Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუწყდება თუ არა 15 ნოემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება თბილისს


ბუნებრივი აირის შეწყვეტის თემა დედაქალაქში, ვინ იცის, უკვე მერამდენედ წამოიჭრა და, როგორც ჩანს, ეს პრობლემა თბილისელებს არც მომავალ ზამთარს მოაკლდებათ.

თუკი 15 ნოემბრამდე “თბილგაზი” “საქგაზს” ოქტომბერში დაგროვილ ვალს - 1 800 000 ლარს არ გადაუხდის, დედაქალაქს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.

“საქგაზის” გენერალური დირექტორი ლეონიდ დეიკალო კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და ოქტომბრის დავალიანების დარჩენილი ნაწილის დაფარვას მკაცრად ითხოვს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ “იტერას” ბიზნეს-მიზნების საბოლოოდ ჩაშლის შემდეგ მისგან და, ესე იგი, იმავე “საქგაზისგან” ქართული მხარე დათმობებს აღარ უნდა ელოდეს. მით უმეტეს, რომ, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი ამ კუთხით უკანონოს არაფერს გვთხოვს და, ერთი შეხედვით, არც მისი მუქარა სცილდება შეთანხმების ფარგლებს.

თუ გვსურს, რომ პრობლემები თავიდან ავიშოროთ, გამოსავალი ერთადერთია – “თბილგაზმა” მოხმარებული ენერგომატარებლის საფასური მათემატიკური სიზუსტით უნდა გადაიხადოს. გამკაცრებული ვითარების ფონზე მკაცრდება სახელმწიფო მინისტრიც და ბუნებრივი აირის გამანაწილებელი საწარმოს მოვლა-პატრონობას სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს ავალებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისის უგაზოდ დატოვებისათვის პასუხს ჯორბენაძე პირდაპირ მირცხულავას მოსთხოვს.

საბედისწერო 1 800 000 ლარის გადასახდელად ამჟამად შემუშავებულია სქემა, რომლის მიხედვითაც, მილიონი ლარი - საბიუჯეტო კრედიტმა, 400 ათასი ლარი - მოსახლეობამ, ხოლო 200-200 ათასი ლარი ადგილობრივმა და ცენტრალურმა ბიუჯეტებმა უნდა დაფაროს. მოსახლეობა შიშობს, რომ თანხის შეგროვებას სახელმწიფო ვერ მოახერხებს და მათ ზეგიდან ბუნებრივ აირთან გამომშვიდობება მოუწევთ. უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი “თბილგაზის” ფინანსური დირექტორი დავით გურგენაშვილი:

(დავით გურგენაშვილის ხმა) “მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია, ამჟამად შედეგებს ვაფიქსირებთ და, პარალელურად, ვმუშაობთ იმ ვიწრო ადგილებზე, რომელიც ჯერ გადაუწყვეტელია. მაგრამ მონახაზები ისეთია და პროგნოზი ისეთია, რომ 15 რიცხვისთვის ეს სქემა უნდა შესრულდეს”. ოპტიმიზმის მიუხედავად, გურგენაშვილი დარწმუნებული არ არის, რომ ყველაფერი სასურველი სცენარის მიხედვით წარიმართება.

თუკი საკითხს უფრო მასშტაბურ ჭრილში განვიხილავთ, ადვილად მივხდებით, რომ უმთავრესი პრობლემა ოქტომბრის დავალიანების გადახდის შემთხვევაშიც კი არ გადაიჭრება. 25 ნოემბერს დღის წესრიგში დადგება ნოემბერში მოხმარებული ენერგომატარებლის საფასურის (დაახლოებით 4, 5 მილიონი ლარის) წინასწარ გადახდის მძიმე საკითხი.

ზამთრის დადგომასთან, ანუ ბუნებრივი აირის მოხმარების გაზრდასთან ერთად, პრობლემები, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გამწვავდება. თუკი ამჟამად დღე-ღამის მოხმარება დაახლოებით 760 ათას კუბურ მეტრს შეადგენს, იგივე მაჩვენებელი ზამთარში მილიონ 200 ათასსაც შეიძლება გაუტოლდეს. ყოველივე ეს მოსახლეობას - უგაზოდ დარჩენის შიშის, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს - კიდევ უფრო დიდი ფინანსური თავსატეხის, ხოლო თავად მირცხულავას ჯორბენაძის წინაშე დააყენებს.

სახელმწიფო მინისტრი ენერგეტიკის მინისტრის ვრცელ მოხსენებას თემაზე - როგორ ვუშველოთ “თბილგაზს” სულ მალე მოელის. საინტერესოა, რომ ამ კუთხით მირცხულავას მომავლის იმედი აქვს. თბილისელები ისურვებდნენ, რომ მინისტრის იმედიანობა გაზის შეწყვეტით არ დაგვირგვინდეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG