Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ევროკავშირის ლიდერებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს კალინინგრადის საკითხზე.

ბრიუსელში გამართულ ერთდღიან სამიტზე ორივე მხარემ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს "სტრატეგიულ პარტნიორობას" ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

სწორედ ხსენებული შეთანხმება დაედო საფუძვლად ერთობლივ დეკლარაციას ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების, უშიშროების სფეროში თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობათა შემდგომი გაფართოების შესახებ. ერთადერთი, რაც დეკლარაციას აკლდა, აზრთა ერთიანობა იყო ჩეჩნეთის საკითხში.

წარსულში ევროკავშირი, ერთობლივი დეკლარაციის გამოქვეყნებისას, როგორც წესი, ჩეჩნეთის პრობლემასაც მოიხსენიებდა, მაგრამ ამჯერად ეს საკითხი დღის წესრიგში არ იქნა შეტანილი და მასზე მსჯელობა პრესას მიანდეს სამიტის დამთავრების შემდეგ.

"სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ მიღწეულია შეთანხმება კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ნაწილს შორის ტრანზიტის თაობაზე" – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილება გამოთქვა ვლადიმირ პუტინმაც: [ვლადიმირ პუტინის ხმა] "აქ, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, საგულდაგულოდ განვიხილოთ ევროკავშირის მოახლოებული გაფართოების მოსალოდნელი შედეგები. და ამათგან ჩვენთვის, ბუნებრივია, პირველ პლანზე, კალინინგრადის პრობლემა იყო. ეს მწვავე საკითხია ჩვენთვის და მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვართ ."

ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ბრიუსელში იქნა მიღებული, დაგმობილია ტერორიზმი მისი ყველა გამოვლინებით და აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და რუსეთი ერთად არიან გლობალურ კოალიციაში ტერორიზმის წინააღმდეგ. დეკლარაციაში მძაფრადაა დაგმობილი მძევლების ამასწინანდელი დატყვევება მოსკოვში და ნათქვამია, რომ ამგვარ ქმედებას არ შეიძლება, გამართლება მოენახოს.

რაც შეეხება ჩეჩნეთის პრობლემას, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან კერძო საუბარში ვერ შეძლეს ამ საკითხში თავიანთი პოზიციის
განსაზღვრა. ზოგიერთი მათგანის თქმით, ევროკავშირმა გაიზიარა აზრი, რომ ჩეჩნეთის კონფლიქტში საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფები მონაწილეობენ. ხოლო დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, სამიტის დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი "უაღრესად შეშფოთებულია" ჩეჩნეთში შექმნილი ვითარების გამო: [ანდერს ფოგ რასმუსენის ხმა] "ჩეჩნეთის კონფლიქტი ტერორიზმის კონტექსტში არ უნდა იქნეს განხილული. სტაბილური მშვიდობის დამყარება მხოლოდ პოლიტიკური გზითაა შესაძლებელი. ევროკავშირი კვლავაც ყურადღებით გაადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას. ადამიანის უფლებებს ორივე მხარემ უნდა სცეს პატივი, ხოლო ამ უფლებათა დამრღვევნი დაუყოვნებლივ უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე".

მაგრამ პუტინმა თავის გამოსვლაში კატეგორიულად გამორიცხა ყოველგვარი მოლაპარაკება ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერებთან. მან თქვა, რომ რუსეთი მხოლოდ იმ ჩეჩნებთან ჩაებმება "პოლიტიკურ პროცესში", ვინც შეწყვეტს შეიარაღებულ ბრძოლას და დასძინა, რომ "ბანდიტებისა და ტერორისტების" წინააღმდეგ ბრძოლა სულ სხვაა და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

პუტინი კიდევ უფრო შორს წავიდა, როცა ჩეჩნეთიდან მომდინარე მუქარას შეეხო. მან თქვა, რომ ჩეჩენ მეამბოხეთა საბოლოო მიზანია დააარსონ "მსოფლიო სახალიფო", რომლისგანაც ვერც ერთი ქრისტიანი, ათეისტი თუ ზომიერი მაჰმადიანი ვერ იქნება დაცული.
XS
SM
MD
LG