Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აჭიანურებენ არჩევნებს ხარაგაულში


დავით პაიჭაძე, თბილისი ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დაბა ხარაგაულში საპრეზიდენტო მმართველობა უნდა შემოიღონ. მიზეზი: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნების პერმანენტული ჩაშლა.

2 ივნისის შემდეგ ადგილობრივი არჩევნები ხარაგაულში კიდევ ხუთჯერ დაინიშნა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ ჩატარდა. როგორც ირკვევა, ეს შეიძლება ყველას დაბრალდეს, გარდა ხარაგაულელი მოქალაქეებისა, რომლებიც მოწადინებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და, ამდენად, არავითარ საფუძველს არ იძლევიან დაბაში საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებისათვის.

2 ივნისის არჩევნებიდან მეორე დღეს ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატობის 6 კანდიდატმა ოფიციალურად მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმის გამო, რომ ხარაგაულის რაიონის იმჟამინდელი გამგებელი და ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატი დავით სახვაძე, თავის თანამოაზრე სხვა კანდიდატებთან ერთად, ზეწოლას ახდენდა არჩევნების მსვლელობაზე და უხეშად არღვევდა საარჩევნო კანონმდებლობას. კანონით, ასეთი საჩივარი არჩევნების დღესვე უნდა შემდგარიყო, მაგრამ არჩევნების დღეს არც ერთი დარღვევა არავის არ დაუფიქსირებია. სამ ივნისს წინასწარი შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ ხსენებული 6 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი ხდებოდა საკრებულოს წევრი, ხოლო დანარჩენი ადგილები დავით სახვაძესა და მის გუნდელებს რჩებოდათ. მაგრამ საოლქო კომისიამ მაინც მიიღო საჩივარი და, თუმცა განხილვის უფლება არ ჰქონდა, დააკმაყოფილა ის. ცენტრალურმა სააარჩევნო კომისიამ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება, შედეგი ვერ გამოიღო მისმა გასაჩივრებამ უზენაეს სასამართლოში და განმეორებითი არჩევნები ხარაგაულში 16 ივნისს დაინიშნა, გამართვის წინ კი 30 ივნისისთვის გადაიდო. 30 ივნისს არჩევნებზე ადგილობრივი საარჩევნო კომისიის 26 წევრიდან 18 სრულიად შეგნებულად არ გამოცხადდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხარაგაულში მივლენილი ჰყავდა ორი წარმომადგენელი, რომლებიც დაემატნენ ადგილზე საარჩევნო კომისიის წევრებს და არჩევნები დაგვიანებით - დილის 7 სააათის ნაცვლად, დღის ორის ნახევარზე - დაიწყეს. არჩევნები ჩატარებულად რომ ჩათვლილიყო, საჭირო იყო ორ საარჩევნო უბანზე 700-მდე ამომრჩევლის – ე.ი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედის - მისვლა. მიუხედავად დაგვიანებისა, 1100-ზე მეტი მოქალაქე გამოცხადდა და 80% ხმა ისევ დავით სახვაძესა და მის გუნდს მისცა. მაგრამ რად გინდა: 2 ივნისს ხელმოცარულმა კანდიდატებმა ისევ გაასაჩივრეს შედეგები და ისევ მიაღწიეს მათ გაუქმებას. კანდიდატების თანამოაზრენი გამოდგნენ საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომელთაც თავი აარიდეს პირდაპირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. სახვაძის წინაღმდეგ დაირაზმნენ ხარაგაულში მოსაქმე ეროვნულ-დემოკრატიული, სახალხო, ლეიბორისტული, დემოკრატიული აღორძინების პარტიების, მოქალაქეთა კავშირისა და, განსაკუთრებით, სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები, რომელთაგან ერთი - ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრი დენის დავითაშვილი - ინიციატორი იყო ხარაგაულის არჩევნების გამო სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში შეტანილი 9 სარჩელისა. თავად სახვაძე არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის, ეგ არის, თანამოაზრეთა შორის “ახალი მემარჯვენეების” ორი წევრი ჰყავდა. 30 ივნისის შემდეგ ხარაგაულში არჩევნები დაინიშნა 15, შემდეგ 29 სექტემბერს, ბოლოს კი 20 ოქტომბერს, მაგრამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ბადრი მეტრეველის გადაწყვეტილებამ არჩევნები ორი დღით ადრე ჩაშალა. ახლა დავით სახვაძეს თვითონ აქვს შეტანილი სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ თბილისის საოლქო სასამართლოში, რომელსაც ერთადერთ რამეს სთხოვს: დაავალოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ბოლოს და ბოლოს, ჩაატაროს არჩევნები ხარაგაულში. სარჩელს მომავალ ორშაბათს მოსამართლე ინგა თოდრია განიხილავს.
XS
SM
MD
LG