Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იმალება მაღალჩინოსანი ქართველი ოფიცრის მკვლელობის უკან?


10 იანვარს გაუჩინარებული საქართველოს საზღვრის

დაცვის დეპარატამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ლევან ტაბაღუა პოლიციის თანამშრომლებმა 17 იანვარს თბილისთან ახლოს მოკლული იპოვეს. ცნობილი გახდა დამნაშავის ვინაობა - ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი განყოფილების ოფიცერი მიხეილ კერესელიძე აღიარებითი ჩვენებით თავად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. მკვლელობის შესაძლო ვერსიად 18 იანვარს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა საქმიანი ურთიერთობები დაასახელა. მაგრამ ამ უწყინარმა სიტყვათშეთანხმებამ, რომელსაც საქართველოში ხშირად კრიმინალური ბიზნესის სინონიმად იყენებენ, საშინლად დააზიანა მთელი მმართველობითი სისტემა და, პირველ ყოვლისა, სამხედრო სტრუქტურები, სადაც იარაღით საქმის გარჩევებს არც სხვა თანამდებობის პირები თაკილობენ.

საქართველოში ზომაზე მეტად უყვართ იარაღი და ძალაუფლება. 1992 წლის 6 იანვარს, როდესაც კანონიერად არჩეული საქართველოს ხელისუფლება დაემხო, ამ ყაიდის ხალხს ყველაზე მეტად გაუმართლდა. იარაღიანი ადამიანი ქვეყნის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი გახდა: იგი აყალიბებდა ხელისუფლებას, გამოსცემდა დირექტივებს, აკონტროლებდა ფინანსებს, რეზერვებს, უძრავ-მოძრავ ქონებას, ქვეყნიდან გასულ და შემოსულ ყველა სახის პროდუქციას, ერთი სიტყვით, აყალიბებდა ახალ გამარჯვებულ კლასს. მაგრამ ცოტა ხანში გაირკვა, რომ იარაღიანი ხალხი უფრო მეტია, ვიდრე გავლენის სფერო. თუმცა, სანამ არსებობდა წინააღმდეგობის კერა ზვიად გამსახურდიასა და მისი თანამებრძოლების სახით, გამარჯვებული მილიტარისტული წრეების წარმომადგენლები აშკარა დაპირისპირებისგან თავს იკავებდნენ. მაგრამ საკმარისი იყო გამსახურდიას მომხრეებს შეიარაღებული წინააღმდეგობა შეეწყვიტათ, რომ იარაღისა და ძალაუფლების მოყვარული ადამიანები სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს: ეროვნული გვარდია -"მხედრიონს", სამხედრო პოლიცია - ჩვეულებრივ პოლიციას, საბურთალოს საძმო - ვაკის საძმოს, თავდაცვის სამინისტრო - უშიშროების სამინისტროს და ასე დაუსრულებლად. ამ ბრძოლის შედეგი სავალალოა: ასობით მოკლული ადამიანი, ათასობით გაუბედურებული ოჯახი. ხოლო ვინც სხვა ქვეყნებში გაქცევით უშველა თავს, დიდ ხნის შემდეგ უკან დაბრუნებული, ასევე ვერ ასცდა ვენდეტას.

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამეურნეო-ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ ლევან ტაბაღუას მკვლელობის შემთხვევაში ძალზე ძნელია პირდაპირ ანალოგზე საუბარი. მით უფრო, რომ გამოძიებას ჯერჯერობით ხელთ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია საიმისოდ, რომ ანგარიშსწორების ვერსიაზე ილაპარაკოს. თავის მხრივ, უაღრესად უწყინარ და პატიოსან ადამიანად ახასიათებენ თანამშრომლები ეროვნული გვარდიის წარმომადგენელ მაიორ მიხეილ კერესელიძეს, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ ჩამოსცილდა სამხედრო სფეროს და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ეროვნულ გვარდიაში საგანგებო სპეცფონდების სამსახურის უფროსად. მაგრამ მკვლელობის მოტივი რაღაც საქმიანი ურთიერთობები და ფულთან დაკავშირებული ისტორია რომ გახდა, ეს თბილისის პოლიციის უფროსმა ლევან მაისურაძემაც დაადასტურა.

[ლევან მაისურაძის ხმა] "ნუ, ეს თანხები და კონკრეტული ციფრები...ამას, ალბათ, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ იქ გარკვეული ფინანსური კონფლიქტი წარმოიშვა მათ შორის, რაც დგინდება ამ ეტაპზე გამოძიებით, რის შემდეგაც მან მოკლა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რამდენიმე გასროლით."

მაგრამ ფულთან დაკავშირებული რა საქმიანი ურთიერთობები შეიძლება ჰქონოდათ სხვადასხვა უწყებებში პასუხისმგებელ თანამდებობებზე მომუშავე ოფიცრებს? საერთოდ, რამდენად გათავისუფლდნენ ოფიცერთა კადრები სამოქალაქო ომისდროინდელი იმ მემკვიდრეობისგან, როცა სამხედრო სამსახური ითვლებოდა არა მოწოდებად, არამედ ყველაზე საუკეთესო საშუალებად, უნიფორმის ქვეშ დაგემალა შენი კრიმინალური წარსული, ნამდვილი სახე და მიგეღო ინდულგენცია შემდგომში ჩასადენ ცოდვათა გამო? მიუხედავად ამისა, განვლილმა დრომ სამხედრო უწყებას ბევრი ოდიოზური ფიგურა ჩამოაშორა, თაობათა ცვლა მაღალ თანამდებობებზე ჯერ კიდევ მტკივნეულად მიმდინარეობს. სტატისტიკა მოწმობს, რომ უკლებლივ ყველა სამხედრო უწყებაში ფინანსური და სამეურნეო სფეროს სადავეები სწორედ იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში საკუთარ სამსახურებრივ მდგომარეობას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდნენ. ისტორია პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასი, რომელიც ამ მანკიერი სისტემის მხილების გამო სასტიკად დაისაჯა, მოწმობს, რომ "ძველი ტიკები" ძალიან მყარად სხედან თავიანთ ადგილებზე. და თუ მოხდა სასწაული და მათ რომელიმე უწყებაში კარი გამოუხურეს, მათ წინაშე სხვა სისტემაში უთუოდ ახალი კარი გაიღება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა, რომელმაც პრესკონფერენციაზე თავი აარიდა შეკითხვას, თუ რატომ ინიშნებიან კრიმინალური წარსულის მქონე პირები სხვადასხვა ძალოვან უწყებებში, მშვენივრად იცის, რომ ერთ-ერთი უწყება, სადაც ეს რეინტეგრაცია წარმატებით ხდება, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროა. იგივე შეიძლება ითქვას ამჟამად ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში მყოფ თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეზე, რომლის მინისტრობის დროს კურიოზული ფაქტი მოხდა: მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ და იმ მოადგილის ხელქვეითი სამმართველოს უფროსმა პირდაპირ დუელი მოაწყვეს საქართველოს პრეზიდენტის სვლაგეზზე იმის გამო, რომ ერთმანეთში წილი ვერ გაიყვეს.
ვიმეორებთ: მაიორ მიხეილ კერესელიძის მიერ მისი კოლეგის მკვლელობის ფაქტი, შესაძლოა, მართლაც, კერძო შემთხვევად განგვეხილა. მაგრამ, დიდი ანგარიშით, ორივე ადამიანი მსხვერპლია, მსხვერპლი ურთიერთობათა იმ მანკიერი სისტემისა, რომელიც კარგა ხანია შიგნიდან ანგრევს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას და ადამიანებში დაუსჯელობის გრძნობას აძლიერებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG