Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი პატარკაციშვილი: "ჩვენ ქართულ სპორტს უნდა დავეხმაროთ"


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წლევანდელი

პირველი აღმასკომის სხდომა, ადრინდელი სხდომებისგან განსხვავებით, არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა, ერთი გარემოება რომ არა: აღმასკომის სხდომას პირველად დაესწრო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც ამ პოსტზე შარშან ზაფხულში აირჩიეს. მე ვესწრებოდი აღმასკომის ამ სხდომას და ვესაუბრე ბადრი პატარკაციშვილს.

ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: საქართველოს სპორტსმენთა მიერ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული 101 მედლიდან 41 მედალი მოჭიდავეთა ანგარიშზე მოდის. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებიდან ჩამოტანილი მედლების უმრავლესობა ასევე მოჭიდავეებს ეკუთვნით. ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედლებიც ჩვენმა ფალავნებმა მოიპოვეს. მრავალი სხვა მაგალითითაც დასტურდება, რომ სწორედ ჭიდაობა გახლავთ ყველაზე წარმატებული სახეობა ქართული სპორტისა, რომელსაც გაისად, ათენის ოლიმპიური თამაშების სახით, ოთხწლეულის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება მოელის. აქამდე ქართველებმა დამოუკიდებელი გუნდით ორ თამაშში იასპარეზეს, მაგრამ ჩემპიონი ვერავინ გახდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი ბეგი დარჩია ირწმუნება, რომ ჩემპიონი ათენში გვეყოლება და ის უთუოდ მოჭიდავე იქნება. მწვრთნელის ამგვარი ოპტიმიზმი მოიწონეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრებმა, რომლებმაც მორიგი სხდომის უმთავრესი ნაწილი სწორედ მოჭიდავეთა საოლიმპიადო სამზადისს მიუძღვნეს. ბეგი დარჩიასთან ერთად, აღმასკომის წინაშე ინფორმაციებით წარდგნენ თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა თურმანიძე და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი. ამგვარი სხდომები კვარტალში ერთხელ იმართება და, როგორც მწვრთნელები აცხადებენ, აქ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად განაპირობებს პრობლემების მოგვარებას. უმთავრესი პრობლემა, როგორც ყოველთვის, ფინანსებია, თუმცა ოლიმპიური ფონდის დაფუძნების შემდეგ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. სხვათა შორის, ფონდის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირველად გამოჩნდა აღმასკომის სხდომაზე. ცნობილი ბიზნესმენი ჟურნალისტებთან შეხვედრებსაც გაურბის და ინტერვიუს იშვიათად იძლევა, თუმცა რადიო "თავისუფლებისთვის" უარი არ უთქვამს.
(ბადრი პატარკაციშვილის ხმა): "ალბათ, ყოველთვის უპრიანია ილაპარაკო მას შემდეგ, რაც საქმე გაკეთებულია ან დაიწყო და უკვე ხედავ პერსპექტივას, რომ ის წესიერად და კარგად კეთდება და დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ გადადგმული ნაბიჯები სწორია, რომ ფონდის თანხები სწორად იხარჯება, რომ ჩვენი ოლიმპიელები კარგად გრძნობენ თავს მორალურად და ფსიქოლოგიურად, ეკონომიურად. ისიც კი ითქვა, რომ ასეთი ხელფასები კოსმონავტებსაც არა აქვთო და მე ძალიან გამიხარდა ეს. მიმაჩნია, რომ დიდი მიღწევები გვაქვს ახლა ჭიდაობის ფედერაციაში; ალბათ, სხვა ფედერაციებიც აიღებენ ამისგან მაგალითს და ასევე წინ წავლენ. ამიტომ მე დღეს ძალიან მოხარული ვარ. რომ იტყვიან, ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ქართული სპორტი ისევ მიდის აღმავლობისკენ. ეს ძალიან გამიხარდა. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქართულ სპორტს."

ერთ-ერთ წინა გადაცემაში უკვე გესაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ფონდი წლეულს სპორტის ოლიმპიური სახეობების განვითარებისთვის მილიონ 300 ათას ლარს გაიღებს. ასევე გარკვეულია, რომ ამ თანხის 75 პროცენტი, ანუ, დაახლოებით, მილიონი ლარი მოხმარდება სპეციალურ პროგრამას "ათენი - 2004". ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამიზნულია მწვრთნელ-სპორტსმენთა ხელფასების, სამეცნიერო და სამედიცინო უზრუნველყოფისა და სხვა აუცილებელი ხარჯების დაფინანსებისთვის. როგორც ბადრი პატარკაციშვილი აცხადებს, თანხის განაწილებისას გადამწყვეტია სპეციალისტთა რეკომენდაციები და წარმოდგენილი არგუმენტები.
(ბადრი პატარკაციშვილის ხმა): "რადგან მე დილეტანტი ვარ ამაში და არ ვთვლი თავს პროფესიონალად, ჩემი პოზიციაა, ყურადღებით მოვუსმინო ყველა წამოყენებულ საკითხს და შემდეგ ხელი შევუწყო სწორად მიღებულ გადაწყვეტილებას. აქ ისეთი პროფესიონალი ხელმძღვანელობს ფონდის მუშაობას, არეგულირებს მას, როგორიც ბატონი ემზარ ზენაიშვილია. ის იმდენად სწორად უკეთებს სტრუქტურირებას თითოეულ თემას, რომ ჩვენ შემდეგ გვრჩება მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება და სხვა არაფერი, რადგან ყველა ის საჭირო მასალა, რომელიც გადაწყვეტილებისთვისაა საჭირო, წარმოდგენილია ხოლმე.
ძალიან ადვილია გაარჩიო კარგი ცუდისგან, როდესაც გაქვს სოციოლოგიური გამოკითხვა, როდესაც გაქვს პრიორიტეტები, როდესაც შენ მინუსსა და პლუსს ერთნაირად უყურებ და ამის შემდეგ, ვიცით კარგი რა არის და ცუდი რა არის. ამიტომ ძალიან ადვილია ჩვენთვის გადაწყვეტილების მიღება".
როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია მწვრთნელ-სპეციალისტთა უმრავლესობა. ბეგი დარჩიას, ზაზა თურმანიძეს და სხვებს სამადლობელი სიტყვები არ დაუშურებიათ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი კი ჩვენს ოლიმპიურ პერსპექტივას, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ოლიმპიური ფონდის არსებობას უკავშირებს. თავად პატარკაციშვილი ფონდის დანიშნულებას ასე განმარტავს:
(ბადრი პატარკაციშვილის ხმა) "მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც საქართველოშია, ეს არის ის, რომ ჩვენმა ხალხმა იმედი დაკარგა. ადრე, თუ გახსოვთ, იყო ძალიან ლამაზი სიმღერა, სადაც ამბიცია, კარგი ამბიცია იყო ლამაზად გამოხატული: რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო. ამ ბოლო დროს კი ამ სიმღერას უკვე ისე აღარ მღერიან - ეს არ იყო პირადული ამბიცია, ეს იყო ქვეყნის სიყვარულით გამოკვეთილი სიტყვები. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ სპორტის განვითარება, კულტურის განვითარება, ეს ის სფეროებია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას და პოლიტიკურ სტაბილურობას სერიოზულად შეუწყობს ხელს და ამიტომ მიმაჩნია, რომ ფონდი აქ ერთ-ერთ სერიოზულ როლს ითამაშებს".
XS
SM
MD
LG