Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ტეროზმის წინააღმდეგ ომში ახალ – ინფორმაციულ ფრონტს – ხსნის


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატები ტერორიზმის წინააღმდეგ ომში ახალ – ინფორმაციულ – ფრონტს ხსნის. მთავრობა აპირებს ინფორმაციის შეგროვებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელს მსოფლიოში,

რისთვისაც, მისივე სიტყვით, სათანადო ტექნოლოგიური საშუალებები მოეპოვება.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ამ ნაბიჯს მიესალმება, როგორც აუცილებელს, ამერიკის მიწა-წყალზე ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად.
სხვები კი შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი სამოქალაქო თავისუფლებათა შეუქცეველ ეროზიას გამოიწვევს.

მოსამართლეთა საგანგებო სააპელაციო კომისიამ ამას წინათ მოიწონა წინადადება, რომ იუსტიციის სამინისტროს მიეცეს სატელეფონო საუბრების საიდუმლოდ მოსმენისა და პიროვნებაზე თვალყურის დევნების სხვა ზომების ფართოდ გამოყენების ნება. ეს, კონგრესის მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან ერთი თვის შემდეგ მიღებული ე.წ."პატრიოტული აქტის" ჩარჩოებში თავსდება.

თავდაცვის სამინისტრო ამ მიზნით ახალ კომპიუტერულ სისტემას ამონტაჟებს, რომელიც შეძლებს მსოფლიოში კერძო ინფორმაციის შეგროვებას ტერორისტების მისაგნებად. "მონაცემთა მოპოვების" სახელით ცნობილი ეს ტექნოლოგია, უკვე გამოიყენება კერძო ბიზნესში ახალი კლიენტურის საძებნელად.

ორშაბათს იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა კმაყოფილება გამოთქვა მისი უწყებისთვის ახალი შესაძლებლობების მინიჭების გამო. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქალაქო უფლებების ექსპერტებს ამასთან დაკავშირებით არაფერი აქვთ სადარდებელი.

ამ ნოვაციას ყველა არ მიესალმება. ერთ-ერთი მათგანია ვაშიგტონელი ექსპერტი სოლვეიგ სიგლტონი. მისი თქმით, ნებისმიერი საზოგადოებისთვის სახიფათოა მთავრობისთვის კერძო ცხოვრებაში ჩარევის მეტისმეტად დიდი უფლებების მინიჭება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ უფლებისთვის საბოლოო ვადა არის დაწესებული. მაგალითად მას მოჰყავს დიდი ბრიტანეთი, პიროვნების უფლებთა დაცვის სფეროში კარგი რეპუტაციის მქონე ქვეყანა. რამდენიმე წლის წინ იქ პოლიციას მიეცა სატელეფონო საუბრების საიდუმლოდ მოსმენის ნება, გარკვეული დროის განმავლობაში. ეს ვადა ამოიწურა, მაგრამ მიცემული უფლებები პოლიციისთვის არ წაურთმევიათ.

მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ომის დროს ამერიკელებს ტერორისტების უფრო უნდა ეშინოდეთ, ვიდრე საკუთარი მთავრობისა. გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების ვაშინგტონელი სპეციალისტის ერან კარმელის თქმით, ჩვენი მსოფლმხედველობა არ შეიძლება იყოს ისეთი, როგორიც 2001 წლის 10 სექტემბერს იყოო.

პენტაგონის გეგმები, გამოიყენოს "მონაცემთა მოპოვების" ზემოთ ხსენებული ტექნოლოგია, აგრეთვე იწვევს კრიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა კანონიერია, როცა ის კერძო ბიზენესს ეხება. კომერციული მიზნებით გამოყენებისას ეს პროგრამა ცხრილავს მონაცემების უზარმაზარ რიცხვს საბაზრო ტენდენციების დასადგენად და იმ პირების საპოვნელად, ვინც, შეიძლება, ამ ბიზნესის პროდუქციის შეძენა მოინდომოს. ეს სისტემა უფრო იაფი და ეფექტიანია, ვიდრე, ასე ვთქვათ, ყველასთვის განკუთვნილი რეკლამა.

პროგრამის გამოყენების ამ ორი შემთხვევის შედარებისას კრიტიკოსები ამბობენ, რომ ბიზნესი ავლენს იმ პირებს, რომლებიც, შესაძლოა, თვითონ იყვნენ დაინტერესებული, რომ მათ მიაგნონ.

პენტაგონის შემთხვევაში მოძიება შეიძლება პირის დაპატიმრებით დამთავრდეს, თანაც მართლმსაჯულების ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე.

სოლვეიგ სინგლტონი ამბობს, რომ საკითხი როგორ გამოიყენებს თავდაცვის დეპარატამენტი მოძიებულ ინფორმაციას, მას ნაკლებად ადარდებს. ჯერ ერთი, შეერთებული შტატების კონსტიტუციაში არ მოიძებნება არაფერი რაც ამგვარ პრაქტიკას კრძალავდეს. მეორე, ეს არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ზომათაგან, რომელიც შეიძლება გამოყენოს მთავრობამ მომავალი ტერორისტული აქტებისგან ქვეყნის დასაცავად.

"მონაცემთა მოპოვების" ტექნოლოგიის გამოყენებისას, სინგლტონი სხვა პრობლემასაც ხედავს. პენტაგონს საქმე ექნება ინფორმაციის უზარმაზარ რაოდენობასთან სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე, ელექტრონული თუ ქაღალდის ფორმით. ამის დამუშავება უზარმაზარ თანხებთან და მუშახელთან იქნება დაკავშირებული.

კიდევ ერთი პრობლემაა, მოინდომებენ თუ არა თანამშრომლობას სხვა სახელწიფოები, მოკავშირეთა რიცხვიდანაც კი. ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ ეს შეიძლება გახდეს მთავარი დაბრკოლება "მონაცემთა მოპოვების" პროგრამის განხორციელებისას.
XS
SM
MD
LG