Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი დედოფალი ბადენ-ბადენში


იყო დრო, როცა სამხრეთ გერმანიაში,

შვარცვალდის ტყის პირას გადაშლილ პატარა საკურორტო ქალაქში მეფეები და ჰერცოგები, პოლიტიკოსები და ფილოსოფოსები, მთელს ევროპაში აღიარებული მწერლები და მუსიკოსები სტუმრობდნენ - იქ, ბადენ-ბადენში ისვენებდნენ შვეციის მეფე გუსტავ მეოთხე და ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია, გერმანიის კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი და ფილოსოფოსი ფრიდრიჰ ნიცშე, კომპოზიტორები ფელიქს მენდელსონ-ბარტოლდი, ფერენც ლისტი, ნიკოლა პაგანინი, მწერლები ლუდვიგ ტიკი, ივან ტურგენევი, ფიოდორ დოსტოევსკი. ცნობილ პიროვნებათა მემუარებსა თუ მხატვრულ ნაწარმოებებში უკვდავყოფილი ქალაქი დღემდე მიეკუთვნება მსოფლიოში ყველაზე კეთილმოწყობილ და პრესტიჟულ კურორტებს, თუმცა დემოკრატიულ ევროპაში იქ, რასაკვირველია, არა მარტო ელიტა ისვენებს. რამდენიმე დღის წინ კი ბადენ-ბადენმა ისევ უმასპინძლა სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს: იქ შაბათს, 8 თებერვალს, გერმანიის მასმედიის პრემიით დაჯილდოვდა ორი გვირგვინოსანი - შვეციის დედოფალი სილვია და იორდანიის დედოფალი რანია.

"დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში, დედოფალი სილვია და დედოფალი რანია განასახიერებენ ახალი ტიპის გაბედულ ქალს, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვე ეპოქას და აღარ სჯერდება მონარქიაში ქალისთვის განკუთვნილ ტრადიციულ როლსო", - ასე ასაბუთებს თავის წლევანდელ არჩევანს გერმანიის მასმედიის პრემიის ჟიური. ის აერთიანებს ქვეყნის საინფორმაციო საშუალებების მთავარ რედაქტორებს, რომლებიც 1991 წლიდან ირჩევენ "საზოგადოებაში, მას-მედიასა და პოლიტიკაში შეტანილი წვლილით გამორჩეულ" პიროვნებებს. გასულ წლებში ლაურეატებს შორის იყვნენ გერმანიის ყოფილი და ამჟამინდელი კანცლერები, ჰელმუტ კოლი და გერჰარდ შრიოდერი, საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-ის, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტები - ფრანსუა მიტერანი,ბორის ელცინი, ბილ კლინტონი, ნელსონ მანდელა. როგორც ეს მაგალითებიც ადასტურებს, აქამდე პრემია მუდამ მამაკაცებს ენიჭებოდა - წლეულს ქალი, უფრო ზუსტად ქალები, პირველად გახდნენ მისი ლაურეატები.

გერმანიაში განსაკუთრებით დედოფალი სილვია უყვართ, რაც, ალბათ, სავსებით ბუნებრივად უნდა ჩავთვალოთ: შვეციის მეფე გუსტავ ადოლფის მეუღლე ხომ გერმანელია... ის 1943 წელს ქალაქ ჰაიდელბერგში დაიბადა და 1972 წელს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლამაზმანად იქცა, როცა ბულვარულ პრესაში გაჟონა მითქმა-მოთქმამ მიუნხენის ოლიმპიადის დღეებში სილვია ზომერლატისა და შვეციის უფლისწულის სასიყვარულო რომანის დაწყების შესახებ.

მას შემდეგ ბულვარულ პრესას აღარასოდეს დავიწყებია სილვია, 1976 წლიდან შვეციის მონარქის მეუღლე. თუმცა ეს, ე.წ. "ყვითელი" ჟურნალ-გაზეთების პროფილიდან გამომდინარე, ბუნებრივი ინტერესია: მათი მკითხველი ხომ ყველაზე მეტად ელიტის და მის რიგებში სამეფო ოჯახის წევრთა ცხოვრების, საქმიანობისა თუ ჩაცმა-მოკაზმულობის დეტალებს ეტრფის. აი, შვეციის დედოფლის პირად დამსახურებად კი ის უნდა ჩაითვალოს, რომ მან სერიოზული პრესის ყურადღებაც მიიპყრო დაუღალავი საქველმოქმედო მოღვაწეობით - სილვია 62 ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, სტუმრობს ხანდაზმულთა სახლებსა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, უსახლკაროთა თავშესაფრებსა და საავადმყოფოებში. ყველაზე დიდი მონდომებით კი შვეციასა თუ უცხოეთში ბავშვთა უფლებების დაცვას ემსახურება - 1997 წელს შვეციის დედოფალმა დააარსა "ბავშვობის მსოფლიო ფონდი", რომლის საქმიანობას ასე განმარტავს: [შვეციის დედოფლის ხმა] "ჩვენ ფულს ვაგროვებთ მსხვილი ფირმების, საწარმოებისაგან, რომლებიც უცხოეთში საქმიანობენ, მათი მეშვეობით ვცდილობთ, დავეხმაროთ ბავშვებს. ანუ, შევარჩევთ ხოლმე პროექტებს, ადამიანებს, ვინც ადგილზე მუშაობს და მსხვილ ორგანიზაციებს ვთხოვთ, დაეხმარონ იმათ, ვისაც შეუძლია საქმის გაკეთება, მაგრამ სათანადო სახსრები არ გააჩნია".

როგორც გერმანიის მასმედიის პრემიის დამაარსებელმა კარლჰაინც კიოგელმა ბადენ-ბადენში გამართულ ცერემონიაზე აღნიშნა, დედოფალი სილვია და დედოფალი რანია "გამორჩეული სტატუსითა და გავლენით სარგებლობენ მილიონების მოსაგროვებლად, რათა ეს ფული თავიანთ მიერვე დაარსებული ჰუმანიტარული ორგანიზაციების მეშვეობით მოახმარონ მოშიმშილე ბავშვებსა და გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს".

მართლაც, ბავშვების უფლებების დაცვას თავის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიიჩნევს იორდანიის დედოფლიც - აი, რას ამბობს ის 1995 წელს დააარსებული ფონდის საქმიანობაზე: [იორდანიის დედოფლის ხმა] "ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბავშვებისადმი ძალადობის აღკვეთა. ჩვენი ინიციატივით ბევრი რჩება გაკვირვებული - ყველა ქვეყანაში პირველი რეაქცია ასეთია: "ბავშვებისადმი ძალადობა? ასეთი რამ ჩვენში არ ხდება!" ასე რომ, პრობლემას უარყოფენ. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ბავშვებისადმი ძალადობის პრობლემა არსებობს ყველა საზოგადოებაში, რაც უნდა პროგრესული იყოს ის. არჩევანი უნდა გააკეთო: ან ამ პრობლემის მოგვარებას მოინდომებ, ან კიდევ მასზე თვალს დახუჭავ. ჩვენ გადავწყვიტეთ, მისი მოგვარება ვცადოთ".

თუმცა, დედოფალ რანიას საზოგადოებრივი მოღვაწეობის პრიორიტეტად მაინც ქალთა უფლებების დაცვა ითვლება. 1970 წელს ქუვეითში, პალესტინელი ექიმის ოჯახში დაბადებული რანია ორგანიზაცია "არაბ ქალთა სამიტის" თავმჯდომარეა და მონაწილეობს თითქმის ყველა წარმომადგენლობით თავყრილობაში, რომლის თემა ქალთა მდგომარეობას უკავშირდება. ასე მაგალითად, ბადენ-ბადენში გამართულ ცერემონიამდე ერთი კვირით ადრე იორდანიის დედოფალი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე სახელწოდებით "ქალები და განათლება", რომლითაც არაბ ქალთა დღე აღინიშნა, ხოლო შარშან ნოემბერში მან გააცნო არაბულ სამყაროს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში თემაზე "ქალები და ომი". მართალია, ფუნდამენტალისტი მუსლიმანები მას "რადიკალ ფემინისტად მიიჩნევენ", რაც უმკაცრესი კრიტიკის ტოლფასია, მაგრამ, ზოგადად, დედოფალ რანიას არ უჭირს ადამიანების გულის მოგება. ისე, ძნელია, კეთილად არ განეწყო მშვენიერი, მუდამ თავაზიანი ახალგაზრდა ქალისადმი, რომელიც გონიერი ადამიანის შთაბეჭდილებას სტოვებს და თავის გამორჩეულ პოზიციას სუსტებისა თუ უფლებაშელახულების დასახმარებლად იყენებს.

მოკლედ, დედოფალი რანია და დედოფალი სილვია თავიანთი ავტორიტეტითა თუ პოპულარობით, შესაძლოა, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ლედი დაიანას ვერ შეედრებოდნენ, მაგრამ მათ უფრო შეეფერება შედარება, რომელიც არც თუ იშვიათად მოჰყავდათ ბრიტანელი უფლისწულის მეუღლეზე საუბრისას: საყოველთაოდ ცნობილი ზღაპრის გმირთან, კონკიასთან შედარებას ვგულისხმობთ. ლედი დაიანასაგან განსხვავებით, დედოფალი რანია და დედოფალი სილვია დიდგვაროვან ოჯახებში დაბადებული არ არიან. თუმცა, ისევ უიღბლო დაიანასაგან განსხვავებით, მათი, თანამედროვე კონკიების ზღაპარი ჯერ-ჯერობით კეთილად გრძელდება...
XS
SM
MD
LG