Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იტერა“ - საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგებაში ამერიკელმა კონგრესმენებმა წარმატებას მიაღწიეს


საქართველოში ბუნებრივი აირის ექსკლუზიურ მომწოდებელ „იტერასა“ და საქართველოს მხარეს შორის წლების მანძილზე რთული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა,

რაც სოციალურ-პოლიტიკური საფრთხის მატარებელია. ამ ურთიერთობის მოწესრიგებას საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენები შეეცადნენ.

საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში ენერგეტიკული სტაბილურობა პოლიტიკური სტაბილურობის განმსაზღვრელიცაა. ამას კი საქართველოს ხელისუფლება თავად უქმნიდა ხოლმე საფრთხეს „იტერას“ მიმართ დავალიანებების დაგროვების გზით, რასაც გადახდის მკაცრი მექანიზმიც უწყობდა ხელს.

საქართველოს ხელისუფლება რამდენჯერმე შეეცადა თანხის წინასწარი გადახდის სისტემის შეცვლას, თუმცა უშედეგოდ. არადა, ამ სისტემაში ბევრი ისეთი რგოლი ფუნქციონირებს, რომელთა არსებობა აუცილებლობას არ წარმოადგენს და ბუნებრივი აირის საფასურს კი ერთიორად აძვირებს.

მაგალითად გამოდგება კომპანია „საქგაზი“, რომელიც „იტერასა“ და „თბილგაზს“ შორის შუალედური რგოლია. 1000 კუბურ მეტრ გაზს “იტერა” საქართველოს 60 დოლარად აწვდის, შუალედური რგოლების ტარიფისა და გადასახადების დამატების შემდეგ კი ეს ციფრი ორმაგდება. მასში “საქგაზის” წილი 20 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ეს მის დამფუძნებლებს ხეირიანი სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს.

საყოველთაოდ ცობილი ფაქტია, რომ “საქგაზის” ერთ-ერთი მთავარი მეწილე დავით ბეჟუაშვილი მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და პოლიტიკური თანამოაზრეა. შესაბამისად, “საქგაზის” არსებობა პოლიტიკურ-ფინანსური ინტერესებითაც იყო განპირობებული. არადა, „თბილგაზს“ „იტერასგან“ პირდაპირი შესყიდვის გზით შეუძლია ბუნებრივი აირის შეძენა, რასაც „იტერა“ და, განსაკუთრებით კი, „საქგაზი“ ეწინააღმდეგებოდა.

2 დეკემბერს თბილისს ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაცია კომპანია „იტერა ჰოლდინგის“ პრეზიდენტ იგორ მაკაროვთან ერთად. სტუმრებს ცალ-ცალკე შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კონგრესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელის კურტ უოლდონის თქმით, სწორედ მათ შესთავაზეს “იტერას” ხელმძღვანელობას საქართველოს სწვეოდა და მის ხელისუფლებასთან დიალოგი გაემართა. უოლდონმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობას სურს, საქართველოს მოსახლეობას უწყვეტი გაზმომარაგება ჰქონდეს და სწორედ ამიტომაც სთხოვა მაკაროვს თავის თავზე აეღო ეს ვალდებულება.

მაკაროვი ამ თხოვნას დასთანხმდა. ეს 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გაირკვა. იგორ მაკაროვმა გაზაფხულამდე საქართველოს გაზით უწყვეტი მომარაგების პირობა დადო. ამასთან ერთად, მან უარი თქვა წინასწარი გადახდის მექანიზმზეც და „საქგაზის“ შუამავლობაზეც.

[იგორ მაკაროვის ხმა] „ჩვენ გვაქვს პირდაპირი კონტრაქტები და გვაქვს კონტრაქტები “საქგაზთან” ერთად. თუ საქართველოს უნდა, რომ პირდაპირი ხელშეკრულება გვქონდეს თბილისთან, ჩვენ ამის წინააღმდეგნი არ ვართ.“

“თბილგაზისა” და “იტერას” პირდაპირი ურთიერთობა 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც ყოველ 1000 კუბურ მეტრ გაზზე საქართველოს მხარეს დამატებით 20 დოლარის გადახდა აღარ მოუწევს. “საქგაზის” სქემიდან ამოვარდნას სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ასე აფასებს:

[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] „ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება ახლა. ეგ არი გარიგებებით შექმნილი სიტუაცია, რომელიც ხალხის ხარჯზე საბოლოო მოგებას ერთეულ პიროვნებებს აძლევდა. აი, ეგ არი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაც და, ამ შემთხვევაში, რეალური შედეგებიც ადამიანებისთვის .“

თუ როგორ იხეირებს უბრალო მოსახლეობა, ჯორბენაძეს აღარ განუმარტავს, ალბათ, იმიტომ, რომ ის შეღავათი, რაც “საქგაზის” სისტემიდან გამოთიშვით საქართველოს მთავრობამ მიიღო, არანაირად არ აისახება ტარიფზე, ანუ გაზის ტარიფი არ შემცირდება. ხელისუფლება მოსახლეობას მხოლოდ იმით აიმედებს, რომ ბუნებრივი აირის საფასური აღარ გაიზრდება.
XS
SM
MD
LG