Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ძალთა ახალი გადაჯგუფება საქართველოში


2003 წელი, საპარლამენტო არჩევნების წელი, პოლიტიკურ ძალთა გადაჯგუფების ტენდენციის გამოკვეთით დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტის სახელისუფლებო ფრაქციებმა,

დამოუკიდებელი დეპუტატების თანხლებით, არაფორმალური, თემატური, უმრავლესობა შექმნეს. უფრო სხვაგვარ, ესე იგი ფორმალურ, გაერთიანებათა გაფორმების მცდელობა შეინიშნება ხელისუფლების ოპოზიციაში. “ტრადიციონალისტებისა” და “ნაციონალური-მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის” ლიდერები აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ, რაც, შესაძლოა, ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის ალიანსის გაფორმებით დასრულდეს.

გაერთიანება ხელისუფლების მხარდამჭერ ძალებს რომ უფრო ეხერხებათ, ვიდრე ხელისუფლების ოპოზიციურ ძალებს, ამაზე საქართველოს პარლამენტში ახალი, თემატური, უმრავლესობის შექმნის ფაქტიც მეტყველებს. 8 ფრაქციისა და 15 დამოუკიდებელი დეპუტატის გაერთიანების საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ფრაქციები: “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი”, “თანადგომა”, “ალიანსი ახალი საქართველოსათვის”, “სიციალისტი”, “აფხაზეთი”, “ახალი აფხაზეთი –ქრისტიან-დემოკრატები”, “მრეწველები” და “მაჟორიტარები”, 15 დამოუკიდებელ დეპუტატთან ერთად, არაფორმალურ, თემატურ, უმრავლესობას ქმნიან. პრეზიდენტის მხარდამჭერი საპარლამენტო ძალებისგან საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსი გაერთიანების შექმნის წინაპირობა 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გამოიკვეთა. ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის შემდეგ პრეზიდენტმა ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების აუცილებლობა აღნიშნა. უმრავლესობის დაშლის შემდეგ ეს პირველად მოხდა და ახალი წელიც პარლამენტში თემატური უმრავლესობის შექმნით დაიწყო.

[ვიტალი ხაზარაძის ხმა] “ავიღოთ ბიუჯეტის საკითხი. ბიუჯეტის პროექტი შემოიტანა მთავრობამ პარლამენტში და 8 ფრაქციამ გამოხატა ბიუჯეტის პროექტისადმი საკუთარი დამოკიდებულება. მათ მიაჩნიათ, რომ 2003 წლის ბიუჯეტის მიღება აუცილებელია. აი, ამ დამოკიდებულების ფონზე იქმნება თემატური უმრავლესობა. დამოკიდებულება აყალიბებს უკვე პოლიტიკურ ძალთა ერთიანობას ამა თუ იმ თემის ირგვლივ. “

ასე განმარტა თემატური უმრავლეობის არსი ვიტალი ხაზარაძემ. რაც შეეხება თემებს, რომლებმაც სახელისუფლებო ფრაქციებს გაერთიანება უკარნახა, ესენია: 2003 წლის ბიუჯეტის მიღების, ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა რეფორმირების და საარჩევნო კოდექსის თემები. თითოეულ თემატურ რკალში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით 8 ფრაქცია და 15 დამოუკიდებელი დეპუტატი კოორდინირებულად იმოქმედებს. არ არის გამორიცხული მათ კოორდინატორიც ჰყავდეთ. რაც შეეხება ლიდერს თუ ხელმძღვანელს, ამ ფუნქციას თემატურ უმრავლესობაში გაერთიანებული ფრაქციების ლიდერები ერთმანეთს როტაციის პრინციპით გადასცვმენ.

საპარლამენტო ოპოზიციაში მსგავსი შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. “ნაციონალური მოძრაობისა “ და “ტრადიციონალისტების” ლიდერები ადასტურებენ, რომ მათ შორის გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ მათი საპარლამენტო ფრაქციების გაერთიანების საკითხი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ხელისუფლების კრიმინალიზაციის წინააღმდეგ ეროვნულ-დემოკრატებსა და გაერთიანებულ-დემოკრატებთან გაერთიანების შემდეგ ტრადიციონალისტები ნაციონალურ-მოძრაობასთან მჭიდრო პოლიტიკურ პარტნიორობას აპირებენ. გაერთიანების იდეით მიხეილ სააკაშვილსა და აკაკი ასათიანს შორის კონსულტაციები ერთი კვირის წინ დაიწყო. 2003 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, ამდენად, პოლიტიკურ ძალებს შორის ახალი, მოულოდნელი გადაჯგუფებები წელს არცთუ უჩვეულო იქნება.
XS
SM
MD
LG