Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა შევარდნაძემ პრეზიდენტ პუტინს მორიგი წერილი გაუგზავნა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ალექსანდრ ვოლოშინს პრეზიდენტ

შევარდნაძის წერილი გადასცა. წერილის ადრესატი რუსეთის პრეზიდენტია. ქართველ ექსპერტთა ვარაუდით, რუსეთ-საქართველოს პირველ პირთა ურთიერთობის გააქტიურება დღის წესრიგში აყენებს უახლოეს დროში პრეზიდენტების შეხვედრის აუცილებლობას.

პრეზიდენტ შევარდნაძის წერილის შინაარსი ამჯერად გასაიდუმლოებულია, განსხვავებით რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაგზავნილი, სექტემბრით დათარიღებული, წერილისაგან, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურებოდა პრეზიდენტ პუტინის 11 სექტემბრის განცხადებას საქართველოს ტერორისტების მხარდამჭერი ქვეყნებისადმი მიკუთვნების თაობაზე. სექტემბრის შემდეგ მსგავსი განცხადებები აღარ გაკეთებულა, კრემლის ტონი საქართველოს მიმართ თითქოს შერბილდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ორი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობა სასურველისგან ჯერაც საკმაოდ შორსაა.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ბოლო თვეების განმავლობაში ერთნაირი ინტენსივობით მოგზაურობდა ვაშინგტონსა და მოსკოვში. და თუ თედო ჯაფარიძეს ვაშინგტონელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისას პრობლემა არ შექმნია, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრ ვოლოშინთან შეხვედრა მან მხოლოდ მესამე ცდის შემდეგ მოახერხა.
რუსეთის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში ვოლოშინს განსაკუთრებული როლი ეკისრება. რეალურად, პრეზიდენტ ელცინის უახლოესი გარემოცვიდან იგი ერთადერთია, რომელმაც არა მხოლოდ შეძლო მაღალი პოზიციის შენარჩუნება, არამედ გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია პრეზიდენტ პუტინის პეტერბურგულ დაჯგუფებებთან კულუარულ ბრძოლებში. თედო ჯაფარიძე ვოლოშინთან შეხვედრის შედეგით კმაყოფილია. მისი განმარტებით, შეხვედრისას მიღწეულია შეთანხმება ორი სახელმწიფოს ურთიერთ სტრატეგიული ინტერესების გამომხატველი დოკუმენტის შექმნის შესახებ. მხარეების აზრით, აუცილებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობამ თანმიმდევრული და სტაბილური ხასიათი მიიღოს. საკითხავია,
რამდენად შეუწყობს ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სტაბილურობას, დსთ-ს სამიტების დადგენილებათა საპირისპიროდ, ამ დღეებში სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ, ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფალნი თანაბარუფლებიანი თანამშრომლობისთვის მზად არ არიან ურთიერთუნდობლობის გამო, რაც აფხაზეთის კონფლიქტისადმი მათი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებითაა განპირობებული.
XS
SM
MD
LG