Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის კომიტეტი სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მოწესრიგებას ცდილობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საგადასახადო შემოსავლების ზრდის მიზნით, პარლამენტის საგადასახადო შემოსავლების კომიტეტი ახალი ინიციატივით გამოდის და აქამდე ”ჩრდილში” მყოფი რამდენიმე სახის საქმიანობისათვის

საგადასახადო ცვლილებების მიღებას ითხოვს. ცვლილებები, ძირითადად, სათამაშო და სატრანსპოტრო ბიზნესს უნდა შეეხოს.

საგადასახადო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე დავით სალარიძე ახალი ინიციატივით გამოდის და ტრანსპორტისა და სათამაშო ბიზნესში არსებული ფისკალური განუკითხაობის აღმოფხვრას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით აპირებს.

სალარიძის პროექტი ითვალისწინებს ლატარიების დაბეგვრის შეცვლას. კერძოდ, შემოთავაზებულია ამ ტიპის ბიზნესის ტირაჟის მიხედვით ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრა ან რეალიზებული ბილეთების მიხედვით მოსაკრებლების ამოღება. ამჟამად საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ლატარიის საპრიზო ფონდი, ცვლილებათა პაკეტი ამ 20 პროცენტიანი გადასახადის საერთოდ გაუქმებას ითვალისწინებს.

კომიტეტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლის განმავლობაში გამართული 200-მდე ლატარიიდან შემოსავლებმა, ამ ცვლილებების გათვალისწინებით, 20 მილიონი, ხოლო საბიუჯეტო შენატანებმა 6 მილიონი ლარი უნდა შეადგინოს. დამოუკიდებელი ექსპერტები ამ მოცულობას გადაჭარბებულად მიიჩნევენ, თუმცა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მოწესრიგების აუცილებლობაში ეჭვი არ შეაქვთ.

საგადასახადო ცვლილებები უნდა შეეხოს ტოტალიზატორებსაც. ამჟამად ამ სფეროდან საბიუჯეტო შემოსავლები წლის განმავლობაში, დაახლოებით, 16 ათას ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როდესაც მარტო თბილისში რამდენიმე ასეული ტოტალიზატორი ფუნქციონირებს, 16 ათასი ლარი კი ზოგიერთ შემთხვევაში მათი ერთი კვირის მოგებაა. ამ მხრივ, სირთულეს წარმოადგენდა ტოტალიზატორების დაბეგვრის წესის დადგენა, რაც კანონმდებლობით არც თუ მკაფიოდ არის გამოკვეთილი.

ამ ვაკუუმის შესავსებად საგადასახადო შემოსავლების კომიტეტი ორ ვარიანტს გვთავაზობს. აქედან ერთი ითვალისწინებს ტოტალიზატორის დაბეგვრას თითოეულ სალაროზე 2-დან 4 ათას ლარამდე. კომიტეტში ვარაუდობენ, რომ ამ ფიქსირებული გადასახადით სახელმწიფო ბიუჯეტი 2,5 მლნ. ლარით გამდიდრდება.

ტოტალიზატორების დაბეგვრის მეორე ვარიანტი თითოეული გაყიდული ბილეთიდან გადასახადს გულისხმობს.

ტოტალიზატორების და, საერთოდ, სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკმაოდ რთული თემაა, თუმცა გამოცდილება ამ სფეროში არსებობს და, ალბათ, ჩვენი საგადასახადო პოლიტიკაც ამ გამოცდილების ოპტიმიზაციის მიმართულებით უნდა წავიდეს.

საგადასახადო ცვლილებები უნდა შეეხოს სათამაშო ავტომატებსა და კაზინოებსაც. პროექტი ითვალისწინებს ავტომატებზე 50-დან 200 ლარამდე, ხოლო სათამაშო მაგიდებზე 5-დან 10 ათას ლარამდე ფიქსირებულ გადასახადს. ანუ ამ შემთხვევაში გადასახადი გაიზრდება.

საგადასახადო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ამ ცვლილების განხილვის და მიღების მომხრეა, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ფინანსთა სამინისტროში, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ბიუჯეტის ირგვლივ მიდის მსჯელობა.
XS
SM
MD
LG