Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოს უფლებამოსილება და პოლიტიკოსთა უსაზღვრო ამბიცია


2 ივნისის არჩევნების შემდეგ აგორებული 5-თვიანი გაუგებრობა, როგორც ჩანს, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევით არ დასრულდება. აშკარაა, რომ პოლიტიკოსთა დაპირისპირება ახალ,

უფრო მწვავე ფაზაში გადადის. ამხელა ხმაურის ფონზე, ხალხს უკვე, ლამისაა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტისას აღემატება.

სინამდვილეში, საკრებულოს უფლებამოსილება არც ისე უსაზღვროა, როგორც ზოგიერთებს - და, მათ შორის, პოლიტიკოსებსაც - სჯერათ. ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ კანონის მიხედვით, საკრებულოს კომპეტენციას წარმოადგენს: ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა-დამტკიცება და კონტროლი მის შესრულებაზე, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა თუ გეგმების დამტკიცება და კონტროლი, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, გაუქმება ან მათზე შეღავათების დაწესება. ერთი სიტყვით, სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის მრავალ საჭირბოროტო საკითხზე მსჯელობა, განხილვა, დამტკიცება ან არდამტკიცება.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ის: იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და დახურულად აცხადებს საკრებულოს სხდომას, უძღვება სხდომაზე საკითხის განხილვას, უზრუნველყოფს პროცედურების დაცვას, ადგენს სხდომის დღის წესრიგს და გამოსვლის მსურველთა სიას. თუმცა, ჩემთან მოსაუბრე თბილისელების აზრით, ამჟამინდელი თავმჯდომარის სუპერაქტიურობიდან გამომდინარე, ახალ საკრებულოში გამოსვლის შანსი ცოტას თუ მიეცემა. ისინი მიიჩნევენ, რომ საკრებულოს უფლებამოსილება მიხეილ სააკაშვილის, ასე ვთქვათ, ფეთქებადი ამბიციებისთვის ნამეტანი ვიწრო შეიძლება აღმოჩნდეს. ჩემი რესპონდენტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი ეჭვები თავის დროზე სააკაშვილსაც გაუჩნდა, მაგრამ თავი შეიკავა, რადგანაც ამომრჩევლის გაწბილებას მისთვის შეიძლება პოლიტიკურად საბედისწერო შედეგი მოეტანა.

ბოლო პერიოდში, თბილისში გავრცელდა ხმა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები რაზმებად მოძრაობენ და უკანონო მშენებლობებს პირდაპირი მნიშვნელობითაც ებრძვიან. საუბარია ამგვარი ნაგებობების უროებითა და შრომის სხვა მსგავსი იარაღებით დანგრევის მცდელობაზე. ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ასეთი ფაქტების არსებობას უარყოფს და გვაფრთხილებს, რომ თუკი ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შენობების ნგრევისას წავასწარით, ეჭვი მაინცდამაინც “ნაციონალებზე” არ მივიტანოთ. თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტის სწორად განაწილებისა და კორუფციასთან ბრძოლის პარალელურად, თბილისის საკრებულოში შესული ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ პრიორიტეტად კვლავ უკანონო მშენებლობების აღკვეთა რჩება.

საკრებულოს თავმჯდომარეობას, როგორც ასეთს, ძლიერ იარაღად მიიჩნევს სააკაშვილის მწვავე ოპონენტი, წინა მოწვევის საკრებულოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი წევრი, ჯონდი ბაღათურია:

(ჯონდი ბაღათურიას ხმა) “საკრებულოდან ნამდვილად შეიძლება ლოკალური მასშტაბის პრობლემების რეალიზებაც და ცოტა უფრო მასშტაბური პრობლემების, შესაძლოა, რეალიზება – არა, მაგრამ საფუძვლის ჩაყრა რეალიზებისთვის. ეს საკმაოდ დიდი გავლენაა, რაც მიხეილ სააკაშვილს ხელში აქვს”. ჩემთან მოსაუბრე თბილისელები საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ამ გავლენის გამოყენებას დამშვიდებული ემოციებისა და ამბიციების ფონზე ურჩევენ .
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG