Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის მოსახლეობის უმძიმესი მდგომარეობა სახალხო დამცველის სპეციალურ მოხსენებაში უნდა აისახოს


საქართველოს სახალხო დამცველი იწყებს მუშაობას სპეციალურ მოხსენებაზე, რომელშიც აფხაზეთის მოსახლეობის - დევნილებისა და აფხაზეთში დარჩენილების - მძიმე პრობლემები დეტალურად აღიწერება.

ნანა დევდარიანის თქმით, მისი მოხსენება იქნება პირველი მცდელობა აფხაზეთის მთელი მოსახლეობის შელახულ უფლებებზე საქართველოს სახალხო დამცველის რეაგირებისა. მოხსენება საერთაშორისო ორგანიზაციებს დაეგზავნება. აქედან გამომდინარე, ნანა დევდარიანი ფიქრობს, რომ ამ მოხსენების მეშვეობით, შესაძლებელია, სათანადო რეზონანსი მიეცეს ადამიანის უფლებების დარღვევის იმ ფაქტებს, რომელიც ყოველდღიურად ხდება საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.
სახალხო დამცველს ამ ახალი ინიციატივის თაობაზე ვესაუბრე.

აფხაზეთის მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენება ვრცელი იქნება. მან უნდა შექმნას მკაფიო წარმოდგენა როგორც აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების შელახულ უფლებებზე, ისე აფხაზეთში მცხოვრებთა არანაკლებ მძიმე მდგომარეობაზე. აფხაზეთის მოსახლეობის ამ ორი ნაწილის პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვებას, სახალხო დამცველთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუდგებიან, თუმცა ის ინფორმაცია, რაც ნანა დევდარიანს აფხაზეთიდან დევნილებისა თუ აფხაზეთში მცხოვრებთა ყოფის შესახებ უკვე მოეპოვება, საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ რა მოუტანა ამ ადამიანებს ომმა და კონფლიქტის მოწესრიგების ხანგრძლივმა, უშედეგო პროცესმა. ნანა დევდარიანი შეეცდება აღწეროს, რად უჯდება აფხაზეთის - აფხაზეთში და მის გარეთ მცხოვრებ - მოსახლეობას ცენტრალურ და დე- ფაქტო ხელისუფლებებს შორის დაუძლეველი გაუგებრობა.

შეგახსენებთ უკანასკნელ ფაქტებს: 11 დეკემბერს დევნილთა მიზერული შემწეობის მომლოდინეთა რიგში აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ამავე დღეს ქუთაისის სასტუმრო “ხვამლში” შესახლებულმა დევნილებმა გზა გადაკეტეს და ქუთაისის ბოტანიკური ბაღის გაჩეხით დაიმუქრნენ. ხანგრძლივი ენერგოკრიზისით შეწუხებული დევნილები ადგილობრივ ხელისუფლებას სანთლებისა და ნავთისთვის სამყოფ თანხას სთხოვდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველს აფხაზეთიდან დევნილები ხშირად აკითხავენ. მათი საჩივრები, ძირითადად, მძიმე სოციალური მდგომარეობითაა გამოწვეული.

[ნანა დევდარიანის ხმა] “მათი მდგომარეობა ჯობია მხოლოდ, კარვებში რომ ცხოვრობენ, იმათ მდგომარეობას. სრული უსახსრობაა, სრული შეუძლებლობაა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ასეთ ოჯახებში ბავშვებმა დაკარგეს განვითარების საშუალება და ასე შემდეგ. ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. “

თავის მოხსენებაში სახალხო დამცველი აფხაზეთიდან დევნილთა მდგომარეობის აღწერას მათ უმძიმეს ყოფაზე საუბრით არ ამოწურავს და შეეცდება იმის გაანალიზებას, რას ნიშნავს ამ ადამიანებისთვის საკუთარ მიწა-წყალზე გადასვლის უფლების წართმევა, რა მდგომარეობაში ჩააყენა ისინი საკუთრებაზე უფლების აყრამ და ასე შემდეგ. მოხსენების ის ნაწილი, რომელიც ადამიანის უფლებების დაუცველობის მხრივ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას უნდა შეეხოს, მოიცავს როგორც გალის რაიონის ქართული მოსახლეობის უმძიმეს პრობლემებს, - მათ შორის გალის რაიონში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების ჩამორთმევას, - ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზების, სომხების და სხვა ეთნიკური დაჯგუფებებისას. ამ ადამიანების უფლებებისთვის ნანა დევდარიანმა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ამ რამდენიმე თვის წინაც მიმართა, როცა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში სიკვდილით დასჯის გაუქმება მოითხოვა.

[ნანა დევდარიანის ხმა] “დასაბუთებაში მივუთითე, რომ ეს საკითხი არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. ამიტომ ვთხოვე გაემიჯნათ ეს საკითხი პოლიტიკისგან და ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებებისთვის სიკვდილით დასჯა გაეუქმებინათ. სამწუხაროდ, აფხაზეთიდან ვერავითარი პასუხი ვერ მივიღეთ. სამხრეთ ოსეთიდან კი მოგვწერეს, რომ მათ შემთხვევაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული”. [სტილი დაცულია]

ნანა დევდარიანის თქმით, ადამიანთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, მდგომარეობა აფხაზეთში გაცილებით მძიმეა, ვიდრე სამხრეთ ოსეთში. მაგრამ სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ამ ვითარებას სათანადო რეზონანსი არა აქვს, რომ საქართველოს მხარე ძალიან ცოტას აკეთებს იმისათვის, რომ მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში მყოფ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს საერთაშორისო რეზონანსი ეძლეოდეს.

[ნანა დევდარიანის ხმა] “როცა ჩვენ გვაკრიტიკებენ რელიგიის თავისუფლების დარღვვეის გამო, როცა ჩვენ გვაკრიტიკებენ დაუსჯელობის სინდრომის გამო და როცა რეზონანსი არ ეძლევა საერთაშორისო არენაზე იმას, რომ საქართველოს ერთ ნაწილში ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა - ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ უნდა მივაქციოთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება იმას, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ დარღვვებზე ბევრად მძიმე დარღვევებია აფხაზეთის ტერიტორიაზე.”

ვნახოთ, რა ნაყოფს გამოიღებს მოხსენება, რომელიც სახალხო დამცველმა უნდა დაწეროს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნოს: მიაპყრობს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს, ყურადღებას აფხაზეთის დღემდე გადაუჭრელი პრობლემის შედეგად უფლებაშელახულ ადამიანებს.
XS
SM
MD
LG