Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეკუთვნის სუფსაში დაღვრილი ნავთობი


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის მინელებისთანავე მილსადენის ბორჯომის ხეობაში გატარების მოწინააღმდეგეებს განგაშის ატეხის ახალი მიზეზი გამოუჩნდათ.

26 დეკემბრის დილით სოფელ სუფსაში ჩამომავალ მდინარეში, რომელიც შავ ზღვას უერთდება, ნავთობის ლაქები შეამჩნიეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობის დაღვრა, თითქოსდა, სუფსის ნავთობტერმინალიდან ტანკერში ნედლეულის ჩატვირთვისას მოხდა. 27 დეკემბერს კი ნავთობის დაღვრის სულ სხვა ვერსია დადასტურდა.

მიუხედავად იმისა, რომ 26 დეკემბერს სოფელ სუფსაში ჩამომავალ მდინარეში და ზღვის სანაპიროზე ნავთობის ლაქები აღმოაჩინეს, ბაქო-სუფსის ნავთობსადენიდან ან სუფსის ნავთობტერმინალიდან ნავთობი არ დაღვრილა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესმდივანს მაია კაპანაძეს ასეთი განცხადების საფუძველს აძლევს სუფსის ნავთობტერმინალზე მიმაგრებული სამინისტროს სპეციალისტების ინფორმაცია. ექსპერტების განმარტებით, ბაქოდან მომავალი ნედლეული მსუბუქ ნავთობთა ფრაქციას წარმოადგენს, დაღვრილი ნავთობი კი მძიმე ნედლეულის ფრაქციას განეკუთვნება.

ძიების გაგრძელების შემდეგ, 27 დეკემბერს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა ნავთობის გაჟონვის წყაროს სოფელ ორმეთთან მიაკვლიეს. სამინისტროს პრესმდივნმა მაია კაპანაძემ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა:

[მაია კაპანაძის ხმა] „დღეს დილიდან, გათენებიდან, ჩვენი სამსახურები ისევ ადგილზე არიან და დაადგინეს, რომ ეს არის ნომერ 42 ჭაბურღილი, „საქნავთობის“ კუთვნილი მოქმედი ჭაბურღილი, რომლის რეზერვუარის ავსების გამო გადმოვიდა იქიდან ნავთობი, მოხვდა ღელეში, ღელედან შევიდა სუფსაში და მდინარე სუფსამ ჩამოიტანა ეს ნავთობი. არანაირი კავშირი ნავთობტერმინალთან ამას არ აქვს.“

ახლა ექსპერტები ღია ზღვას ათვალიერებენ ნავთობის შესაძლო ლაქების აღმოსაჩენად. ხმელეთზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო ჭაბურღილის მომსახურე პერსონალმა. სუფსის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელებიც აცხადებენ, რომ ტერმინალის კუთვნილი უახლესი ტექნოლოგიით მონაწილეობას მიიღებენ მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთების გასუფთავებაში. საქართველოს კანონმდებლობით კი ეკოლოგიური ზარალის ანაზღაურება მფლობელ სახელმწიფო კომპანია „საქნავთობს“ დაეკისრება. ჩემი მცდელობა საქნავთობის წარმომადგენელთა პოზიცია გამეგო უშედეგოდ დამთავრდა, რადგან ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელთა უმრავლესობა შემთხვევის ადგილზე იმყოფება და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

საქართველოს მწვანეთა ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე კი ნავთობის გაჟონვით მიყენებული ზარალისა და მისი ანაზღაურების შესაძლებლობის შესახებ ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი მასშტაბის ზარალი არის, იმიტომ რომ იქ არა მარტო მდინარის დაბინძურებაზე და ზღვის სანაპირო ზოლზე და იხტიო ფაუნაზეა ლაპარაკი, არამედ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისაც. ახლა, მე ვიცი, რომ დაიწყება ზეწოლა ხელისუფლებიდან გარემოს დაცვის სამინისტროზე, იმიტომ რომ მან უნდა აღძრას საქმე ამასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ასეთი ფაქტები უკვე იყო.“[სტილი დაცულია]

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განმარტებით, რადგან ნავთობის დაღვრა მესამე მხარის მიზეზით არ მომხდარა, ზარალის ანაზღაურებისთვის გამოძიების ჩატარებაც არაა საჭირო. მისი მოცულობა ოდნავ მოგვიანებით, ექსპერტების მიერ გარემოს დეტალური შემოწმების შემდეგ, გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG