Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკუსია სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი 2003 წლის პირველი სამუშაო კვირა სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ დისკუსიითაც დაიწყო. 6 იანვარს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ მეცნიერები, პოლიტიკოსები და დაინტერესებული მოქალაქეები,

რათა ემსჯელათ ბოლო დროს გამწვავებულ თემაზე – არის თუ არა ცნობილი ხუთჯვრიანი დროშა ისტორიული, ქართული და რამდენად მიზანშეწონილია, ის იქცეს სახელმწიფო დროშად. ამ საკითხზე გამართულ სამეცნიერო კონფერენციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ელდარ შენგელაია უძღვებოდა, რომელმაც პირველი მოხსენებაც წაიკითხა.

ვნებები ხუთჯვრიანი დროშის ირგვლივ მაშინ გამძაფრდა, როცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ის, რამდენიმე სხვა დროშასთან ერთად, თბილისის ადმინისტრაციული შენობის თავზე ააფრიალა, ხოლო დეპუტატმა და მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გურამ შარაძემ დროშა არამართლმადიდებლურად შერაცხა. კონფერენციაზე შარაძე არ უხსენებიათ, ახსენებდნენ ანონიმურ ოპონენტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თეთრ ტილოზე დატანილი წითელი ჯვარი - ოთხკუთხივ პატარა, ასევე წითელი, ჯვრებით - არის კათოლიკური დროშა – ხან ფრანცისკელთა, ხან დომინიკელთა ორდენისა, ხანაც კი მას, საერთოდ, იერუსალიმის სამეფოს დროშად მიიჩნევენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ელდარ შენგელაიამ მიმოიხილა წინა მოწვევის პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა სახელმწიფო სიმბოლიკაზე, აღნიშნა, რომ ამ ჯგუფის 5 წლის წინანდელი დასკვნა და საქართველოს პრეზიდენტისთვის მიცემული რეკომენდაცია ხსენებული დროშის სახელმწიფოს სიმბოლოდ ქცევის მიზანშეწონილობის შესახებ შევარდნაძემ უპასუხოდ დატოვა. ელდარ შენგელაიამ წარმოადგინა მე-14 საუკუნის საქართველოს ისტორიულ რუკათა ასლები, რომლებზეც დატანილია ხუთჯვრიანი დროშის გამოსახულება. დამსწრე საზოგადოებას ასევე აჩვენა იერუსალიმის სამეფოსა და ფრანცისკელთა ორდენის დროშათა ილუსტრაციები – ისინიც ნამდვილად განსხვავდებოდა კამათის საგნად ქცეული დროშისაგან. ტიპოლოგიური მსგავსების პოვნა, ცხადია, შეიძლება, მაგრამ, როგორც ელდარ შენგელაიამ აღნიშნა და დარბაზში მყოფი ისტორიკოსები და ჰერალდიკოსები დაეთანხმნენ, ჰერალდიკური სიმბოლოს უმცირესი ცვლილება უკვე სხვა სიმბოლოს გვაძლევს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ბოჭორმისა და ჩხერის ეკლესიებზე შუა საუკუნეებში ამოტვიფრული ხუთჯვრიანი დროშის გამოსახულებები, 1999 წელს დმანისში ნაპოვნი ქვაჯვარი ასეთივე, თანაც წითლად დაფერილი, გამოსახულებით.

ხუთჯვრიანი დროშის, როგორც ქართული ისტორიული და სახელმწიფო დროშის, სასარგებლო არგუმენტები თავის მოხსენებაში მოიყვანა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით მუსხელიშვილმაც, ამ დროშის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ ქცევის შესახებ კი ჩვენთან საუბრისას განაცხადა [დათუნა მუსხელიშვილს ხმა]: “ჩემი აზრით, ჯობს, ეს დროშა აღდგეს. ეს არის უძველესი დროშა, ყოველ შემთხვევაში, დავით აღმაშენებლის დროიდან. ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ დროშის მნახველს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ის არის ათასწლოვანი და ქვეყანას 2500 წლიანი სახემწიფოებრიობის ისტორია აქვს”.

ამავე აზრს ეხმაურება მკვლევარი და ჰერალდიკის სპეციალისტი თორნიკე ასათიანი, რომელიც აღნიშნავს, რომ ჯვარი არ არის მხოლოდ ქრისტიანული სიმბოლო, ის უძველესი, ქრისტიანობამდელი ორნამენტია და არ ლახავს იმ მოქალაქეთა რელიგიურ გრძნობებს, რომლებიც ქრისტიანული აღმსარებლობისა არ არიან. ჯვარი დროშაზე არა იმდენად ქრისტიანული რელიგიის, რამდენადაც კულტურული ქრისტიანობის სიმბოლოა [თორნიკე ასათიანის ხმა]: ”ჩვენ სრულიად თავისუფლად შეგვიძლია და გვაქვს ამის ისტორიული, იურიდიული და მორალური საფუძველი, ეს დროშა გამოვაცხადოთ საქართველოს სახელმწიფო დროშად. ის ასახულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მრავალ ვიზუალურ მასალაში და მოგვეპოვება ირიბი მტკიცებულებებიც წერილობითი წყაროების სახით”.

ელდარ შენგელაიას აზრით, ხუთჯვრიანი დროშა კრებითი სიმბოლოა [ელდარ შენგელაიას ხმა]: “ეს არის რელიგიის, ეს არის კულტურის, ეს არის ევროპულობის – ყველაფრის ერთად შემაერთებელი”. თუმცა ვიცე-სპიკერი სკეპტიკურად უყურებს უახლოეს ორ წელიწადში, ანუ შევარდნაძის მმართველობის მანძილზე, ამ დროშის სახელმწიფოს სიმბოლოდ ქცევის პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG