Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემას პანკისის


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემას პანკისის

ხეობის ახალგაზრდობის პრობლემებს და ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობების თემას ვუთმობთ, წარმოგიდგენთ დუისელ ქალბატონ მექა ხანგოშვილს, რომელიც ეკა წამალაშვილს პანკისის ხეობაში ჩეჩნების ჩამოსახლების ისტორიაზეც ესაუბრა.
სიმღერა, რომელიც ჩვენს გადაცემას ფონად გასდევს, ცნობილ ჩეჩენ მომღერალს, ჩეჩნეთის სახალხო არტისტს, ბირლიანტ რამზაევას ეკუთვნის. მის შესახებ “ქალი და მსოფლიოს” ბოლო გადაცემაში გვქონდა საუბარი. და მაინც, შეგახსენებთ, რომ ბირლიანტ რამზაევა ლტოლვილია და შვილებთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

ამ სიმღერის ტექსტი ბირლიანტ რამზაევას მეუღლეს მაკელ საბდულაევს ეკუთვნის. ის ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილე იყო. ბირლიანტ რამზაევამ დღევანდელ ჩეჩნეთში ქმრის კვალს ვერსად მიაგნო. სიმღერაც, რომლითაც ბირლიანტი ცდილობს ჩეჩნეთის ტრაგედია მსოფლიოს ერებს მიაწვდინოს, ბირლიანტმა მეუღლეს მიუძღვნა. .

[მექა ხანგოშვილის ხმა] “ დღეს ჩეჩენი ერი ღვთის ანაბარაა დარჩენილი. კაცობრიობა დუმს, ნამდვილად ცოდვით მთვრალია ჩეჩნეთის მაგალითზე. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჩეჩნეთს მხარში უდგას, საქართველოა. 5 ჩეჩენის ექსტრადიციაც, მე ასე ვიტყვი, იძულებითი ნაბიჯი იყო. მართალია, ამ შემთხვევაში დაირღვა ყველაზე მნიშვნელოვანი – სტუმარმასპინძლობის ტრადიცია, მაგრამ მოსახდენი მოხდა. ამაზე საუბარი არც ღირს”.

მექა ხანგოშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ფაკულტეტი. 1993-94 წლებში გროზნოში ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა. იქ შეესწრო ომის დაწყებას, თუმცა ბავშვობაში ბებიისა და პაპის მონათხრობები ომის შესახებ ზღაპრად ეჩვენებოდა და ეგონა, რომ ომი არასდროს განმეორდებოდა. მექა გროზნოდან ომს გამოექცა და პანკისში დაბრუნდა. 1996 წელს საკუთარ დას, მედინას, ახლო აღმოსავლეთში ჩააკითხა. სირიასა და იორდანიაში მექა და მედინა ხანგოშვილები ვაინახების შესახებ ცნობებს აგროვებდნენ. მექა ამჯერად თბილისში “კავკასიურ სახლში” ჩეჩნურ-ჩერქეზულ განყოფილებას ხელმძღვანელობს და კავკასიელი ხალხების კულტურით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებს ჩეჩნური ენის შესწავლაში ეხმარება. ამ ახალგაზრდა ქისტ ქალბატონს მეც “კავკასიურ სახლში” შევხვდი, კულტურული ურთიერთობების სახლში, რომელიც რუსეთის მასმედიამ ამას წინათ ტერორისტთა ერთ-ერთ თავშესაფრად მოიხსენია. აი, რა გვიამბო მექამ პანკისში ქისტების ჩამოსახლების შესახებ:

[მექა ხანგოშვილის ხმა] “პირველი ქისტი, ვინც პანკისში ჩამოვიდა, იყო ჩემი მეხუთე პაპა დუი დიშნოელი. ერთი სიტყვით, ქისტებს შორის პირველი ზარი პანკისში დიშნოელებმა შემოჰკრეს.”

დუი დიშნოელი ითომხალოელი ჩეჩენი ყოფილა. პანკისში ჩამოსახლებამდე მას მატნელ თავადებთან, ჩოლოყაშვილებთან, ხშირი კონტაქტები ჰქონია. ჩოლოყაშვილებს დუი დიშნოელისთვის კახეთში მიწა-წყალი შეუთავაზებიათ იმ პირობით, რომ ქისტები კახეთს ლეკების შემოტევისგან დაიცავდნენ.

[მექა ხანგოშვილის ხმა] “სისხლი მართებდა დუის. ის 1826 წელს დაბრუნდა ჩეჩნეთში, აიღო სისხლი. ამის შემდეგ დუის ჩეჩნეთში აღარ დაედგომებოდა და თავისი შვილებით, შვილიშვილებითა და ცხვარ-ძროხით პანკისის ხეობაში ჩამოვიდა.”

სწორედ მექა ხანგოშვილის დიდი პაპის დუის სახელს ატარებს სოფელი დუისი. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში ალაზნის გადაღმა ტერიტორია ხლიხაროელ უმაისაც მოსწონებია. თავის ორ ძმასთან ერთად იქ დასახლებულა. უმაის სახელი დარქმევია ომალოს. 1851 წელს პანკისში ქისტების კიდევ ერთი ნაკადი ჯოყოლა დარქიზანაშვილს ჩამოუყვანია. მექას მონათხრობით:

[მექა ხანგოშვილის ხმა] “როდესაც შამილმა შარიათის კანონების გავრცელება დაიწყო, მთიელები ვერ ეგუებოდნენ შარიათის კანონებს და წინააღმდეგობას უწევდნენ მას. ერთ-ერთი სერიოზული მოწინააღმდეგე ჯოყოლა ყოფილა. ამ წინააღმდეგობის გამო შამილმა მთას ბლოკადა გამოუცხადა და ქისტები იძულებულნი გახდნენ აქეთ გადმოსულიყვნენ”.

საქისტოს ტბასთან ჯოყოლასა და გავლენიანი თუშის, ივანე ცისკარიშვილის, ძმად გაფიცვის ცერემონიალს ქისტები დღემდე იხსენებენ. მათი ცნობებით, ჯოყოლა ბარის პირობებს ვერ შეჰგუებია და, პანკისში ჩამოყვანილ ქისტებთან ერთად, სამშობლოსკენ, მაისტიკენ, დაძრულა. ქისტების უკან მობრუნება ივანე ცისკარიშვილს და მის რაზმს უცდია. წიფლოვანის ტყეში ქისტებსა და თუშებს შორის შეტაკება მომხდარა. ივანე ცისკარიშვილი ამ შეტაკებაში დაღუპულა.

[მექა ხანგოშვილის ხმა] “ივანეს უნდოდა დაბრუნებულიყო ჯოყოლა, ვინაიდან ის ძალიან დიდი ძალა იყო. მისი ჩამოსვლის შემდეგ, ფაქტიურად, შეწყდა ლეკთა თარეში. ჯოყოლა მცირე რაზმით მაინც დაბრუნდა მაისტში. ნაწილი ჩეჩნებისა კი მობრუნდა პანკისის ხეობაში. მე ვიცი, რომ ჯოყოლა ძალიან განიცდიდა ივანეს სიკვდილს. ვერ პატიობდა თავის თავს, რომ ქისტებთან შეტაკებაში მისი ძმადნაფიცი დაიღუპა.”[სტილი დაცულია]

ჯოყოლა დარქიზანაშვილის ცხოვრების შესახებ ისტორიული ცნობები მექას გროზნოში ყოფნისასაც მოუსმენია ჩეჩენი მწერლის დალხან ხოჟაევისგან, რომელიც ჩეჩნეთის ომში დაიღუპა. ხალხური გადმოცემების მიხედვით, სწორედ შარიათის კანონებს გამოქცეული ჯოყოლას ცხოვრება გამხდარა ვაჟა-ფშაველას შთაგონების წყარო. ქისტების ცნობით, ვაჟას ჯოყოლად სწორედ ჯოყოლა დარქიზანაშვილი უნდა წარმოვიდგინოთ.

ის, რაც პანკისში ქისტების ჩამოსახლების შესახებ მექასგან მოვისმინე, ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ ზღაპარი არ იყო. ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობები დღემდე ასეთია. მექას თქმით, ჩეჩნების ადათ-წესია, აღარ ილაპარაკონ იმაზე, რაც უკვე მოხდა; არ ილაპარაკონ იმაზე, რაც სწყენიათ. ამიტომაც არის, რომ 5 ჩეჩენის რუსეთში ექსტრადირებაზე ისინი მარტო იმასღა ამბობენ, ეს, ალბათ, იძულებითი ნაბიჯი იყოო. ჩეჩნები აფხაზეთში მომხდარზეც დუმილს ამჯობინებენ, რაც, მექას თქმით, იმას ნიშნავს, რომ ეს თემა მათთვის ძალიან მტკივნეულია.

[მექა ხანგოშვილი] “აფხაზეთის ტკივილი ჩემთვისაც ძალიან დიდი ტკივილია. როდესაც ამ ომში ჩეჩნებმა მონაწილოების მიღება დაიწყეს, მე გროზნოში ვიყავი. ეს იყო დიდი ტრაგედია ჩეჩენი ერისათვის. დუდაევმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩეჩენი, რომელიც, აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოლებდა, ჩეჩნების მტრად გამოცხადდებოდა. მე ვარ მოწმე, როცა მამამ აფხაზეთიდან ჩამოსვენებული შვილის გვამი სახლში არ შეიტანა და არ დაიტირა, არ აპატია ქართველების ღალატი. ისტორიის ქექვა არ შეიძლება. ვაჟკაცების წესია – სათქმელი ერთხელ თქვან და დაამთავრონ.”

აფხაზეთში ომი შეწყდა, ჩეჩნეთში კი ომი დღესაც გრძელდება. ამ ომში 100000 ჩეჩენი წამებით მოკლეს. მთელი ჩეჩენი ერის განადგურების მცდელობას ჩეჩნები მარტონი უპირისპირდებიან. მათ ტრაგედიას ტერორიზმის იარლიყით ნიღბავენ. ჩვენ შევეცადეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობების დეტალები შეგვეხსენებინა, - ისტორია, რომელიც გაცილებით ღრმაა, ვიდრე დღევანდელობა, რომელიც ტერორისტების ისტორია არა არის და რომელსაც მთელი ერის ტერორისტებად შემრაცხველები ვერასდროს გაიგებენ.




მექა ხანგოშვილთან საუბარი ამით არ დაგვისრულებია. ამ ქალბატონის მონათხრობში ისტორიის, ფოლკლორისა და მითოსის რომელიმე კარგად მცოდნე პირმა შეიძლება უაღრესად საინტერესო პლასტები აღმოაჩინოს. მაგრამ მექა ხანგოშვილი იმ პრობლემებზეც ლაპარაკობს, რომლებიც დღეს საზიაროა ეთნიკური ჩეჩნებისა და ქართველებისათვის, საზიაროა, რადგან მათი გადაწყვეტა მხოლოდ საქართველოში შეიძლება.

