Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ კვირის პრესის მომოხილვას არჩევნების თემით დავიწყებთ. <br>5 დეკემბრის გაზეთ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ამ კვირის პრესის მომოხილვას არჩევნების თემით დავიწყებთ. 5 დეკემბრის გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის” შეფასებით, “30 ნოემბერს გამართული არჩევნები მრავალმხრივ იყო ნიშანდობლივი, უპირველესად, ოპოზიციისთვის.

არჩევნებმა აჩვენა, რომ პოპულიზმმა და რადიკალიზმმა, როგორც ჩანს, ქართულ სინამდვილეში თავისი დრო მოჭამა, რაც, შეიძლება, თვისებრივად ახალი ეტაპის დასაწყისად იქცეს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში”.

გაზეთის თქმით, “გამოიკვეთა ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობა აშკარად შენელდა; ამასთან, ამომრჩევლის ასეთი დაბალი აქტივობა პარლამენტის დისკრედიტაციის პირდაპირი შედეგია.
30 ნოემბრის არჩევნების შედეგები სერიოზული ნიშანია სააკაშვილისთვის, რომლის ბლოკის ორმა უმნიშვნელოვანესმა ფიგურამ, რომლებმაც სააკაშვილის მიერ წლების მანძილზე
დეკლარირებული ღირებულებები წარუდგინა ამომრჩეველს, არჩევნები, ფაქტობრივად, წააგო (როცა შენთვის ხმის მისაცემად ხალხი არჩევნებზე არ მიდის, ეს იგივე წაგებაა).”

თუმცა, გაზეთის აზრით, სხვა ოპოზიციური პარტიიებისთვისაც ეს არჩევნები არანაკლებ სერიოზული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.

“ჯორჯიან თაიმსი” წერს: “სახელისუფლებო პარტიისთვის უნდობლობა ახალი არ არის, მაგრამ როცა ოპოზიციასაც ვეღარ გამოჰყავს ხალხი არჩევნებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ან საზოგადოებამ თავის ხმას ფასი დაადო და თვისებრივ განახლებას ითხოვს პარტიებისგან, რაც იაფფასიანი პოპულიზმიდან რეალურ ხელშესახებ შედეგებზე გადასვლას ითვალისწინებს, ან, საერთოდ, ხელი ჩაიქნია არჩევნებზე, როგორც საკუთარი ნების გამოხატვის კანონიერ ფორმაზე. ეს კი ძალზედ საგანგაშო სიმპტომია: ამ შემთხვევაში საზოგადოებას თავისი ნების გამოსახატად მხოლოდ არაკანონიერი გზა რჩება.
სახელისუფლებო პარტიისთვის კი 30 ნოემბერი დიდი საპარლამენტო არჩევნების წინ კარგი ტაქტიკური სვლის მოთელვის საშუალებად იქცა - არასასურველი შედეგების მოლოდინის შემთხვევაში, ამომრჩევლის რაოდენობის ხელოვნურად გაზრდა და, შედეგად, არჩევნების არშემდგარად გამოცხადება. არჩევნებმა ისიც დაადასტურა, რომ “მოქალაქეთა კავშირის” პოზიციები რეგიონებში კვლავ მყარია”.

საქართველოს პარლამენტი ორი დღის განმავლობაში მსჯელობდა ენერგეტიკაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ. 6 დეკემბრის “დილის გაზეთი” წერს, რომ “5 დეკემბერს “ენერგეტიკის დარგში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის” თავმჯდომარე ირაკლი ჩუბინიშვლი დიდი ხნის ნანატრი მოხსენებით წარდგა პარლამენტის წინაშე. მოძიებული მასალების შედეგად, დანაშაულებრივი ფაქტებით გაჯერებულმა დასკვნამ დეპუტატთა ნაწილის ოვაციებიც კი გამოიწვია, - წარმოდგენილ დოკუმენტს უპრეცედენტოდ სიღრმისეულად შესწავლილი უწოდეს”.

გაზეთის ცნობით, “ჩუბინიშვილმა მიმოიხილა ენერგეტიკის სფეროში ბოლო ათი წლის განმავლობაში შექმნილი მდგომარეობა. კრიზისის მიზეზთაგან დასახელებული იყო ის, რომ ამ ხნის განმავლობაში ენერგობლოკების რეაბილიტაციაზე 15 მილიონი დოლარიც არ არის დახარჯული. არ იგულისხმება მე-9 და მე-10 ენერგობლოკები, რომლებიც კრედიტებით ფინანსდებოდა. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 300 მილიონის ზარალი მიადგა დარგს და არც ერთი ეს ქმედება დღემდე გამოძიებული არ არის. შესაბამისად, არც არავინ დასჯილა. არასწორად ჩატარდა 1995 წელს დაწყებული რეფორმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე იყო გათვლილი. სინამდვილეში პირიქით მოხდა და, ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლადაც რომ ხდებოდეს, მომხმარებელი მას ვერ იყიდის. სერიოზული პრობლემები და დანაშაულებრივი ქმედებებია ენერგოგამანაწილებელ კომპანიებში, რომელთა ფინანსურ მაქინაციებს საგამოძიებო კომისიამ, ჩუბინიშვილის განცხადებით, თავი და ბოლო ვერ გაუგო”.

“დილის გაზეთი” აგრეთვე წერს, რომ “არაერთი დანაშაულებრივი ქმედებაა აღმოჩენილი “თბილსრესში”. - ამას მხოლოდ ერთი ზოგადი მაგალითიც ადასტურებს: ეს სტრუქტურა, წლევანდელი შვიდი თვის მონაცემებით, 123 პროცენტით არის დაფინანსებული საბითუმო ბაზრის მიერ. ამ პირობებში თვეობით დაგროვილი სახელფასო დავალიანებები არსებობს, რადგან თანხა დატაცებულია”.
გაზეთი აღნიშნავს, რომ “ჩუბინიშვილის ორსაათნახევრიან მოხსენებაში ჩამოთვლილ დანაშაულებრივ ქმედებათა ნუსხა კიდევ გრძელდება და მათი სრულად გადმოცემა შორს წაგვიყვანდა”.

6-12 დეკემბრის გაზეთი “ახალი ეპოქა” აქვეყნებს ინტერვიუს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან. კითხვაზე - თუ გაქვთ კონკრეტული ფაქტები ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას წინააღმდეგ? – ირაკლი ჩუბინიშვილმა უპასუხა:

“მინისტრს მიაჩნია, რომ თავად ენერგეტიკის ამჟამინდელ გაჩანაგებულ მდგომარეობაზე პასუხს არ აგებს. ყოველ შემთხვევაში, იმის განცდა არ გააჩნია, რომ ენერგეტიკული პრობლემები მას რამდენადმე ეხება. მის კომენტარს ვუსმენდი ტელევიზორში და გავოცდი, - თუ ამის მეტი არაფერი ხდება, ეგ რა სალაპარაკოაო. არადა, პრაქტიკულად, ყველა სერიოზულ დარღვევაში სამინისტროა ბრალეული. დავით მირცხულავამ ხელი მოაწერა ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც აბსოლუტურად არ შედიოდა მის კომპეტენციაში და, ამ საბუთის შესაბამისად, სომხურმა კომპანიამ “ენერგომაშკორპორაციამ” 2,5 მილიონი დოლარით მეტი მიიღო, ვიდრე ამას სომხური მხარე ითხოვდა. ასე აჩუქა ჩვენმა მინისტრმა ამხელა თანხა კერძო სომხურ კომპანიას”.

6 დეკემბრის ქართული პრესა ვარაუდობდა, რომ პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყებოდა, თუმცა, როგორც 7 დეკემბრის გაზეთი “ალია” წერს, დავით მირცხულავა გადარჩა, მაგრამ ხელმოწერილ დოკუმენტებს ვერსად გააქრობს.

