Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კვირას შეერთებული შტატების კონგრესის საშუალედო არჩენებში წარმატება ხვდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის რესპუბლიკურ პარტიას. მან შეინარჩუნა უპირატესობა წარმომადგენელთა პალატაში,

ხოლო სენატში ერთი ხმა მიიმატა. ამგვარად, ახლა რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებენ. რა შედეგები ექნება ამ გამარჯვებას ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე?

ბევრი მიმომხილველი საშუალედო არჩევნების ასეთ შედეგს არ მოელოდა. ბევრს ეგონა, რომ კონგრესის პარტიული შემადგენლობა უცვლელი დარჩებოდა: რუსპუბლიკელებს ექნებოდა უმნიშვნელო უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში, დემოკრატებს კი ასეთივე უმნიშვნელო უპირატესობა სენატში.

მაგრამ დემოკრატებს ბედმა უმტყუნა. პირველი დამარცხება მათ განიცადეს ჩრდილოეთი კაროლინის შტატში, სადაც სენატორობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ელიზაბეთ დოულმა დაამარცხა დემოკრატი ერსკინ ბაულზი, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რომელსაც გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა.

ჯორჯიის შტატში კი რესპუბლიკელმა სექსბი ჩემბლისმა დაამარცხა სენატორი მაქს კლელანდი, ომის ორდენოსანი ვეტერანი, რომელმაც ვიეტნამში ხელი და ორივე ფეხი დაკარგა. ჩემბლისი თავის საარჩევნო კამპანიაში კლელანდს ახასიათებდა, როგორც ადამიანს, რომელიც საკმარისად არ უჭერს მხარს ბუშის მცდელობებს დაიცვას ამერიკელები ტერორიზმისგან.

რესპუბლიკელებს წარმატება ხვდათ ფლორიდის შტატშიც. იქ გუბერნატორად ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტის ძმა ჯებ ბუში. სამადლობელ სიტყვაში გუბერნატორმა თქვა:

[ჯებ ბუშის ხმა] "მინდა მადლობა გადავუხადო დედაჩემს და მამაჩემს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს ცხოვრებაზე და მინდა მადლობა ვუთხრა შეერთებული შტატების დიად პრეზიდენტს, იმისთვის, რომ მოვიდა და დახმარების ხელი გაუწოდა თავის უმცროს ძმას."

ანალიტიკოსების თქმით, ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, რას მისცემს ჯორჯ ბუშს კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი. ვარაუდობენ, რომ ამან შეიძლება ზურგი გაუმაგროს პრეზიდენტს იურიდიულ უწყებაში ოფიციალური პოსტების შევსებისას და აგრეთვე გადასახადების შემცირების საქმეში.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, საშუალედო არჩევნების შედეგებს მასზე რაიმე შესამჩნევი გავლენა არ ექნება. პოლიტიკური ანალიტიკოსი ლარი საბატო ამბობს, რომ ბუში ისედაც თავისუფლად მოქმედებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ერყის წინააღმდეგ ომის დაწყების საქმეში.

[საბატოს ხმა] "საერთოდ, საგარეო პოლიტიკა, კარგია ეს თუ ცუდი, ძირითადად პრეზიდენტის პრეროგატივაა. და ამ პრეზიდენტს განსაკუთრებით, მამამისის მსგავსად, ეს მას პირად საქმედ მიაჩნია; ის გააკეთებს იმას რასაც საჭიროდ ჩათვლის დღეს, ხვალ, ზეგ და შემდეგაც, განურჩევლად იმისა, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს."

პოლიტიკურ მეცნერებათა ვაშინგტონელი პროფესორის ნათან ბრაუნის აზრით, ბუშს არ სჭირდება კონგრესზე ზეწოლის განხორციელება საგარეო პოლიტიკის სფეროში, ვინაიდან კონგრესმა, ტერორიზმთან ბრძოლისა და ერაყთან კონფრონტაციის საქმეში, თვითონ გამორიცხა თავისი გავლენა, პოლიტიკური გათვლა-გამოთვლების შედეგად. დემოკრატებმა ჩათვალეს, რომ ომის წინააღმდეგ უდრეკი პოზიცია მაინც ვერ შეაჩერებს ომს, ხოლო თუ საქმე მრუდად წავიდა, ამას დემოკრატებს დააბრალებენ.

ვაშინგტონელი ექსპერტი სტივენ ჰესი უფრო შორს მიდის. მისი აზრით, დემოკრატებს კიდეც რომ დაემყარებინათ კონტროლი ორივე პალატაზე, ეს საქმის ვითარებას არ შეცვლიდა. შეკითხვაზე, ხომ არ მოუხდებოდა ბუშს ამ შემთხვევაში თავისი საგარეო პოლიტიკის უფრო დეტალურად დასაბუთება, ჰესმა თქვა: ახსნა-განმარტება ბუშის სტილი არ არისო.

ორი წლის შემდეგ ბუშს საპრეზიდენტო არჩევნები მოელის და მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში წარმატება ვერ უზრუნველყოფს კიდევ 4 წლით თეთრ სახლში დარჩენას; თუ ამერიკის ეკონომიკა არ გაჯანსაღდება, ბუში, ისევე როგორც თავის დროზე მამამისმა, შეიძლება დაკარგოს პოპულარობა.
XS
SM
MD
LG