Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსლან გელაევის მორიგი გაელვება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამინდის ჭირვეულობამ რომ საგრძნობი ზარალი შეიძლება მიაყენოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი, ეს 2003 წლის პირველივე დღეებმა დაადასტურა, როცა დასავლეთ ევროპა თოვლის ნამქერმა დაფარა.

თოვს იქაც კი, სადაც, ჩვეულებრივ, თოვლი უჩვეულო მოვლენად ითვლება. სამაგიეროდ, უთოვლობამ კავკასიის ქედზე, შესაძლოა, დამატებითი პრობლემები შეუქმნას იმ ქართველ მესაზღვრეებს, ვინც რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს იცავს.

ჩვეულებრივ, ნოემბრის დასაწყისიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურს თავისი საქმის თითქმის ნახევარი უმცირდება: ზამთრის მოსვლასთან ერთად, საიმედოდ იკეტება ის გადასასვლელები, რომელსაც, ჩვეულებრივ, კანონთან მწყრალად მყოფი ადამიანები იყენებენ რუსეთიდან საქართველოში და პირიქით გადასასვლელად. ამჯერად ვითარება გამორჩეულია: თოვლი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ კავკასიის ქედზე გადასასვლელები, რუსული მხარის განცხადებით, მოგზაურობისთვის ჯერ კიდევ გამოსაყენებელია. შესაბამისად, ჩრდილო კავკასიის არმიის გაერთიანებული დაჯგუფების შტაბის ცნობით, თბილმა ამინდმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა საველე მეთაურებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მთებიდან დაბლობში ინაცვლებდნენ და ფედერალების წინააღმდეგ ბრძოლისას მშვენივრად იყენებდნენ თოვლის საფარველს. ამავე შტაბის განმარტებით, ახლა ისინი, ანუ ამბოხებულები, იძულებულნი არიან ან ისევ მთებში დაბრუნდნენ, სადაც ზამთარში, საკვების თვალსაზრისით, დიდი პრობლემები არსებობს, ან ე.წ. სიცოცხლის გზა აამუშაონ, რომელიც ჩეჩნეთიდან საქართველოზე გადადის. კადიროვის ხელისუფლების მხარდამჭერი მედიის ცნობებით, არსებობს ინფორმაცია, რომ ჩეჩენი მებრძოლების ერთმა ნაწილმა სამკურნალოდ და დასასვენებლად უკვე მშვიდობიანად ჩააღწია პანკისში.
განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს რუსეთის დაზვერვის სამსახური, რომლის ცნობითაც, უახლოეს ხანში საქართველოდან ინგუშეთში გადასასვლელად ემზადება რუსლან გელაევის მხარდამჭერი ჯგუფი. ამით ხსნიან ისინი თავად რუსლან გელაევის ინგუშეთში გამოჩენის გახშირებულ ფაქტებს.
სხვათა შორის, შარშან, 2002 წლის 31 დეკემბერს, თავის წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ არ გამორიცხა საქართველოდან ჩეჩნეთში დაბრუნებული შეიარაღებული ფორმირებების მონაწილეობა ჩეჩნეთში დაწყებულ პოლიტიკურ პროცესებში. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, “შესაძლოა, ჩეჩნეთში ამ ხალხმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს იმაში, რათა არ იყოს ომი”. არცთუ დიდი ხნის წინათ რუსი ექსპერტების საკმაოდ დიდ ნაწილსაც მიაჩნდა, რომ,იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, მაინც სამშვიდობო გეზს აიღებდა, საველე მეთაურებიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღების ყველაზე დიდი შანსი სწორედ რუსლან გელაევს ჰქონდა. თუმცა, როგორც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლებამ სხვა სტრატეგია აირჩია და მარტში ჩეჩნეთში რეფერენდუმს ამზადებს, რომელზეც, ჩეჩნეთის კონსტიტუციასთან ერთად, გამოვა პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების წესის განმსაზღვრელი კანონები. საეჭვოა, ამ სტრატეგიამ გაამართლოს: გარდა იმისა, რომ ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტა საველე მეთაურებთან მოლაპარაკების გარეშე წარმოუდგენლად გამოიყურება, ჩეჩნეთში რეფერენდუმის ჩატარება საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ნაადრევად მიაჩნიათ. როგორც 7 იანვარს განაცხადა ჩეჩნეთში ეუთოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა იორმა ინკიმ, მაშინ, როცა ჩეჩნეთში ათეული ათასი რუსი ჯარისკაცია და ათეულ ათასობით ლტოლვილია, არ არის საიმისო დრო და პირობები, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG