Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პირობებს უყენებს რუსეთს საქართველოს ხელისუფლება


კვირას სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია.

უშიშროების საბჭოს წევრების შეკრება რამდენიმე საათს გაგრძელდა და იმ პირობების შემუშავებით დასრულდა, რომლებითაც საქართველოს მხარე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა არაოფიციალურ სამიტზე გამოვა. მოკლედ, რუსეთის სამშვიდობო ძალების აფხაზეთში დარჩენის საკითხი, როგორც ყოველთვის, თანამეგობრობის ლიდერთა შეკრებაზე და შევარდნაძისა და პუტინის მორიგ შეხევედრაზე უნდა გადაწყდეს.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს 3 პირობას უყენებს:
უსაფრთხოების ზონის მდინარე ღალიძგამდე გაფართოება, სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის გაუქმება და აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების დარიგების შეწყვეტა. – აფხაზეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კოლექტიური ძალების სახელით მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ჯარისთვის მანდატის გაგრძელების საკითხი ამ სამი პირობის დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა არაოფიციალურ სამიტზე წარსადგენ მოთხოვნებს ლამის ულტიმატუმის სახე მისცა.
უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე კატეგორიული ტონით აცხადებს, რომ თუ რუსეთი საქართველოს პირობებს არ მიიღებს, სამშვიდობო ძალებს მანდატი არ გაუგრძელდება და საქართველო სამშვიდობო ძალების აფხაზეთიდან გასაყვანად საჭირო ზომებს მიიღებს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე შემუშავებული პირობები რუსეთის მხარეს პირადად ედუარდ შევარდნაძემ უნდა წაუყენოს. ამდენად, კიევში გამგზავრების წინ ის პუტინთან შეხვედრის სამზადისში იყო და ამიტომ ვერც ტრადიციული რადიოინტერვიუსთვის მოიცალა და ვერც ბრიფინგისთვის. რას მოიტანს ეს გაცხარებული სამზადისი, სულ მალე გაირკვევა.
ედუარდ შევარდნაძეს ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრა კავკასიური ოთხეულის შეხვედრის ფარგლებშიც მოუწევს. შევარდნაძის გარემოცვაში ფიქრობენ, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შეხმატკბილებულ ატმოსფეროში არ წარიმართება და რომ რუსეთის მხარე საქართველოს პირობებს სიხარულით არ შეხვდება. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსკოვში ყოფნისას სამშვიდობო ძალთა მოქმედების არეალის გაფართოებასთან დაკავშირებით გარკვეული დაპირება მიიღო, შესაძლებელია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა არაოფიციალური სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები საქართველოს მხარისათვის გარკვეული კომპრომისული დაპირებების მიცემით დასრულდეს. მით უფრო, რომ თანამეგობრობის ლიდერთა არაფორმალური სამიტი არაფერს არ წყვეტს და გადაწყვეტილებების მიღება ოფოციალური სამიტის პრეროგატივაა.

უსაფრთხოების ზონის მდინარე ღალიძგამდე გაფართოებას საქართველო დიდი ხანია ითხოვს. ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით კი რუსეთის მხარემ პირველად გამოხატა თანამშრომლობის სურვილი. ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის მხარე მზად არის ამ საკითხზე სამუშაოდ. თუ პუტინიც იმასვე იტყვის და საქართველოს პრეზიდენტს სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის შეჩერებასა და აფხაზეთში რუსეთის პასპორტების გავრეცლების აღკვეთასაც შეჰპირდება, ედუარდ შევარდნაძე რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებას დათანხმდება და ამით, არსებითად, არც არაფერი შეიცვლება. აფხაზეთის პრობლემის თაობაზე რაიმეს შეცვლის სერიოზული მოლოდინი არც გაეროს უშიშროების საბჭოს 31 იანვრის სხდომას უკავშირდება. ეს არის, რომ ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ბოდენის ცნობილ დოკუმენტზე უნდა გაკეთდეს. ამ დოკუმენტის ირგვლივ ედუარდ შევარდნაძემ და ვლადიმირ პუტინმაც უნდა იმსჯელონ. ამდენად, საინტერესოა, მიიღებს თუ არა პრეზიდენტი იმის დაპირებასაც, რომ რუსეთი ვეტოს უფლებით არ ისარგებლებს, თუ მხარეები დაავალდებულეს უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ მოლაპარაკება დაიწყონ.
XS
SM
MD
LG