Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური ეკონომიკური თანამშრომლობა ენგურჰესიდან დაიწყო


ენგურჰესი ქართულ-აფხაზური ეკონომიკური თანამშრომლობის ყველაზე ნათელი მაგალითია. მისი მართვა და, მით უმეტეს, რეაბილიტაცია აფხაზ სეპარატისტებთან შეთანხმების გარეშე

შეუძლებელი იქნებოდა. წლების წინ სეპარატისტულ სოხუმთან თბილისის გარიგება საქართველოში არავის გაუპროტესტებია. თუმცა კი ენგურჰესის ექსპლოატაციის პირობები, ეკონომიკას რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკურადაც ნაკლებად ხელსაყრელი იყო.

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების დღიდან მხარეები საერთო ენის გამონახვას თითქმის მხოლოდ ერთ საკითხზე - ენგურჰესის ექსპლოატაციასთან დაკავშირებით - ახერხებდნენ. აფხაზური მხარის რა მოგახსენოთ, მაგრამ თბილისისთვის კი სეპარატისტების ელექტრო პრობლემების მოგვარება ნამდვილად არ იყო ხელსაყრელი. საქართველოს ხელისუფლება სოხუმთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას იმით ხსნიდა, აფხაზეთის მოსახლეობაც საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენ მათზე ვზრუნავთო.

ამ განცხადების უკან კი ის რეალობა იმალება, რამაც საქართველოს ხელისუფლება აიძულა სეპარატისტებთან გარიგებაზე წასულიყო. საქმე ისაა, რომ ენგურჰესის გარეშე, რომლის სამართავი პულტი აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, საქართველოს ელექტროსისტემა, ფაქტობრივად, ვერ იარსებებდა. ენგურჰესის დირექტორის მოადგილემ ნუგზარ სართანიამ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა:

[სართანიას ხმა] „დარწმუნდნენ აფხაზები კი არა და მთლიანად საქართველო დარწმუნდა იმაში, რომ ენგურჰესის მუშაობა ყველასათვის სასარგებლოა და საჭირო, ამიტომ ხელს არავინ გვიშლის, ფაქტობრივად. უბრალოდ, მიმოსვლა არის შეზღუდული, ჩვენი თანამშრომლების გარდა. მიმოსვლის სხვა რეჟიმი აქვთ დაწესებული. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს თანამშრომლებს გადასვლის და გადმოსვლის დიდი სიძნელეები არ აქვთ.“[სტილი დაცულია]

გალის რაიონის სოფელ საბერიოსთან მდებარე ენგურჰესის სამართავ პულტზე 450-ზე მეტი კაცია დასაქმებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქართველები არიან. მათი საშუალო ხელფასი 100-150 ლარია, თუმცა, საქართველოს ენერგობაზრის დამსახურებით, ენგურჰესის პერსონალს გასული წლის 3 თვის ხელფასი არ მიუღია. დაუფარავია წინა წლების სახელფასო დავალიანებებიც. მიუხედავად ამისა, ენგურჰესმა ახალი წლის დღეებში სრული დატვირთვით იმუშავა და თითქმის მთელი საქართველო მისი წყალობით განათდა. ნუგზარ სართანიას თქმით:

[სართანიას ხმა] „რაც ახლა არის წყლის მარაგი, ეს უნდა გვეყოს ჩვენ აპრილის თვემდე - მანამ, სანამ დაიწყებოდეს წყალდიდობა, სამწუხაროდ, ვინაიდან ენგურს აწვება მთელი დატვირთვა, რაც კი მოხმარებაა საქართველოში. ამიტომ წყლის დონე ნორმაზე მეტი დამუშავდა.“

ენგურჰესის წარმადობის გაზრდას ემსახურება პროექტი, რომელსაც ხელი 6 იანვარს მოეწერა. ეს კი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სეპარატისტულ სოხუმსა და თბილისს შორის ორმხრივად სასარგებლო ენერგეტიკული თანამშრომლობის შეთანხმება.

1994 წელს ენგურის ჰიდროელექტრო სადგურზე დაზიანდა ეგრეთ წოდებული „მისაყრდნობი ფარი“. ამ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას შემდეგ დაზიანებული ფარიდან ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 მილიონი ლარის ტოლფასი წყალი იღვრება. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნინო ასათიანის განმარტებით:

[ნინო ასათიანის ხმა] „ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროკომისია აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ გრანტი გამოეყო ამ პროექტის დასაფინანსებლად და... ეს არის ევროკომისიის 5 მილიონიანი გრანტი, რომელიც დაიწყება რამდენიმე კვირაში და წელიწადნახევარში დასრულდება. ამით მისაყრდნობი ფარის ამუშავების შემდეგ ენგურზე შესაძლებელი იქნება 700 მილიონ კილოვატსაათი ელექტროენერგიის დაზოგვა.“

ჯერჯერობით ენგურჰესის გარშემო მიღწეული შეთანხმებები არ გამხდარა ქართულ-აფხაზური ეკონომიკური ან პოლიტიკური თანამშრომლობის საფუძველი. თუმცა კი იგი თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს იმისას, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკურმა ინტერესებმა მტრებსაც კი საერთო ენა გამოაძებნინოს.
XS
SM
MD
LG