Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ეჭვით უყურებს ერაყის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციას


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის თქმით, ვაშინგტონი უკმაყოფილოა ერაყის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით მისი მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამებთან დაკავშირებით.

მართალია, ამერიკის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ აზუსტებს, კონკრეტულად რა დარღვევებს გულისხმობს, მაგრამ, სპეციალისტთა აზრით, მთავარი პრობლემაა მოძველებული და მნიშვნელობადაკარგული ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ბაღდადის მიერ წარმოდგენილი 12 ათას გვერდიანი დოკუმენტი. რატომ არის ამერიკა დოკუმენტით უკმაყოფილო?

პაუელის თქმით, ერაყის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის გაცნობამ დაადასტურა შეერთებული შტატების ეჭვი, რომ ერაყი მთლიანად არასოდეს იტყვის უარს მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამებზე.

[პაუელის ხმა] "ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ერაყის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციას სკეპტიციზმით მოვეკიდეთ. და ინფორმაცია, რომელიც ჯერჯერობით მივიღე, ნათელყოფს, რომ ეს სკეპტიციზმი გამართლებულია. დეკლარაციასთან დაკავშირებით პრობლემები არის", თქვა სახელმწიფო მდივანმა.

პაუელს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა შეუსაბამობები გამოავლინა დოკუმენტში მოტანილი მასალის შედარებამ სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან. მან თქვა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას შეერთებული შტატები ჯერ არ გამოაცხადებს.

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა მას მერე უნდა გამოაქვეყნონ თავიანთი გადაწყვეტილება, რაც გაეროს განიარაღების ექსპერტთა ჯგუფის ხელმძვანელი ჰანს ბლიქსი საკუთარ მოსაზრებებს გამოაცხადებს ხუთშაბათს.

მაგრამ კერძო საუბრებში ამერიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ერაყის ანგარიშში სერიოზული შეუსაბამობებია. მაგალითად, მასში არ არის ასახული ტონობით ქიმიური და ბიოლოგიური აგენტები, ასევე არ ჩანს მდოგვის გაზის შემცველი 550 ჭურვი, რომლებიც, ბაღდადის თქმით, დაიკარგა.

გაზეთ "დეილი ტელეგრაფის" ცნობით, არ არის ნათელი, რატომ ცდილობდა ერაყი ურანის შესყიდვას აფრიკაში. ანდა რა მიზნით ჭდილობდა შეეძინა მოწყობილობა, რომელიც ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება.

ბაღდადი აცხადებს, რომ დოკუმენტაცია სრულია და თუკი მასში რაიმე საეჭვო მასალა ან მოწყობილობა ფიგურირებს, ეს ე.წ. "ორმაგი დანიშნულების" კომპონენტებია, რომელთა გამოყენება სამოქალაქო მიზნებისთვისაც შეიძლება.

ჯერჯერობით არ არის ნათელი არც ის, თუ რას მოიმოქმედებს შეერთებული შტატები, თუკი იგი ერაყის ანგარიშს მიუღებლად მიიჩნევს. ვაშინგტონმა გაეროს უკანაკნელი მკაცრი რეზოლუციის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ თუკი აღმოჩნდება ერაყის მიერ განიარაღების სფეროში დაშვებული სერიოზული დარღვევა, მაშინ ეს საკმარისი იქნება ომის დასაწყებად, საჭიროების შემთხვევაში ცალმხრივი წესითაც კი.

ექსპერტთა უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ მხოლოდ ეს დეკლარაცია, რომელზეც ბიძინა რამიშვილი გესაუბრათ, ვერ იკმარებს ერაყის წინააღმდეგ ომის დასაწყებად და ვაშინგტონი შეეცდება ერთზე მეტ სერიოზულ დარღვევაში გამოიჭიროს ბაღდადი. ეს მას გაუადვილებდა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო კოალიციისთვის თავის მოყრას. სხვათა შორის, თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა ორშაბათს განაცხადა, რომ ერაყს აღარ მიეცემა იმის შანსი, მოგვიანებით წარმოადგინოს მასალები, რომლებიც ამ დოკუმენტში არ შესულა.
XS
SM
MD
LG