Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს დღევანდელზე უფრო სერიოზული კრიზისებიც ახსოვს


ჩრდილოატლანტიკური კავშირი დაბნეულია, ვერ გადაუწყვეტია, როგორ იმოქმედოს ერაყის კრიზისის მოსაგვარებლად. სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები, რომ კრიზისში ახლა უკვე თავად ნატო აღმოჩნდა.

მეტიც: თუ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს დავუჯერებთ, საფრთხე ემუქრება თვით ალიანსის მომავალს.

არავინ დავობს: კარგა ხანია, ნატო ესოდენ რთული პრობლემის წინაშე არ მდგარა. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატოს 54-წლიან ისტორიაში ეს კრიზისი პირველი არ გახლავთ.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ათასობით მოქალაქე სამშვიდობო დემონსტრაციებს აწყობს. ცხარე დებატებს იწვევს ნატოს გეგმა ჯარებისა და იარაღის განთავსების შესახებ. ზოგიერთი ეჭვქვეშ აყენებს ჩრდილოატლანტიკური კავშირის მიმართ გერმანიის ერთგულებას; ხოლო აშშ-ის პრეზიდენტს ევროპის დედაქალაქებში მკვახედ მოლაპარაკე ყეყეჩად რაცხავენ.

ალბათ დამეთანხმებით, ეს ყველაფერი დღევანდელი ვითარების აღსაწერადაც სავსებით გამოგვადგებოდა. მაგრამ ზუსტად იმავე წარმატებით შეიძლება ამ სიტყვების გამოყენება 80-იანი წლების დამდეგს შექმნილი სიტუაციის დასახასიათებლადაც. თუ დღეს ევროპელთა პროტესტი ერაყთან ომის წინააღმდეგ არის მიმართული, მაშინ ისინი "ძველ კონტენენტზე" "პერშინგ-2"-ის ტიპის რაკეტების განთავსების გეგმას აპროტესტებდნენ; თუ მაშინ ევროპელების უკმაყოფილებას რონალდ რეიგანის უაპელაციო განცხადებები იწვევდა, დღეს ანალოგიურ გრძნობებს ბადებს ჯორჯ ბუშის არცთუ დიპლომატიური ენა.

მოკლედ, ნატოში ამჟამად შექმნილი კრიზისი არათუ არ შეიძლება, გამონაკლისად ჩაითვალოს, არამედ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა.

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ტრანსატლანტიკური კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ინგო პეტერსი იხსენებს ცივი ომის პერიოდს, კერძოდ 80-იან წლებს, როცა ევროპაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ნატოს განზრახვამ, კონტიტენტის აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა "ეს-ეს-20"-ის ტიპის რაკეტების განთავსებაზე პასუხად ბრიტანეთში, იტალიაში და, ძირითადად, დასავლეთ გერმანიაში განეთავსებინა თავისი "პერშინგები". პეტერსის თქმით, [ინგო პეტერსის ხმა] "იმ დროს გერმანიაში ძალა მოიკრიბა სამშვიდობო მოძრაობამ, საზოგადოება ამ მხრივ უაღრესად მობილიზებული იყო, მაგრამ მთავრობა მაინც მიჰყვებოდა ნატოში დადგენილ საერთო გეზს. ანუ მთავრობა, ერთი მხრივ, სიფრთხილეს იჩენდა, მეორე მხრივ კი ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებებს ემორჩილებოდა. ამიტომ მთავრობას საკმაოდ შეზღუდული ჰქონდა მოქმედების არე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები მას თავისუფლებას უზღუდავდა."

ინგო პეტერსი დასძენს, რომ გერმანიის საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში რაკეტების საკითხის გამო წარმოშობილი განხეთქილება, საბოლოო ანგარიშით, თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა მაშინდელ კანცლერს, სოციალ-დემოკრატ ჰელმუტ შმიტს, ხოლო მისმა მემკვიდრემ, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა ჰელმუტ კოლმა გადაჭრით დაუჭირა მხარი მის ქვეყანაში რაკეტების განთავსებას და ამით, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, ნატოს სერიოზული განხეთქილების საფრთხე ააცილა თავიდან.

კიდევ უფრო სერიოზული შიდა კრიზისის წინაშე იდგა ალიანსი თავისი არსებობის პირველ წლებში, როცა საფრანგეთმა გადაწყვიტა, გამოჰყოფოდა ნატოს ერთიან სამხედრო სტრუქტურას. ამ ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს შარლ დე გოლს არ მოსწონდა, რომ ნატო სულ უფრო მეტად ექცეოდა შეერთებული შტატების გავლენის ქვეშ, რაც, იმავე დე გოლის აზრით, ზღუდავდა ალიანსის დანარჩენ წევრთა დამოუკიდებლობას. პრეზიდენტმა ჯერ იმას მიაღწია, რომ საფრანგეთის ტერიტორიიდან გატანილ იქნა ნატოს ბირთვული იარაღი; შემდეგ პარიზმა ალიანსიდან გაიყვანა თავისი საზღვაო ძალები; ბოლოს კი, 1966 წელს, ნატოს ერთიანი სამხედრო სარდლობაც დატოვა.

და მაინც, საფრანგეთი ალიანსის პოლიტიკურ წევრად დარჩა და არც ნატოს დაუკარგავს ერთიანი ორგანიზაციის სახე. აი, რა უთხრა ამასთან დაკავშირებით რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს კეთლინ ნოქსს საფრანგეთის სტრატეგიული კვლევის ფონდის თანამშრომელმა ბრუნო ტეტრემ:

[ბრუნო ტერტრეს ხმა] "ალიანსის შექმნის დღიდან, ანუ 1949 წლიდან მოყოლებული, ვერ გავიხსენებ ვერც ერთ კრიზისს, რომელსაც კავშირი დაშლის პირას მიეყვანოს. საერთოდ, ყველას გვახასიათებს სწრაფვა ამგვარი კრიზისების მნიშვნელობის გაზვიადებისკენ, რადგან მოკლებული ვართ უნარს, საკითხი ისტორიულ განზომილებაში განვიხილოთ. ალიანსი არასოდეს დაუტოვებია მის რომელიმე წევრს; რაც თავი მახსოვს, არავის დაუყენებია ეჭვქვეშ თვით ამ კავშირის არსებობის მიზანშეწონილობა."

თუ ფრანგი ექსპერტის ამ სიტყვებს ვირწმუნებთ, უნდა დავასკვნათ, რომ ნატოზე ნეკროლოგების წერა ნაადრევია.

ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ინგლისური ტექსტი იხ. შემდეგ მისამართზე:
www.nato.int/docu/basictxt/treaty.htm
XS
SM
MD
LG