Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები სერბიაში


სერბიაში საპრეზიდენტო არჩევნები ორი თვის განმავლობაში მეორედ დასრულდა წარუმატებლად. კვირას გამართულ კენჭისყრაში ძალზე მცირე რაოდენობის ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

მოვლენათა ამგვარი განვითარება კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს იუგოსლავიის შემადგენლობაში შემავალ ამ რესპუბლიკაში.

როგორც დამოუკიდებელ მეთვალყურეთაგან შემდგარი ჯგუფი, "თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის ცენტრი" იტყობინება, კენჭისყრაში მხოლოდ 45-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. კონსტიტუციით დადგენილი მინიმუმი კი 50 პროცენტს უდრის.

არჩევნების შედეგად საკმაოდ გაურკვეველი ვითარება შეიქმნა. სერბიის კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული რაიმე სპეციალური ზომები განმეორებითი კენჭისყრის უშედეგოდ დამთავრების შემთხვევაში. მაგრამ ერთი რამ ნათელია: ამ საკითხის მოუგვარებლობა უდაოდ გაამწვავებს პოლიტიკურ დაპირისპირებას პრეზიდენტ ვოისლავ კოშტუნიცასა და მის მთავარ მეტოქეს, სერბიის პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩს შორის.

ოქტომბერში გამართულ კენჭისყრაში კოშტუნიცამ ხმების უმრავლესობა დააგროვა და განმეორებითი არჩევნების წინ ჩატარებულმა გამოკითხვებმაც იგივე შედეგი აჩვენა. მაგრამ, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, კვირას გამართულ კენჭისყრაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ფართო აპათიამ და უჩვეულო ყინვებმა, რის გამოც ამომრჩეველმა შინ ჯდომა არჩია.

არჩევნების ჩავარდნა სერიოზული პოლიტიკური დარტყმა იქნებოდა კოშტუნიცასთვის, რომელიც 2000 წელს სათავეში ჩაუდგა სახალხო მოძრაობას. მაშინ მან შეძლო დაემარცხებინა იუგოსლავიის პრეზიდენტი, სლობოდან მილოშევიჩი, რომელიც ამჟამად ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის განსასჯელთა სკამზე ზის.
ორშაბათს დილას კოშტუნიცამ განაცხადა, რომ არ მიიღებს არჩევნების ბათილად გამოცხადებას. მისი პარტიის თანახმად, საარჩევნო უბნებზე დარღვევები შეინიშნებოდა და სასამართლოში ჩივილით დაიმუქრა.
"ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებსო", ასეთია კოშტუნიცას პოზიცია.

კოშტუნიცას, პროდემოკრატიულად ორიენტირებულ
კოშტუნიცას, ზომიერ ნაციონალისტს და ფრთხილი რეფორმების მომხრეს, ორი ექსტრემისტი უპირისპირდებოდა არჩევნებში: ვოისლავ შეშელი ულტრანაციონალისტური "სერბიის რადიკალური პარტიიდან" (იგი, სხვათა შორის, ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის მოკავშირეა); და ბორისლავ პელევიჩი "სერბიის ერთობის პარტიიდან", რომელიც თავის დროზე დააარსა ერთ-ერთი გასამხედროებული დაჯგუფების ლიდერმა ზელკო რაზნატოვიჩმა, ზედმეტსახელად არკანმა.
ეკონომიკური და სოციალური რეფორმების ნელმა ტემპმა და კოშტუნიცასა და ჯინჯიჩს შორის ხელისუფლებისთვის გამუდმებულმა ბრძოლამ სერბებს ყოველგვარი ილუზია დააკარგვინა. ისინი ამჟამად უფრო იმაზე ფიქრობენ, თუ რა მოუხერხონ ცხოვრების დონეს და მზარდ უმუშევრობას.

მართალია, ეროვნული ვალუტა, დინარი სტაბილური რჩება, მაგრამ მზარდი ფასები დაბლა სცემს მის მსყიდველობით უნარს. ოფიციალური მონაცემებით უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში 150-დან 400 დოლარამდე გაიზარდა ერთი ოჯახის თვიური ხარჯები.
სერბიის პრეზიდენტის თანამდებობის მნიშვნელობა მოიმატებს მომავალ წელს, როცა იუგოსლავიის პრეზიდენტის თანამდეობა გაუქმნდება და ფედერაცია გარდაიქმნება.
XS
SM
MD
LG