Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის პრობლემები


რამდენიმე წლის წინ საქართველოს ხელისუფლება სტალინის მიერ მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას დათანხმდა და დეპორტირებულთა რეპატრიაციის

პროცესის დასრულება 12 წელიწადში ივალდებულა. ეს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას მოხდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას მესხეთიდან გასახლებული მოსახლეობის რეპატრიაციის შესახებ კანონი ჯერაც არ მიუღია. როგორც ცნობილია, კანონის მიღების ვადა მას სწორედ ევროსაბჭომ გადაუვადა და, აი, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა, კრასნოდარის მხარეში მცხოვრებ მესხეთელებს ლტოლვილის სტატუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაყვანას ჰპირდებიან.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ 14 ნოემბერს გავრცელებული ცნობის თანახმად, 1989 წელს კრასნოდარის მხარეში გამოჩენილ მესხეთელებს,
შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლტოლვილის სტატუსით გადაყვანის რეალური შანსი გაუჩნდეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაზეთ “იზვესტიაში” გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ კრასნოდარის მხარეში მესხეთელების პრობლემები ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა დელეგაციამ შეისწავლა. ამ დელეგაციის წევრები შეერთებული შტატების ადმინისრტაციის წინაშე დეკემბერში დააყენებენ 1944 წელს საქართველოდან დეპორტირებული მესხებისა და მათი შთამომავლობის შეერთებულ შტატებში გადაყვანის საკითხს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ყველა მსურველს ნახევარი წლის ვადაში მიეცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის შესაძლებლობა. იქ ისინი 5 წელიწადში მოქალაქეობას მიიღებენ.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში მცხოვრებ მესხებს შორის უკვე დაიწყო პოტენციურ მიგრანტთა ხელმოწერების შეგროვება. ეს ინფორმაცია ნოვოროსიისკის ადამიანის უფლებების კომიტეტის პრესსამსახურმა საინფორმაციო-სააგენტო “კავკასპრესსაც” დაუდასტურა. ამ უკანასკნელის ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი აქვს მესხეთიდან გადასახლებულთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ ამ მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის რამდენიმე გზა განიხილა : პირველი - რუსეთის ფედერალური და სამხარეო ხელისუფლებების მიერ მესხეთელების რუსეთის მოქალაქეებად აღიარება, მეორე - მათი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება და მესამე - ამ ადამიანების ლტოლვილის სტატუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლება. კრასნოდარის მხარეში გამართულ შეხვედრებზე პირველი ორი გზის სირთულეები აღუნიშნავთ და საქართველოდან დეპორტირებულთა უმძიმესი პრობლემების გადაჭრის ყველაზე რეალურ გზად მათი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლება დაუსახელებიათ.

ყველაფერ ამას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ არ გამოხმაურებიან. საქართველოს ხელისუფლებას ხომ ჯერ ნაკისრი ვალდებულების პირველი ნაწილიც არ შეუსრულებია და დეპორტირებულთა რეპატრიაციის შესახებ კანონიც არ მიუღია. ამ კანონისთვის ძირითადი პრინციპები, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტებმა შეიმუშავეს. კანონპროექტის ჩონჩხი ევროსაბჭოშიც მოიწონეს. მასში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ აღიაროს დეპორტირებულთა უფლება დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში; დაბრუნების პროცესის დაწყებამდე, ევროსაბჭოს დახმარებით, იზრუნოს იმისთვის, რომ მესხეთიდან გადასახლებულთა დღევანდელ განსახლების ადგილებზე დაცული იყოს მათი უფლებები. ამის შემდეგ რეპატრიაცია განახორციელოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ჩამოსახლებულებს დაუტოვოს არჩევანის უფლება და მოქალაქეობის მიცემამდე მათ შუალედური სტატუსი მიანიჭოს. როგორც უკვე ვთქვით, ასეთი შინაარსის კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლებამ, ევროსაბჭოს ნებართვით, გადაავადა. კანონის მიღების ახალი ვადა არ განსაზღვრულა. კრასნოდარის მხარეს შეხიზნულ მესხეთელებს კი, როგორც ჩანს, ამდენი ლოდინი არ შეუძლიათ.

აზერბაიჯანსა და თურქეთში განთავსებულებისგან განსხვავებით, მათი მდგომარეობა უმძიმესია. ეს ადამიანები ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. მათ კატეგორიულ უარს ეუბნებიან ჩაწერაზე და რაიმე სტატუსის მინიჭებაზე, შესაბამისად, სტატუსის გარეშე დარჩენილები ყოველგვარ დახმარებას მოკლებულნი არიან. 2 წის წინ კრასნოდარის მხარეში მცხოვრებ მესხეთელებს საქართველოში დაბრუნების სურვილი ჰქონდათ. ეს ჩვენთან საუბრისას “სტუდია რეს” ხელმძღვანელმა მიხეილ მირზიაშვილმა დაადასტურა. 2 წლის წინ ის კრასნოდარის მხარეში საქართველოდან დეპორტირებულთა შესახებ მასალების შესაგროვებლად ჩავიდა. დეპორტირებულთა მაშინდელ განწყობას მიხეილ მირზიაშვილი ასე იხსენებს.

[მიხეილ მირზიაშვილის ხმა] “მოხუცები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს საქართველოში დაბრუნებას. მოხუცებში ვგულისხმობ იმათ, ვინც საქართველოში დაიბადა. ახალგაზრდები მეტად არიან შეგუებულნი ადგილობრივ სიტუაციას, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ტრადიციული ოჯახებია და ახალგაზრდები მოხუცებზე არიან ორიენტირებულნი. ბევრისგან მომისმენია, რომ საქართველოში თუ ჩამოვლენ, იქნებიან ჩვენი სახელმწიფოს ერთგულნი, გადაიხდიან გადასახადებს, შვილებს გაუშვებენ სამხედრო სამსახურში და ასე შემდეგ. ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებები არც ასეთი განცხადებებით ცნობილი სარვაროვისგან მომისმენია. ყველა ამბობს, რომ დაბრუნების შემთხვევაში ადგილობრივ კანონებს დაემორჩილებიან. “

ძნელი წარმოსადგენია, ეს განწყობილება რადიკალურად შეცვლილიყო. თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოდან დეპორტირებულთა გარკვეული ნაწილი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლებას არ არჩევს, თუკი ამის საშუალება მიეცემა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების მცდელობა დაეხმარონ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს საქართველოდან დეპორტირებულთა რეპატრიაციის ვალდებულების სხვა სახელმწიფოსთვის გადაბარებას, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, თუმცა, სამწუხაროდ, დეპორტირებულთა რეპატრიაციის, ესე იგი სამართლიანობის აღდგენის, საკითხისადმი საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.
XS
SM
MD
LG