Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკა თითქმის მთლიანად ”ჩრდილშია” მოქცეული


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის სექტორი ამა თუ იმ მასშტაბით ფუნქციონირებს, თუმცა ნორმალურ სახელმწიფოში, ელემენტარულად, ეკონომიკის ამ ნაწილის მეტ-ნაკლები აღრიცხვა

მაინც ხდება და სახელმწიფო დაინტერესებულია არალეგალური ბიზნესი აიძულოს ჩრდილიდან გამოვიდეს. საქართველოს პირობებში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბი განუზომლად დიდია და სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო, მისი ლეგალიზების მცდელობის მაგივრად, პირიქით, ლეგალურ ბიზნესსაც ჩრდილში გადასვლის სტიმულს აძლევს.

საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შესახებ ბევრს საუბრობენ როგორც სახელისუფლებო წრეებში, ისე დამოუკიდებელ ექსპერტებს შორისაც. ამ პრობლემაზე დღეს უკვე ჩვენი დონორები და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებიც ღიად ალაპარაკდნენ.

ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში არსებობდა საბჭოთა პერიოდშიც, მაშინ, როდესაც ყველაფერი ცენტრალიზებული იყო და კანონის დამცველები ამგვარი საქმიანობის პრეცედენტსაც ერიდებოდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა ცალკეული საამქროები თუ მთელი იატაკქვეშა ქარხნები, რომელთა პროდუქცია აღრიცხვას არ ექვემდებარებოდა. მაგრამ ასეთი ფაქტები თითებზე ჩამოსათვლელი იყო და საბჭოთა იატაკქვეშა ბიზნესმენები, ადრე თუ გვიან, როგორც წესი, მაინც ხვდებოდნენ კანონდამცველთა ყურადღების არეალში, საბჭოთა სამართალი კი, ჩვეულებრივ, მათ მიმართ უკიდურესად მკაცრი იყო.

დღეს ჩრდილოვანი ბიზნესი მთელ ეკონომიკას არის მოდებული და ვერც სამართალდამცველები ახერხებენ ამ სექტორის რამენაირად შეზღუდვას. პირიქით, არალეგალურ საქმიანობაში მთელი საზოგადოებაა ჩართული და დასაქმებულებიც ამ სფეროში ოფიციალურად აღრიცხულებზე მეტია.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ოფიციალურ მონაცემებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის შესახებ. ბოლო მონაცემებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 40 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სტატისტიკის კუთხით აშკარა პროგრესი შეინიშნება, ეს ციფრი ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მშპ-ში არალეგალური ბიზნესის წილი 80-90 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს. სხვათა შორის, იგივე მონაცემი ყაზახეთსა და აზერბაიჯანში - 25, მოლდოვასა და ყირგიზეთში - 16-17, ხოლო უკრაინაში, ბელორუსიასა და უზბეკეტში 10 პროცენტს შეადგენს. ამ ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკა რაც არ უნდა შელამაზებული იყოს, 10-სა და 40 პროცენტს შორის სხვაობა მაინც შტამბეჭდავია.

ამასთან, საქართველოში არის ეკონომიკური საქმიანობის სფეროები, რომლის თითქმის 100 პროცენტი ”ჩრდილშია” მოქცეული. ასეთ სფეროებს განეკუთვნება: მომსახურება, ვაჭრობა და იმპორტის ოპერაციები. ქართული ეკონომიკის უდიდესი ნაწილი, ფაქტობრივად, არალეგალურად ფუნქციონირებს. ამ სექტორში წარმოებული პროდუქცია აღრიცხვას არ ექვემდებარება, ვერ კონტროლდება შემოსავლები, ბიუჯეტში არ შედის საგადასახადო მოსაკრებლები, ყვავის კორუფცია და, საბოლოოდ, ყველაფერი ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება.

საერთოდ, ჩრდილოვანი ეკონომიკის ძირითად მასტიმულირებლად საკანონმდებლო გარემო მიაჩნიათ. ჩვენს შემთხვევაში ამას ემატება გარკვეული მავნე ტრადიციები, კანონმორჩილებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება და კორუფციული გარემო.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო, რომლის ეკონომიკის 70-80 პროცენტი ჩრდილოვანია, განწირული სახელმწიფოა. საუბედუროდ, საქართველო, როგორც სახელმწიფო, შესაძლოა ამგვართა რიცხვს მივაკუთვნოთ.
XS
SM
MD
LG