გაზეთის თქმით, “პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრს პასუხს რომ არ მოსთხოვდნენ, გაცილებით ადრე გახდა ცნობილი. მის იმპიჩმენტს მხოლოდ სახელისუფლო ფრაქცია ითხოვდა. დანარჩენი დეპუტაცია მირცხულავას ხელს ერთი მიზეზით აფარებდა – მომავალი კვირის ოთხშაბათს ჯალათის ფუნქციას პრეზიდენტს და სახელმწიფო მინისტრს ნუ წავართმევთო. პარლამენტმა მირცხულავა არისტოკრატიული ჟესტით დაინდო. თუმცა აშკარაა, რომ მას პასუხს პროკურატურა მაინც მოსთხოვს. ირაკლი ჩუბინიშვილი მის ხელმოწერილ საეჭვო დოკუმენტებს ბოლო დღეებში გაბედულად აფრიალებდა. იგი სარჩელს სასამართლოში რიგითი მოქალაქის სტატუსით შეიტანს, რადგან კოლეგების იმედი არ აქვს”.

6 დეკემბრის გაზეთი “ახალი თაობა” გვამცნობს, რომ “საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები თბილისში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებას გეგმავენ. ამ გადაწყვეტილებამდე ძალოვანი სტრუქტურები მას შემდეგ მივიდნენ, რაც საქართველოში - და, კონკრეტულად, დედაქალაქში - კრიმინოგენული ვითარება საშინლად გაუარესდა - ადამიანთა გატაცება, მკვლელობა და ყაჩაღობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა”.

გაზეთის თქმით, “უშიშროების სამინისტროდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ დღეისათვის თბილისში საკმაოდ დიდი ოდენობით არის თავმოყრილი ცეცხლსასროლი იარაღი. არ არის გამორიცხული, ეს იარაღი სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობადაც კი იქნეს გამოყენებული”.

“არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ აღნიშნული ოპერაცია, ძირითადად, ე.წ. საძმოების წინააღმდეგ განხორციელდება. უშიშროების მინისტრი ამასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს: “ეს ოპერაცია, რა თქმ უნდა, კრიმინალების წინააღმდეგ განხორციელდება. რაც შეეხება საძმოებს, თუ ეს ერთობა მხოლოდ ძმობას ითვალისწინებს, ძმობას, რა თქმა უნდა, ვერ დავუშლით. მაგრამ, თუ საქმე კრიმინალურ დაჯგუფებასთან გვექნება, მაშინ მის წინააღმდეგაც მოგვიწევს ოპერაციის განხორციელება”.

“ახალი თაობა” აღნიშნავს, რომ “საქართველოს პარლამენტში ანტიკრიმინალური ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში ეჭვი ყველაზე მეტად “აღორძინების” წევრებს ეპარებათ. “ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ შევარდნაძემ ეს, შესაძლოა, თავის გადასარჩენად გამოიყენოს. აღორძინება არ გამორიცხავს იმას, რომ ძალიან მალე, შესაძლოა, შევარდნაძემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, რომლის წყალობითაც, საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში არც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და არც საპრეზიდენტო, ქვეყნის ერთადერთი მმართველი კი შევარდნაძე იქნება”.

7 დეკემბრის გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიმართვას საქართველოს მოსახლეობისადმი. მიმართვაში აღნიშნულია თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში შექმნილი მძაფრი კრიმინოგენული ვითარება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, განხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები ამ ვითარების გამოსასწორებლად. მიმართვაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ “განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ადამიანთა გატაცებების, მკვლელობების, ყაჩაღობების, ნარკობიზნესისა და კონტრაბანდის აღმკვეთ ღონისძიებებზე, ამ სფეროში დამნაშავეთა, მათი მფარველების მხილებასა და დასჯაზე”.
XS
SM
MD
LG