგით. პოლიტიკა მერე იწყება, როცა ქულებსა და ადგილებს, მოგებულ თუ წაგებულ მატჩებს მოპაექრე ქვეყნების ისტორიულ–პოლიტიკურ ურთიერთობათა სიბრტყეში განიხილავენ. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას. თუ მავანი პოლიტიკოსის ან გულანთებული პატრიოტისთვის რუს–ქართველთა სარაგბო დაპირისპირება ერეკლე მეორის დროინდელი ამბების გაგრძელებად აღიქმებოდა, წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ამ მატჩს, როგორც მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის დასკვნით შეხვედრას, უაღრესად პრინციპული მნშვნელობა ჰქონდა: მეტოქენი ფინალის საგზურისთვის იბრძოდნენ და ამ ბრძოლაში გამარჯვება საქართველოს დარჩა – 17 : 13. თუ ქართველთა ფრანგი მწვრთნელი კლოდ სორელი აქამდე ჟურნალისტებს თავაზიან უარს ეუბნებოდა, რუსებთან მატჩის შემდეგ, ასე ვთქვათ, არასპორტულ კითხვებსაც უპასუხა და ასეთი რამ განაცხადა: “ხუთი წელია საქართველოში ვცხოვრობ და, ასე თუ ისე, ვიცი რუსებთან თქვენი დამოკიდებულების ამბავი. ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა და ბიჭებსაც იმავეს ვთხოვდი, თუმცა, როცა თვალებში ჩავხედავდი, ვხვდებოდი, რომ რუსებთან შეხვედრა მათთვის თამაშზე მეტი იყო. გულშემატკივრებიც მხოლოდ გამარჯვებას ითხოვდნენ და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ხალხის ამხელა სიხარულის თანამონაწილე გავხდი. სიღარიბის ზღვარზე მდგარმა პატარა ქვეყანამ დიდ მეზობელს და სხვებსაც დაუმტკიცა, რომ ერთი, თანაც გადამწყვეტი, ბრძოლის მოგება მასაც შეუძლია.” კლოდ სორელი საქართველოში რაგბის კავშირის პრეზიდენტის ბიძინა გეგიძის ინიციატივით ჩამოვიდა – ჯერ ნაკრების კონსულტანტად დაინიშნა, მერე მთავარ მწვრთნელად დაწინაურდა. მოგვიანებით ნაკრების მეორე მწვრთნელის, თანაშემწისა და ექიმის პოსტებიც ფრანგებმა დაიკავეს. როგორც ჩანს, უცხოელ სპეციალისტთა მოწვევა, მათი მეშვეობით კი ქართველ მორაგბეთა ევროპულ გუნდებში მივლინება საქართველოს რაგბის კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი იყო, საბოლოო მიზანი – მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირში გასვლა. დღეს ბიძინა გეგიძე ამაყად აცხადებს, რომ ერთ გუნდად შეკრული და გამარჯვების სურვილით შეკავშირებული ქართული რაგბი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ და, მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, საწადელს მაინც მიაღწია: გაისად ავსტრალიაში, მსოფლიო რაგბის დიდ ფორუმზე, საქართველო თავისი ეროვნული გუნდით წარდგება.
არადა, ჩვენი რაგბი სულ ოთხი ათეული წლისაა, თანაც – მოკრძალებული საერთაშორისო გამოცდილებით და ჩვენთვის ასე ნაცნობი პრობლემებით: ქრონიკული უხსახსრობითა და უყურადღებობით. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს ნაკრებს საკუთარი საწვრთნელი ბაზა და სტადიონიც სანატრელი გახდომია, მორიგ ოფიციალურ მატჩზე გამგზავრება კი მუდმივ თავის ტკივილად ჰქცევია. ახლა ჩვენი მორაგბეების ბოლო შედეგებიც გავიხსენოთ: მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა ჭაბუკთა ნაკრები: ქართულმა გუნდმა პირველად ითამაშა შვიდკაცა რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი; ევროპის ერთა თასს დაეუფლა ეროვნული ნაკრები, ამ წარმატებათა გვირგვინად კი ავსტრალიის საგზურის მოპოვება იქცა.
მსოფლიო თასის გათამაშება 1987 წლიდან - 4 წელიწადში ერთხელ - იმართება, რაგბის ფუძემდებლის უილიამ ელისის სახელს ატარებს და უმთავრეს სარაგბო ტურნირად ითვლება. აქამდე მსოფლიო თასი ორჯერ მოიგეს ავსტრალიელებმა, თითოჯერ – ახალზელანდიელებმა და სამხრეთაფრიკელებმა. ფინალურ ტურნირში, როგორც წესი, 4 ჯგუფში განაწილებული პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. 18 ფინალისტი უკვე ცნობილია, დარჩენილ 2 ადგილს ე.წ. სანუგეშო შეჯიბრებაში გამარჯვებულები შეავსებენ. “C” ჯგუფში საქართველოს მეტოქეები იქნებიან: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, სამოა და ურუგვაი. კლოდ სორელი რეალისტია და ჯგუფიდან გასვლა, ანუ პირველ–მეორე ადგილების დაკავება, შეუძლებლად მიაჩნია, მაგრამ იმის პირობას იძლევა, რომ ქართველები ოთხივე მეტოქესთან ღირსეულად იბრძოლებენ. მანამდე კი, მინდა იმათი გვარ–სახელები შეგახსენოთ, ვინც 13 ოქტომბერს დიდი ზეიმი გვაჩუქა: ბესიკ ხამაშურიძე, მალხაზ ურჯუკაშვილი, თედო ზიბზიბაძე, კახა ალანია, ვასილ კაცაძე, პავლე ჯიმშელაძე, ირაკლი აბუსერიძე, გოდერძი შველიძე, ავქსენტი გიორგაძე, ლევან ცაბაძე, ვიქტორ დიდებულიძე, ვანო ნადირაძე, ზურაბ მჭედლიშვილი, გია ლაბაძე, ილია ზედგენიძე, გიორგი ელიზბარაშვილი.