გაუნათლებელი კაცის მართვა ადვილია. თუ დღეს პანკისის ხეობაში არასასურველი მოვლენები ვითარდება და მდგომარეობა გამწვავებულია, ამის მიზეზი განათლების დონის დაცემაში უნდა ვეძიოთ. განათლების დონე, საერთოდ, საქართველოში დაეცა, მაგრამ განსაკუთრებით მძაფრად ეს იგრძნობა იმ ადგილებში, სადაც მკვიდრი მოსახლეობა შეიძლება ვერ ფლობდეს ქართულ ენას, თქვა მექა ხანგოშვილმა ჩვენთან საუბრისას და გაიხსენა, რომ თავად საბავშვო ბაღის შემდეგ, დაწყებით სკოლაში შესვლისას, უკვე იცოდა ქართული ენა, ხოლო პანკისის ხეობაში საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, იიქ მიღებული ცოდნით უნივერსიტეტში ჩააბარა. დღეს პანკისის ხეობის ქისტურ სოფლებში სხვა ვითარებაა. ბავშვები ქართულ ენას, პრაქტიკულად, ვერ ფლობენ, რუსული არ იციან და, ამდენად, შეიძლება, საერთოდ, განათლების გარეშე დარჩნენ, რადგან საქართველოში სწავლება მათთვის მშობლიურ ენაზე არ მიმდინარეობს. თუმცა ბოლო სამი წლის მანძილზე მცირე ძვრები არის: ჩეჩნეთში კონფლიქტის განახლების შედეგად საქართველოში ათასობით ლტოლვილის გადმოსვლის შემდეგ, მათი დასახლების ადგილებში, გაეროს ძალისხმევით, შეკეთდა და სასწავლებლად ვარგისი გახდა პანკისის ხეობის სოფლის სკოლათა უმეტესობა. მექა ხანგოშვილი ემადლიერება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომელთაც საშუალება მისცეს ქისტ ახალგაზრდებს, თბილისში დაეუფლონ ცოდნას. ამას, მექა ხანგოშვილის აზრით, სხვა პოზიტიური ასპექტიც აქვს [ხანგოშვილის ხმა]: “აქ ერთი კარგი მომენტია: ხდება ქისტი ახალგაზრდების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. გაუცხოება იმდენად დიდი იყო, ამ სამი წლის წინ თბილისში რომ ჩამოვიყვანე ქისტი ახალგაზრდები, აქ, როგორც ველურებს, ისე უყურებდნენ. ისინიც დამფრთხალნი იყვნენ. მაგრამ დღეს ამ ბავშვებს თბილისელი ამხანაგები მიჰყავთ პანკისის ხეობაში. თბილისელებსაც იმდენად სჯერათ ამ ახალგაზრდების, რომ მსოფლიოში ცხელ წერტილად აღიარებულ ადგილას თავისუფლად მიდიან. ეს ძალიან კარგი შედეგია. და თუკი შეიძლება, რომ პანკისის ხეობაში საქმე მოგვარდეს, სტაბილიზაცია დამყარდეს – ეს შეიძლება მხოლოდ სწავლა-განათლების შედეგად. ეს არის, მე ვიტყოდი, გზა ხსნისა.”.

ჩვენს მსმენელებს შეიძლება ახსოვდეთ, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოს ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში არსებობდა კვოტა საინგილოს მკვიდრი ქართველი აბიტურიენტებისათვის. მსგავსი პრაქტიკის დანერგვის მოწადინეა დღეს მექა ხანგოშვილი პანკისელი ქისტებისათვის და არა მარტო: პანკისში უჭირს ქართულ მოსახლეობასაც. რაც შეეხება ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს, ისინი არ გამოთქვამენ სურვილს, ისწავლონ საქართველოში, რადგან, ჩანს, არ აპირებენ აქ დარჩენას.

დღესდღეობით ჩეჩნური ენის, კულტურის, ფოლკლორის, ჩეჩენი ხალხის ისტორიის პოპულარიზაციასა და განმარტებას თუ სადმე ცდილობენ, ერთი ასეთი ადგილი თბილისიცაა, კერძოდ, კავკასიური სახლი. ეს ორგანიზაცია გამოსცემს წიგნებს, დაინტერესებულ პირებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ასწავლის კავკასიურ ენებს. კავკასიური სახლის მესვეურს, ნაირა გელაშვილს, არაერთხელ უთქვამს, რომ საერთო კავკასიური რაობის შეგრძნება და გააზრება ჩვენთან მხოლოდ იწყება.
XS
SM
MD
LG