Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრთა კაბინეტის დილემა


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 11 ნოემბერს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ისევ წამოსწია კონსტიტუციური ცვლილებების - სახელდობრ, მინისტრთა კაბინეტის შემოღების - საკითხი. პრეზიდენტის განცხადებით,

მას არ გაუწვევია პარლამენტიდან შესაბამისი კანონპროექტი და მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა მისი განხილვა. რამდენად შესაძლებელია მოქმედი პარლამენტის ვადის ამოწურვამდე კონსტიტუციაში ესოდენ მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება?

მინისტრთა კაბინეტის თემა, შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, ქართული პოლიტიკის გამჭოლ მოტივად რჩება. კანონპროექტის პარლამენტში შეტანისთანავე მას სკეპტიკურად მოეკიდნენ ის ძალებიც, თითქოს მისი მიღებით რომ იყვნენ დაინტერესებულნი. პოლიტიკურ ჯგუფთა უმეტესობა იმთავითვე შეთანხმდა, რომ კანონპროექტი ამსუბუქებდა პრეზიდენტის პასუხისმგებლობას და ზღუდავდა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებას. ამის მიუხედავად, ზურაბ ჟვანია, მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარე, შეეცადა კანონპროექტის გატანას, მაგრამ უშედეგოდ. ჟვანიას მცდელობა, შეიძლება ითქვას, განწირული იყო იმ მომენტიდან, როცა პრეზიდენტმა სწორედ სპიკერი დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. შევარდნაძემ ამით ოპონენტები დარაზმა ჟვანიას წინააღმდეგ, რასაც, საბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციაში გადასვლა მოჰყვა. ამის მერე მინისტრთა კაბინეტის საკითხი სუსტად თუ შეგვახსენებდა თავს. სულ ბოლოს ის ახსენა პარლამენტის ახლანდელმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომლის აზრითაც, ამ კონსტიტუციური ცვლილების განხორციელება მრავალ პრობლემას მოუხსნიდა ქვეყანას.

თავისთავად მინისტრთა კაბინეტს პანაცეად არავინ სახავს. სახელმწიფო მმართველობის სისტემის შეცვლა არ წარმოადგენს პირობას ამ სისტემის მხოლოდ გაუმჯობესებისათვის. თუმცა ეს სხვა საკითხია. კონკრეტულ საკითხს, კონსტიტუციური ცვლილების მიღებას პარლამენტის მიერ, თვითონ პარლამენტარები სკეპტიკურად უყურებენ, ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ბანაკს მიეკუთვნებიან ისინი. მაგალითად, ფრაქცია “თანადგომის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა მითხრა [ახვლედიანის ხმა]: “განხილვა, ალბათ, შესაძლებელი იქნება; რაც შეეხება გადაწყვეტას – გაჭირდება იმიტომ, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე”. არმაზ ახვლედიანი დასძენს, რომ თეორიული შანსი მაინც არსებობს იმისა, რომ ფრაქციები შეთანხმდნენ და გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, მაგრამ, მისი აზრით, მინისტრთა კაბინეტის საკითხი უფრო მომავალ პარლამენტს გადაელოცება.

ეჭვით ეკიდება მინისტრთა კაბინეტის იდეის ხორცშესხმას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა დავითაშვილიც. ეჭვის მიზეზი პარლამენტის არაქმედუნარიანობაა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტილებას ისეთ საკითხებზეც ვერ იღებს, ნაკლები კვორუმი რომ სჭირდება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვება მით უმეტეს გაუჭირდება. ეგეც არ იყოს, კობა დავითაშვილის აზრით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ქვეყნის თურქმენიზაციას ისახავს მიზნად და ამ მიზანს მხარდამჭერი დღევანდელ პარლამენტშიც კი არ ეყოლება.

იგივე აზრი ცოტა ვრცლად გამოხატა მრეწველთა საპარლამენტო ფრაქციის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ. მან მითხრა, რომ პრეზიდენტის მოდელის რეალიზება ქვეყანას მიიყვანს, მინიმუმ, ავტორიტარულ მმართველობამდე და კიდევ კარგი, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი კანონპროექტი ამ პარლამენტში განწირულია. [ხმალაძის ხმა]: “რაც შეეხება ნორმალური, კლასიკური მოდელის მიღებას, ვთქვათ, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელისა – მე ვფიქრობ, ამაზე პრეზიდენტი არ წავა. მას პარლამენტში საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერები ჰყავს საიმისოდ, რომ ეს საკითხიც ვერ გავიდეს”.

ასე რომ, დასძენს ვახტანგ ხმალაძე, თუ პრეზიდენტი თვითონ არ განეწყო კლასიკური მოდელის სასარგებლოდ, კონსტიტუციური ცვლილების მიღება პარლამენტში შეუძლებელი იქნება.
XS
SM
MD
LG