Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი ჩრდილოეთი კორეისა და ერაყის მიმართ თავისი პოლიტიკის განმარტებას ცდილობს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გაეროს განიარაღების ინსპექტორთა გაძევების შემდეგ ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ პლუტონიუმის წარმოების განახლებას აპირებს. გასულ შემოდგომაზე ფხენიანმა აღიარა,

რომ წლების განმავლობაში საიდუმლოდ მუშაობდა ბირთვულ პროგრამაზე. შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფხენიანი უკვე ფლობს ერთ ან ორ მცირე ბირთვულ ბომბს. ამასობაში კი ერაყმა ქვეყანაში შესვლის ნება დართო გაეროს ინსპექტორებს, რომლებსაც აქამდე არ უპოვიათ მასობრივი განადგურების იარაღი.

მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ერაყს უფრო სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს და სპარსეთის ყურეში ომისთვის ემზადება. ჩრდილოეთ კორეასთან კი დიალოგის გაბმას აპირებს.

სახელმწიფო დეპარატამენტის პრესმდივანმა ფილიპ რიკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ ყოველი ქვეყანა განსაკუთრებულ მიდგომას იმსახურებს. მაგრამ კრიტიკოსებს შინ თუ გარეთ მაინც აშფოთებთ ფხენიანისა და ბაღდადისადმი ვაშინგტონის ესოდენ განსხვავებული მიდგომა. ზოგიერთის თქმით, ეს ცხადყოფს, რომ ერაყში ვაშინგტონს მასობრივი განადგურების იარაღზე მეტად ნავთობი და ისრაელის დაცვა ადარდებსო.

გასულ კვირაში სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი შეერთებული შტატების ხუთი ტელეარხის ახალი ამბების პროგრამებში გამოვიდა და სცადა, ნათელი მოეფინა ვაშინგტონის პოზიციისთვის. მან თქვა, რომ ჩინეთის, რუსეთის, სამხრეთი კორეისა და იაპონიის დახმარებით, შეერთებული შტატები ცდილობს, უარი ათქმევინოს ჩრდილოეთ კორეას ბირთვული პროგრამის განახლებაზე.

ფხენიანი აცხადებს, რომ იძულებულია შექმნას ბირთვული იარაღი, როგორც შეერთებული შტატების შესაძლო დარტყმის შემაკავებული საშუალება. ის მოითხოვს პირდაპირ მოლაპარაკებებს ვაშინგტონთან ყოვლისმომცეველი სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე.

კვირას პაუელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ ომს არ აპირებს. [პაუელის ხმა] "ჩვენ არ ვაპირებთ პრევენტიული დარტყმის განხორციელებას. შეერთებულ შტატებს აქვს მრავალი შესაძლებლობა – პოლიტიკური, ეკონომიკური, დიპლომატიური და, დიახაც, სამხედრო. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ჩრდილოეთი კორეისთვის დამუქრებით კრიზისული ატმოსფეროს შექმნას."

ზოგიერთი ოფიციალური პირის თქმით, ვაშინგტონი გაამკაცრებს ეკონომიკურ ზეწოლას ფხენიანზე, მაგრამ ეს ზომა, ისედაც გაღატაკებული ქვეყნის წინააღმდეგ, სამხრეთი კორეის გააფთრებულ წინააღმდეგობას იწვევს.

ამდენად, ახალი სანქციები მოსალოდნელი არ არის. მეტიც, ფილიპ რიკერის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა დიალოგისთვის. თებერვლის დამდეგს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს კელი სამხრეთ კორეაში მიემგზავრება მის ჩრდილოელ მეზობელზე სალაპარაკოდ.

ჩრდილოეთი კორეისა და ერაყის მიმართ ვაშინგტონის განსხვავებულ მიდგომას ანალიტიკოსი რაიმონდ ტენტერი ამ ორ ქვეყანას შორის არსებული განსხვავებებით ხსნის. ჯერ ერთი, სადამ ჰუსეინმა უკვე ჩაწერა ისტორიაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება და მეზობელ ქვეყნებში ინტერვენცია. უფრო მეტიც: იმის გამო, რომ ის ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, სანქციების მეშვეობით მისი მორჯულება არც ისე ადვილია.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, ეკონომიკური ზეწოლის მიმართ ის საკმაოდ მგრძნობიარეა. კიდევ ერთი მნიშვნელობვანი განსხვავება ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეას, ბირთვულ იარაღზე რომ არაფერი ვთქვათ, ჰყავს ერთი მილიონი ჯარისკაცი და აქვს არტილერია, რომელსაც, ომის დაწყების პირველსავე წუთებში, სამხრეთი კორეის დედაქალაქ სეულის განადგურება შეუძლია.

მიუხედავად ამ არგუმენტებისა, თეთრი სახლის პოლიტიკის კრიტიკა სულ უფრო ხმამაღლა გაისმის. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჯოზეფ ბაიდენმა თქვა: "ვიდრე ერაყში საერთაშორისო ინსპექტორები მუშაობენ, სასწრაფო არაფერია. ხოლო თუ საქმე ჩრდილოეთ კორეაში წავიდა ცუდად, ეს გაცილებით უფრო მეტ ზიანს მოუტანს შეერთებულ შტატებს, ვიდრე ერაყიო".
XS
SM
MD
LG