Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის აღრიცხვის შედეგები რუსეთში, შეიძლება სარწმუნო არ გამოდგეს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რუსეთში ამას წინათ ჩატარებულ, პირველ პოსტ-საბჭოთა აღწერას

ხელისულება დიდ წარმატებად აცხადებს მაშინ, როცა საზოგადოების აზრის შემსწავლელ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მონაცემები, რომლებიც მომავლ წელს გამოქვეყნდება, მაინც და მაინც სანდო არ იქნება.

კრიტიკოსების სიტყვით, მონაცემები, რომლებსაც გაისად რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტი – გოსკომსტატი – გამოაქვეყნებს, ქვეყნის დემოგრაფიულ სიტუაციას არ ასახავს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აღნიშნავენ, რომ რუსეთში ძალიან ბევრმა უბრალოდ უარი თქვა აღწერის ბლანკების შევსებაზე. ზოგი მათგანი ასე გამოხატავდა პროტესტს მთავრობის მიმართ, რომელიც, როგორც ისინი თვლიან, უგულებელყოფს მათ ინტერესებს. სხვებმა, მიუხედავად იმისა, რომ აღთქმული იყო კონფიდენციალობა, არ ისურვა ინფორმაციის მიწოდება, იმის შიშით, რომ მათ საგადასახადო პოლიცია მიაგნებს. საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის ბევრი მოქალაქე გადასახადების გადახდას თავს არიდებს.

პოპულარული ყოველდღიური გაზეთი "ვედომოსტი", რომელიც ბიზნესის თემებს აშუქებს, იზიარებს რა მრავალი სხვა გაზეთის მიერ გამოთქმულ აზრს, წერს: "აღწერის ყველაზე სკანდალური შედეგი ის არის, რომ მან აჩვენა, რამდენად არ ენდობა ხალხი საკუთარ სახელმწიფოს."

ზოგიერთი ექსპერტი აღიარებს, რომ აღწერის შედეგების შეფასება შეუძლებელია მხოლოდ პრესაში გამოქვეყნებული უარყოფითი ანგარიშების მიხედვით, რომლებიც მხოლოდ ცალკეულ მომენტებზე ამახვილებენ ყურადღებას.

შედარებითი სოციალური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმირ ანდრეენკოვი ამბობს, რომ ერთი-ორი არასწორად შევსებული ბლანკი ამინდს არ ქმნის, მაგრამ თუ არასწორად გამოკითხულთა წილი 10 პროცენტია, აღწერის ხარისხი ეჭვქვეშ ექცევა.

ანდრეენკოვის აზრით, გოსკომსტატის მუშაობის ხარისხი არ შეიძლება მაღალი ყოფილიყო, ვინაიდან მას მეთვალყურეობას არ უწევდნენ დამოუკიდებელი ორგანიზაციები. თუნდაც ეს გარემოება კმარა იმისთვის, რათა შედეგები საეჭვო გახდეს.

[ანდრეენკოვის ხმა] "ნორმალურ სიტუაციაში აღწერის შემდეგ საჭირო იქნებოდა, რომელიმე მესამე ორგანიზაციის, ვთქვათ, აკადემიური თუ კვლევითი ორგანიზაციის დაქირავება, რომელიც ჩატარებული მუშაობის ხარისხს გააანალიზებდა."

საბჭოთა ეპოქის სხვა მსხვილი ბიუროკრატიული ორგანიზაციების მსგავსად, გოსკომსტატსაც არ უყვარს გარეშე მონიტორინგი. გარდა ამისა, როგორც ანდრეენკოვი აღნიშნავს, აღწერის პროცესი ძვირადღირებული საქმეა აღწერის არასრულყოფილად გატარება, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება არასაკმარისი დაფინანსებით აიხსნას.

სერიოზულ ბრალდებათა შორის ასახელებენ იმას, რომ აღმწერებმა უგულებელყვეს ბევრი მრავალბინიანი სახლი, ე.წ. "ელიტური სახლები", რომელთა დასაცავად ისეთი სისტემებია დაყენებული, რომლებიც უაღრესად აძნელებს შენობაში შეღწევას.

კიდევ ერთი გავრცელებული ბრალდებაა, რომ რეგიონული ოფიციალური პირები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ კვოტის შენარჩუნებით, ბლანკებს თვითონ ავსებდნენ.

