Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მიდიან მინისტრები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ჩვეულებრივ, საქართველოში მინისტრები საკუთარი ნებით თანამდებობიდან ძალიან იშვიათად მიდიან. და თუ ასეთი რამ მაინც ხდება, არაორდინალურობის გამო ეს ფაქტი საზოგადოებრივი განსჯის საგანი ხდება.

უცნაურია, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ვალერი ვაშაკიძის თანამდებობიდან წასვლას არავითარი ხმაური არ გამოუწვევია. რატომ?

ვალერი ვაშაკიძეს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მოჰიკანი მინისტრი: იგი 1995 წლიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრია, თუმცა, მის უფრო ადრინდელ თანამდებობასაც თუ გავიხსენებთ, - ამავე დასახელების კომიტეტის თავმჯდომარეობას, - შეიძლება ითქვას, რომ ვალერი ვაშაკიძემ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მართლაც, რეკორდული პერიოდი იმუშავა.
ხმები ვალერი ვაშაკიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ჯერ კიდევ შარშან, წლის ბოლოს, გაჩნდა, როცა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან წყარომ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ დეკემბრიდან მინისტრი აღარ ესწრებოდა მთავრობის სხდომებს, რადგან თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა.
ოფიციალური ვერსიით, მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა ვალერი ვაშაკიძის ჯანმრთელობის გაუარესებით არის განპირობებული. პრეზიდენტის კანცელარიის უფროსის პეტრე მამრაძის ცნობით, პრეზიდენტმა შევარდნაძემ სიტყვიერად დააკმაყოფილა ვალერი ვაშაკიძის თხოვნა გადადგომის შესახებ. ბრძანებულებას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. ვინ შეცვლის ვალერი ვაშაკიძეს ამ თანამდებობაზე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, თავად სამინისტროს სპეციფიკის გათვალისწინებით, საეჭვოა, მსურველები ბევრნი იყვნენ. კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი ირკვევა: ვალერი ვაშაკიძე ერთადერთი მინისტრი გახლდათ, რომელიც არა მმართველი პარტიის, არამედ ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი იყო - ცნობარში ”ვინ ვინაა საქართველოში” ნათქვამია, რომ იგი 1987 წლიდან ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრია. თუმცა, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარის თამარ ჩხეიძის განმარტებით, მათთვის მიუღებელი იყო შევარდნაძის მთავრობაში საკუთარი პარტიის წევრის ყოლა, რის შესახებაც ვალერი ვაშაკიძემ იცოდა, მაგრამ მას პარტიის რიგები მაინც არ დაუტოვებია.
მთლიანობაში კი, პარლამენტს საგაზაფხული სესიაზე მთავრობაში ორ ვაკანტურ ადგილზე წარმოდგენილ კანდიდატურებზე მოუწევს მსჯელობა. თუ მშენებლობის და ქონების მართვის გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელის კანდიდატურა ცნობილია - პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ისაკაძის კანდიდატურა წამოაყენა, - იმის თაობაზე, ვინ შეიძლება გახდეს ლტოლვილთა მინისტრი, დღეს არავითარი ვერსია არ არსებობს. არადა, ამ სამინისტროს არა მხოლოდ აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან ლტოლვილებზე უწევს ზრუნვა, არამედ ჩეჩნეთიდან დევნილებზეც. დევნილებთან მუშაობა რომ საკმაოდ მძიმეა, ეს ვალერი ვაშაკიძის მაგალითიდან გამოჩნდა: შედარებით ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, - იგი 45 წლისაა, - მინისტრის ფიზიკური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვეღარ ართმევს. ვინც ერთხელ მაინც შესწრებია დევნილების შეხვედრას მინისტრთან, ეს ნამდვილად არ გაუკვირდება.
XS
SM
MD
LG