Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰანს ბლიქსის საკვანძო მნიშვნელობის გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოში


გასული დღეების მანძილზე ერაყის კრიზისზე მსჯელობისას გამუდმებით მოიხსენიებდნენ ერთ თარიღს - 14ტ თებერვალს, როცა გაეროს უშიშროების საბჭოში ჰანს ბლიქსის გამოსვლას ნათელი უნდა მოეფინა იმისათვის,

თუ როგორ ასრულებს ერაყი უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, როგორ თანამშრომლობს გაეროს განიარაღების ექპერტებთან, რომელთაც სწორედ ბლიქსი ხელმძღვანელობს. და აი, 14 თებერვალი დადგა და უშიშროების საბჭოში უკვე გაიმართა ჰანს ბლიქსის გამოსვლა...

საქმე, ფაქტობრივად, ომსა და მშვიდობას შორის არჩევანს ეხება: ჰანს ბლიქსის, აგრეთვე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, მოჰამედ ელბარადეის გამოსვლაზე, როგორც ვარაუდობენ, დიდწილად არის დამოკიდებული უშიშროების საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ პოზიციას მიემხრობა ეს ორგანო: აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებას მორიგი რეზოლუციის მიღებისაკენ, რათა სადამ ჰუსეინის რეჟიმს განიარაღება აიძულონ, თუ ზოგიერთი სხვა ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთისა და რუსეთის მოწოდებას, გაგრძელდეს ერაყში განიარაღების ექსპერტების მისია, რათა ერაყის განიარაღება სამხედრო ძალის გარეშე მოხერხდეს.

თუ უშიშროების საბჭოში ბლიქსისა და ელბარადეის მოხსენებების მთავარ დებულებებს გავითვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 14 თებერვალს გამყარდა იმათი პოზიცია, ვისაც იმედი აქვს, რომ ერაყის კრიზისი გაეროს ინსპექციების მეშვეობით, ანუ მშვიდობიანი გზით მოგვარდება. საქმე ის არის, რომ როგორც ელბარადეიმ, ისე ბლიქსმა დაადასტურეს, რომ მასობრივი განადგურების იარაღისათვის ერაყში ჯერ არ მიუკვლევიათ.

[ელბარადეის ხმა] "ერაყში აკრძალული ბირთვული პროგრამების, ან მათთან დაკავშირებული საქმიანობის დამადასტურებელი სამხილები ჯერ-ჯერობით არ აღმოგვიჩენია. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმე საკითხის გამოძიება არ დაგვიმთავრებია და მათ შესახებ დასკვნას ჯერ ვერ გამოვიტანთ." ეს იყო ნაწყვეტი ელბარადეის გამოსვლიდან. ახლა კი იმავე თემაზე ბლიქსს მოვუსმინოთ: ჰანს [ბლიქსის ხმა] "რა დარჩა, თუ საერთოდ დარჩა, ერაყში მასობრივი განადგურების იარაღიდან, ან ასევე აკრძალული აღჭურვილობიდან თუ პროგრამებიდან? გაეროს განიარაღების ექსპერტებს ჯერ არ აღმოუჩენიათ ასეთი იარაღი. გამონაკლისია მხოლოდ მცირე რაოდენობის ბირთვული ქობინები, რომლებიც ერაყს თავის დეკლარაციაში უნდა შეეტანა და გაენადგურებინა. სხვა საკითხია (რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს), რომ ერაყის დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი აკრძალული იარაღისა და აღჭურვილობის დიდი ნაწილის შესახებ".

ინფორმაციის არ-არსებობა იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია ერაყის სამხედრო არსენალში წინათ შემავალ 100 ტონა საბრძოლო ნივთიერებასა თუ ბიოლოგიურ იარაღს, ბლიქსის მიერ ერაყთან თანამშრომლობის დღესდღეობით მთავარ პრობლემად დასახელდა. ბაღდადის კრიტიკის საგანია იყო აგრეთვე მის ხელთ არსებული რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს, ანუ დაშვებულ ზომას აღემატება. თუმცა, როგორც ბლიქსმა დამაიმედებლად დასძინა, ერაყის განიარაღება მოკლე დროშია შესაძლებელი, თუ ეს ქვეყანა ნაყოფიერად ითანამშრომლებს განიარაღების ექსპერტებთან.

მაგრამ საქმეც ამაშია - მოინდომებს ბაღდადის მმართველი რეჟიმი გაეროსთან ასეთ თანამშრომლობას? როგორც ბლიქსისა და ელ-ბარადეის მოხსენებების შემდეგ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა გამოსვლებმა ცხადჰყო, მათ ძალიან აეჭვებთ ერაყის განიარაღებისათვის მზადყოფნა. საფრანგეთის, ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი დამაიმედებლად მიიჩნიეს განიარაღების ინსპექტორების მუშაობის შედეგები და კიდევ ერთხელ მიემხრენენ მათი მისიის გაგრძელებას.

ასე რომ, გაეროს უშიშროების საბჭომ ერაყის კრიზისის მოგვარების თაობაზე ვერც 14 თებერვალს მიაღწია ერთსულოვნებას. დანარჩენს მომდევნო დღეებში შევიტყობთ.
XS
SM
MD
LG