Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად არის მოსალოდნელი ჩეჩნეთის პრობლემის მიზეზით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამწვავება


რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე გაზაფხულისთვის მოსალოდნელ გართულებებზე რუსეთშიც საუბრობენ და საქართველოშიც. თოვლის დადნობის შემდეგ ჩეჩენი მებრძოლების სამხრეთისკენ,

ანუ საქართველოს ტერიტორიისკენ, მობრუნებას რუსი მესაზღვრეებიც ელიან და ქართველებიც. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს უშიშროების მინისტრმაც და საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამაც რუსეთის მხარეს მოუწოდეს დაკეტოს რუსეთ-საქართველოს საზღვარი.
რამდენად მზად არის საქართველო ჩეჩენი მებრძოლების საქართველოში მობრუნების აღსაკვეთად?


რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე შექმნილი სტაბილურობა ბუნების წყალობაა და არა ქართველი და რუსი მესაზღვრეების დამსახურება. ის საცალფეხო გადმოსასვლელები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა შეიძლება, თოვლითაა დაფარული და მათი გამოყენება ამჟამად შეუძლებელია. გაზაფხულზე ეს დამცავი მექანიზმი აღარ იარსებებს. ამდენად, გაზაფხულზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე გართულებებს ელიან და, სხვათა შორის, არამარტო დათბობის მიზეზით. რუსეთში არჩევნების მოახლოების პარალელურად, ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო ოპერაციების გააქტიურებაა მოსალოდნელი და დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთის მიმართულებით მოვლენების ძველი სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ ჩემი აზრით, მოხდება შეტევა ჩეჩნების გამოდევნით სამხრეთ საზღვრისაკენ. აპრილის ბოლოდე - შესაძლოა, მაისის შუა რიცხვებამდე -გადმოსასვლელები ჩაკეტილი იქნება. აი, მერე როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია, რადგან, კონტროლის თვალსაზრისით, დიდი მიღწევები არ გვექნება. სასაზღვრო ჯარებს კი გაუზარდეს დაფინანსება, მაგრამ ის ახალი საგუშაგოების გახსნისთვის საკმარისი არ იქნება. საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკევთი სულ 81-82 კილომეტრია და აქ საკმაოდ ბევრი გადმოსასვლელია.“

პანკისის პრობლემა მარტო ამ, ფაქტობრივად, უკონტროლო საცალფეხო გადმოსასვლელების მიზეზით არ შექმნილა. თავად საქართველოს უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნებმა დაასახელეს მარშრუტები, რომლებსაც ჩეჩენი მებრძოლები, და არამარტო ისინი, პანკისში მოსახვედრად იყენებდნენ. ესენია : ინგუშეთიდან - კერძოდ, ჯეირახის ხეობიდან - ხევსურეთისკენ გადმოსასვლელი, გზა ჩეჩნეთიდან პანკისის ხეობისკენ, აზერბაიჯანისა და დაღესტნის ტერიტორიების გავლით.
პანკისის ხეობაში მოხვედრა შეიძლებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან, ალაზნის ხეობის გავლით და ბელაქანი- ლაგოდეხი- გურჯაანი- თელავი- ახმეტა- პანკისის მიმართულებით. ზუსტად რომელი მარშრუტით შემოვიდა საქართველოში გელაევის რაზმი, დღემდე ბუნდოვანია, თუმცა ეჭვს არ იწვევს, რომ ამ რაზმის მოძრაობის მარშრუტი საქართველოს ძალოვანი უწყებების მაშინდელი ხელმძღვანელობისთვის უცნობი არ უნდა ყოფილიყო. არსებობს სრულიად საფუძვლიანი ვერსია, რომ ჩეჩენი მებრძოლების თავისუფალ მოძრაობას საქართველოს ტერიტორიაზე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ხელის მოთბობისთვის იყენებდნენ. ირაკლი ალადაშვილის აზრით, თუ პანკისის ხეობისკენ ჩეჩენი მებრძოლების მობრუნება განმეორდა, სულერთია, უკონტროლობის მიზეზით თუ სხვა მოტივით, რუსეთის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება და, რადგან საქართველომ აღიარა, რომ პანკისში საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირებიც იმყოფებოდენენ, არ არის გამორიცხული, დასავლეთის რეაქციაც მკაცრი გახდეს.

საქართევლო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი საქართველოს მხრიდან შეძლებისამებრ კონტროლდება. საჰაერო მონიტორინგს იქ ეუთოს მისია ახორციელებს, მაგრამ 24 საათის მანძილზე ამის კეთება შეუძლებელია. აღნიშნავენ, რომ კონტროლის გაძლიერებისთვის დაზვერვის ელექტრონული მექანიზმების ფართოდ გამოყენება გამოდგება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად მაინც ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება რჩება, რუსეთი კი ამაზე იმდენად წავა, რამდენადაც ეს მის ინტერესებს შეესაბამება.
XS
SM
MD
LG