ამ ბრალდებას უარყოფს გოსკომსტატის დირექტორი ვლადიმირ სოკოლოვი. მას მოყავს საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი პროსამთავრობო ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად აღწერაში მონაწილე მოსახლეობის 93-მა პროცენტმა აღმწერებს თვითონ მიაწოდა ინფორმაცია.


ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული საკითხია ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ჩატარებული აღრიცხვის შედეგები. საწყისი ციფრებით, ამ ომით გაპარტახებულ რესპუბლიკაში მილიონ 80 ათასი კაცი ცხოვრობს. ეს აღემატება საბჭოთა პერიოდში ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის მოსახლეობის რიცხვს.

ომისა და მშვიდობის მოსკოვის ინსიტიტუტის თქმით, ეს 300 ათასით მეტია, ვიდრე 1999 წელს იყო, როცა მეორე სამხედრო კამპანია დაიწყო. მას შემდეგ დაახლოებით 100 ათასი ჩეჩენი იქნა მოკლული და კიდევ 150 ათასი მეზობელ ინგუშეთში გადასახლდა.

არის აზრი, რომ თვით ჩეჩნებმაც შეიტანეს წვლილი ამ ციფრების გაზვიადებაში. ისინი ცდილობენ ოჯახის გარდაცვლილი წევრი ცოცხლად გამოაცხადონ, სახელმწიფოსგან პენსიისა თუ სოციალური შემწეობის მიღების მიზნით. გაზვიადებით დანიტრესებულია ჩეჩნეთის პრო-მოსკოვური მთავრობაც, იმავე მიზნებით – მიიღოს მოსკოვისგან მეტი ფონდები.

მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველების აზრით მთავარი გამზვიადებელი სახემლწიფოა, იმის საჩვენებლად, რომ რეგიონში სტაბილურობა ისადგურებს.

ადამიანის უფლებათა დამცველი მოსკოვის ჯგუფის წევრი იაკოვ ეტინგერი ამბობს, რომ ეს ციფრების წმინდა წყლის ფალსიფიკაციაა, რომლის მიზანია აჩვენოს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, ფაქტობრივად არ დაზარალებულა". [ეტინგერის ხმა]

ეტინგერის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გამართულებელი ფაქტორია ის, რომ აღწერა, ფაქტობრივად, არ განასხვავებს რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებსა და ჩეჩნებს. ზოგიერთი სახელმწიფო ორგანიზაცია ლაპარაკობს ჩეჩნეთში მცხოვრებ ერთ მილიონ ადამიანზე. სხვები კი ერთ მილიონ ჩეჩენზე, რუსეთის მთელს ტერიტორიაზე.

გოსკომსტატის წარმომადგენლების სიტყვით, მათ არ შეუძლიათ ამაზე კომენტარის გაკეთება, ვიდრე აღწერის ყველა ფორმა არ იქნება დამუშავებული. ამასთან, მოულოდნელად მაღალ წინასწარ შედეგს ჩეჩნეთში, შობადობის მაღალ დონეს მიაწერენ.

აღწერის ბლანკები ახლა კომპიუტერულ შემოწმებას გაივლის. ეს პროცესი გაისად დაიწყება. საბოლოო შედეგები 2003 წლის მარტ-აპრილშია მოსალოდნელი.

მაგრამ ანდრეენკოვი, შედარებითი სოციალური კვლევების ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ის არ ენდობა გოსკომსტატის მუშაობის მეთოდებს. პირველ რიგში სუსტსუსტ დაფინანსების გამო. მეორეც, ეს ორგანიზაცია მუშაობს კონსერვატული და ტრადიციული მეთოდებით, დამოუკიდებლად და კარჩაკეტილად.

გასულ თვეში გამართულ პრესკონფერენციაზე ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა გოსკომსტატის დირექტორს ჰკითხა, რატომ არავინ მივიდა ამ ჟურნალისტის ოფისის შენობაში, ე.წ. "დიპლომატების კვარტალში", რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს გამგებლობაშია და სადაც უცხოელები ცხოვრობენ და მუშაობენ. ისინი არავის არ აღურიცხავს, თუმცა რუსეთში ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მცხოვრებ უცხოელებს სთხოვეს აღწერაში მონაწილეობის მიღება.

სოკოლოვმა საბჭოთა ყაიდახე უპასუხა: ნუ დარდობთ, თქვენ აღწერილი ბრძანდებითო."
XS
SM
MD
LG