Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება მზადება საარჩევნო რეფორმისათვის


დავით პაიჭაძე, თბილისი დამოუკიდებელ საქართველოში გამართული ყველა არჩევნების მიმდინარეობამ სამოქალაქო საზოგადოება საბოლოოდ დაარწმუნა, რომ აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა,

არჩევნებისადმი მოქალაქეებისა და პოლიტიკური კლასის დამოკიდებულება. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს, ამაში, საერთოდ, მთელი საზოგადოება დაარწმუნოს. უახლოეს არჩევნებამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი. სამოქალაქო სექტორის ნაწილი ამთავითვე იწყებს მუშაობას მოქალაქეთა ჩასართავად საარჩევნო რეფორმის პროცესში. რა მიმართულებებსა თუ ღონისძიებებს გულისხმობს ეს რეფორმა?

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო რეფორმაზე ზრუნვას იმით იწყებენ, რომ ქმნიან საქართველოს კოალიციას დემოკრატიისათვის. მათი აზრით, რეფორმის განხორციელებისათვის საჭიროა მუშაობა ოთხი მიმართულებით: სამოქალაქო კამპანიის გაშლა, საარჩევნო კანონმდებლობის დემოკრატიზაცია და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, საარჩევნო სუბიექტების, ანუ პოლიტიკური ძალების, ნება, უარი თქვან თაღლითობაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეფორმის მხარდაჭერა.

რა არის საჭირო რეფორმის წარმატებისათვის? როგორც საზოგადოება “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, კოალიციის წევრთა აზრით, ორ მიზანია ძირითადი [ჭიაბერაშვილის ხმა]: “პირველი გახლავთ საარჩევნო სიების დაზუსტება, ამომრჩეველთა რეგისტრაცია. ივლისისთვის უკვე მზად უნდა იყოს საარჩევნო სიები, რათა, ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, მეორე მხრივ, პოლიტიკური შეჯიბრის მონაწილე პარტიებმა შეძლონ, არჩევნებამდე დარჩენილ დროში თავადვე ჩაატარონ სიების აუდიტი. გარდა სიებისა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი. ჩვენი პრიორიტეტია, საარჩევნო კომისია არ იყოს დაკომპლექტებული პარტიული ნიშნით. თუ ეს არ მოხდა, როგორც მინიმუმს, უნდა მივაღწიოთ შემდეგს: არც ერთი პიროვნება, რომელიც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობს, აღარ გაეკაროს საარჩევნო ადმინისტრაციას, რადგან მათ მიმართ ჩვენი ნდობა ძალიან დაბალია”.

რა მოტივები შეიძლება ჰქონდეთ როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებს საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას? ამ კითხვაზე კოალიციის წევრებს სხვადასხვა პასუხი აქვთ: ეს შეიძლება იყოს, საერთოდ, არჩევნების ჩაშლის საფრთხე; შიში, უსამართლო არჩევნებს არ მოჰყვეს უმართავი პროცესები და აფეთქება საზოგადოებაში; ესეც არ იყოს, გაყალბების მექანიზმები აღარ არის ცენტრალიზებული, ანუ მხოლოდ ხელისუფლება აღარ ფლობს ბერკეტებს საარჩევნო თაღლითობისათვის და შეიძლება აწყობდეს კიდეც რეფორმა. გარდა ამისა, კოალიციის წევრების აზრით, პოლიტიკოსთა მოტივების მიუხედავად, ამ მიზანს საზოგადოებასთან ერთად უნდა მიაღწიონ.

ყველაზე პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ეს, ანუ, რაც შეიძლება, მეტი მოქალაქის ჩაბმა საარჩევნო რეფორმების კამპანიაში. ფილოსოფოსი გია ნოდია შენიშნავს, რომ საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციათა საზოგადოებასა და ხელისუფლებასთან ურთიერთობის მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული ფორმები, რომელთაც გამოიყენებენ მოქალაქეთა დასაინტერესებლად და დასარწმუნებლად იმაში, რომ მათ ხმებს გადამწყვეტი ძალა აქვს და ისინი არჩევნებზე უნდა მივიდნენ [ნოდიას ხმა]: “მეორე მხრივ, შევისწავლით ჩვენნაირი, განვითარების დაახლოებით ჩვენს დონეზე მყოფი ქვეყნების გამოცდილებას, თუ ჩვენთვის უცნობი და აუთვისებელი რომელი ფორმები იყო უფრო ეფექტიანი გინდა საზოგადოებასთან, გინდა ხელისუფლებასთან მუშაობისა. ამ ეტაპზე კი ვერ ვიტყვით, რომ პრინციპულად რაღაც ახალს მივაგენით”.
XS
SM
MD
LG